ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაუნა

ფაუნა (ლათ. fauna – ტყეებისა და ველების ქალღმერთი; ცხოველთა ჯოგების მფარველი) — ცხოველთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე. წარმოშობის მხრივ, ფაუნა ერთიან და ერთგვაროვან სისტემას არ წარმოადგენს.

ისტორიული განვითარების პროცესში იგი ყალიბდება სხვადასხვა წარმოშობის ცხოველთა ჯგუფებისაგან — ფაუნისტური კომპლექსებისაგან. თითოეულ ფაუნაში არჩევენ ე.წ. აბორიგენბს ანუ ცხოველებს, რომლებიც განვითარდნენ ადგილზე, და იმიგრანტებს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე სხვა ადგილებიდან გადმოსახლდნენ.

ფაუნისტური კომპლექსების წარმოშობის დადგენა რთული ამოცანაა, ხშირად შეუძლებელიც. განარჩევენ ტუნდრის, ტაიგის, ნემორალურ, ტყის, ველის, ნახევრად უდაბნოს, უდაბნოს, პანთროპულ და სხვა ფაუნისტურ კომპლექსებს. ამა თუ იმ ფაუნის შემცველი კომპლექსების რაოდენობა სხვადასხვაა. მაგ.: ველის ზონის ფაუნას ქმნიან საკუთრივ ველის, კოსმოპოლიტურ სახეობათა სხვა ფაუნებში გაბატონებული კომპლექსების წარმომადგენლები.

უსურიის მხარის ფრინველების ფაუნაში შესაძლოა გაირჩეს აღმოსავლეთ ციმბირის ტაიგის, შორეული აღმოსავლეთის ფართოფოთლოვან ტყეებთან დაკავშირებულ სახეობათა, სამხრეთ ჩინეთის, ინდომალაიური, ზღვის სანაპირო ფორმების კომპლექსები. ამას გარდა აქ ბინადრობენ რელიქტური მესამეული სახეობები და გამყინვარების დროის რელიქტები.

ტერმინი ფაუნა იხმარება ასევე ცხოველთა ცალკეული სისტემატიკური ჯგუფების მიმართ (მაგ.; ორნითოფაუნა — ფრინველთა ფაუნა; ენტომოფაუნა — მწერების ფაუნა და ა.შ.), ან კიდევ დედამიწის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ცხოველთა სამყაროს აღსანიშნავად. ლაპარაკობენ აგრეთვე ნიადაგის, სარეწაო ცხოველთა ფაუნის სხვ. შესახებაც. ფაუნის შემადგენლობის, ისტორიული განვითარებისა და ჩამოყალიბების შესწავლა ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]