იოსებ ხოძკო
იოსებ ხოძკო | |
---|---|
იოსებ ხოძკო | |
დაბადების თარიღი |
6 დეკემბერი, 1800 კრივიჩი, ლიტვის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
21 თებერვალი, 1881 თბილისი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
ეროვნება | პოლონელი |
პროფესია | გეოდეზია |
ცნობილია როგორც | კავკასიის ტრიანგულაციის ფუძემდებელი |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
იოსებ ხოძკო, იუზეფ ხოჯკო (პოლ. Józef Chodźko; დ. 6 დეკემბერი, 1800, კრივიჩი, ლიტვის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 21 თებერვალი, 1881, თბილისი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით პოლონელი გეოდეზისტი და კავკასიის ტრიანგულაციის ფუძემდებელი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი გეოდეზიის, ასტრონომიისა და ფიზიკური გეოგრაფიის დარგში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1800 წლის 6 დეკემბერს კრივიჩში. სრულიად ახალგაზრდა ჯერ კიდევ 16 წლის იოსებ ხოძკო ცნობილი ასტრონომისა და გეოდეზისტის, პოლკოვნიკ კარლ ტენერის (1783-1860) მიერ ვილნოს გუბერნიის ტრიანგულაციისათვის ორგანიზებულ პირველ გეოდეზიურ აზომვებში მონაწილეობდა. 1830-იანი წლების დასაწყისამდე იოსებ ხოძკო კ. ტერნერის თანაშემწე იყო ვილნოს, მინსკისა და კურლანდიის გუბერნიების გეოდეზიური და ასტრონომიული განსაზღვრებების მერიდიანის რკალის გრადუსული გაზომვების ჩატარებაში.
მისი მრავალი ექსპედიციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დერპტის ობსერვატორიის იმდროინდელი დირექტორის, აკადემიკოს ფრიდრიხ გეორგ ვილჰელმ სტრუვეს ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციები. მისი ხელმძღვანელობით 1816-1855 წლებში ჩატარებული ტრიანგულაციური აზომვის შედეგები საფუძველად დაედო ეგრეთ წოდებულ სტრუვეს გეოდეზიურ რკალს. ეს დედამიწის მერიდიანის, საკმაოდ დიდი, ათი ქვეყნის (ნორვეგიიდან შავ ზღვამდე) მომცველი ფრაგმენტის 2820 კილომეტრის ზუსტი ტოპოგრაფიული მონაცემებია, რომელიც საფუძვლად დაედო დედამიწის ზუსტი ზომებისა და ფორმის დადგენას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებისა და ტოპოგრაფიული რუკების შედგენისათვის.
1847-1853 წლამდე იოსებ ხოძკო კავკასიის ტრიანგულაციის პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა და თავის ჯგუფთან ერთად, კავკასიის ტრიანგულაციის საველე სამუშაოებს ატარებდა კავკასიონის შიშველ კლდეებსა თუ თოვლიან მწვერვალებზე. კავკასიის ტრიანგულაციის პროექტის ნაწილი იყო იოსებ ხოძკოს მიერ 1850 წელს დიდ არარატზე, მისი სიმაღლის დასადგენად და ასაგეგმად მოწყობილი ექსპედიციაც, რომელშიც არნოლდ მორიციც მონაწილეობდა.
არარატის მთაზე ექსპედიციის კულმინაცია 22 აგვისტოს მისი წევრების მიერ მწვერვალზე დიდი ჯვრის აღმართვა-დამაგრება იყო, რომელზეც ეწერა:
„1850 года 6/18 августа в благополучное царствование Императора Николая I, при Кавказском Наместнике Князе Воронцове, вошли на Арарат Начальник триангуляции Полклвник Ходзко, Н.В. Ханыков, П.Н. Александров, Ар.Ф. Мориц, П.к. Услар. П.И. Шароян и 60 нижних чинов.[1]“
|
1850 წელს 6 აგვისტოს იოსებ ხოძკო ფერმწერ ფეოდორ ბაიკოვთან ერთად პატარა არარატის მთაზეც ავიდა, რომლის დროსაც მხატვარმა დიდი არარატის ფერწერული ტილო შექმნა.
1853 წელს იოსებ ხოძკომ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. 1854 წელს კავკასიაში სატრიანგულაციო აზომვითი სამუშაოები დაასრულა; განსაზღვრულ იქნა 1386 პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობა და ზღვის დონიდან სიმაღლე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კავკასიის ზუსტი აგეგმვა და საზღვრების დატანაც.
1858 წელს იოსებ ხოძკომ დიდ არარატზე კიდევ ერთი ექსპედიცია მოაწყო, რომლის მიზანიც მხოლოდ გეოდეზიური სამუშაოები იყო. ამავე წელსვე ხოძკო კავკასიის არმიის მთავარი შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების, 1860 წლიდან კი ჩრდილოეთ კავკასიის უფროსად დაინიშნა, რომლის დროსაც ურთულეს საველე პირობებში მთიანი დაღესტანი და მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლა. 1864 წლიდან კი დასავლეთ კავკასიონის მთები დაიპყრო. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული საველე სამუშაოების დასრულებამ ხოძკოს საშუალება მისცა კავკასიისა და რუსეთის საკმაოდ დიდი ტერიტორიის ტრიანგულაციის ერთიანი სურათი მიეღო. შემდგომში მის ნაშრომს დაეყრდნო კავკასიის კარტოგრაფიაც.
1868 წელს მიენიჭა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კონსტანტინეს დიდი მედალი. გარდაიცვალა თბილისში 1881 წლის 21 თებერვალს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანია მ., თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია - ისტორია და არქიტექტურა, თბილისი, 2010, ISBN 978-9941-0-2174-9.
- Стебницкий И., Генерал Лейтенант Иосиф Иванович Ходзько - 1800-1881, Тифлис: Кавказскй календарь на 1882 г., 1881. — გვ. 57-65.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ И.И. Ходзко, О восхождении на вершину Большого Арарата в 1850 году. Тифлис, Типография Главнаго Управления Наместника Кавказскаго.