შინაარსზე გადასვლა

ფლორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია დედამიწის მცენარეულ საფარს ეხება. ფლორის სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ფლორა.
ფლორა

ფლორა (გვიანდ. ლათ. flora < ლათ. flora – ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) — გარკვეული ტერიტორიის — ქვეყნის, ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.

სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.[1][2]

ტერმინის წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი პირველად იხმარა მიხალ ბოიმმა (პოლ. Michał Piotr Boym; 1614–1659) — ნაშრომში „Flora Sinensis“, რომელიც გამოიცა ქალაქ ვენაში 1656 წელს.[3] მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნაშრომში „ლაპლანდიის ფლორა“. მსოფლიო ფლორის კომპენდიუმი შეადგინა დევიდ ფროდინმა.

გამოიყოფა ფლორის რამდენიმე ტიპიფიკაცია:

  1. ალგოფლორა — წყალმცენარეების ფლორა
  2. ბრიოფლორა — ხავსების ფლორა
  3. დენდროფლორა — მერქნიანი მცენარეების ფლორა
  4. ლიქენოფლორა — ლიქენების ფლორა
  5. მიკოფლორა — სოკოების ფლორა
  6. მიქსოფლორა — მიქსომიცეტების ფლორა

მცენარეთა სახეობების ერთობლიობას, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე გვხვდება — ფლორა ეწოდება. ფლორაში არ იგულისხმება ადამიანის მიერ მოშენებული კულტურული სახეობებისა და ჯიშების, სათბურის, ოთახის, გაზონების, ბოტანიკური ბაღების, მწვანე ნარგაობების მცენარეთა ერთობლიობა.

გზადმოყოლილი ან ადამიანის მიერ მოშინაურებული და გავრცელებული მცენარეები, რომლებიც ადგილობრივ ფლორას შეერწყნენ, განიხილება როგორც ბუნებრივი ფლორის შემადგენელი ნაწილი. ზოგჯერ ძნელი დასადგენია მცენარე აბორიგენულია თუ გზადმოყოლილი.

ჩვეულებრივ „ფლორის“ ცნება შედარებით უფრო ვიწროა და უმაღლეს მცენარეთა ერთობლიობას გულისხმობს, კონკრეტულად, ფლორა გვიმრანაირი და თესლოვანი მცენარეების ერთობლიობაა (უმაღლესი მცენარეების ერთობლიობა ხავსნაირების გამოკლებით). ზოგჯერ, შესატყვისი ეპიტეთებით ეწოდება — „უმაღლეს მცენარეთა ფლორა“, „ჭურჭლიან მცენარეთა ფლორა“. ამრიგად „ფლორაში“ არ იგულისხმება ხავსების, წყალმცენარეების, ლიქენების, სოკოების და სხვათა მონაწილეობა. უმდაბლეს მცენარეებში „ფლორა“ ცალკეული ჯგუფების მიხედვით განიხილება. სახელდობრ, „ხავსების ფლორა“ (ბრიოფლორა), „ლიქენოფლორა“ და სხვ.

„ფლორის“ ასეთი ცნება იმით აიხსნება, რომ ბოტანიკის განვითარების ადრეულ ეტაპზე ბოტანიკოსები ძირითადად უმაღლეს მცენარეებს შეისწავლიდნენ. ასეთი მიდგომა, შესაძლებელია გამართლებულია იმით, რომ უმაღლეს მცენარეებს თანამედროვე პირობებში დედამიწაზე გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს. გარდა ამისა უმაღლეს მცენარეთა გეოგრაფიული გავრცელებაც უფრო მეტადაა შესწავლილი.

„ფლორის“ ცნება გამოიყენება ნებისმიერი გეოგრაფიულად განსაზღვრული ადგილის სახეობათა ერთობლიობისათვის. მაგალითად — თბილისის მიდამოების ფლორა, ბზიფის ქედის ფლორა, ახალციხის ქვაბულის ფლორა და ა. შ.

ფლორა შეიძლება შესწავლილი იქნას ცალკეული კონტინენტის, არქიპელაგის, კუნძულის, ქედების, ხეობის, მთის მასივის, მწვერვალების და ა. შ, ქვეყნის, რაიონის, ბოტანიკურ-გეოგრაფიული ერთეულის (მაგ. ოლქის, პროვინციის) ადმინისტრაციული ნაწილის მიხედვით და ა. შ.

სახეობების თანაარსებობის ერთ-ერთი ფორმაა მათი დაკავშირება გარკვეულ ადგილსამყოფელთან — ჰაბიტატთან. სახეობის ადგილსამყოფელი — მცენარის ეკოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული თავშესაფარია, გავრცელებისა და არსებობის გარემოა. აქ სახეობებს შორის მყარდება მჭიდრო ურთიერთობა. მათი ინდივიდები ქმნიან მცენარეულ თანასაზოგადოებას ანუ ფიტოცენოზს — მცენარეულობას. ფიტოცენოზი ანუ მცენარეული თანასაზოგადოებაა — ტყე, მდელო, ჭაობი, სავანა და სხვ. ფიტოცენოზებს შეისწავლის ბოტანიკის დარგი — ფიტოცენოლოგია. დედამიწაზე მცენარეული თანასაზოგადოების გავრცელების კანონზომიერებებს შეისწავლის ბოტანიკის დარგი — ფიტოგეოგრაფია.

საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. ძალიან ღარიბია მონაცემები პალეოგენში საქართველოს ადგილას არსებული იაფეტიდის და ტეთისის სხვა კუნძულების მცენარეულობის შესახებ. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა. რელიეფისა და მცენარეული საფრის ცვლილება ბოლო ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძალიან რთულად მიმდინარეობდა. საქართველოში გვხვდება 4200-დან 4500-მდე უმაღლესი მცენარეთა სახეობა, რომელთაგან 380 საქართველოს ენდემია (9%). აქედან 600 (14,2%) სახეობა კავკასიის ენდემებს განეკუთვნება.[4]

ენდემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

  1. ლოკალური ენდემები;
  2. შედარებით ფართოდ გავრცელებული სახეობები.

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია მცენარეთა 150-ზე მეტი სახეობა. საქართველოს ბუნებრივი ფლორის ინვენტარიზაცია ასახულია კაპიტალურ 16-ტომიან გამოცემაში „საქართველოს ფლორა“ (1971–2011). საქართველოში შესწავლილია რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არაგვის ხეობის, მესხეთის, თრიალეთის, კახეთის, აჭარის, აფხაზეთის ფლორა, მათი სისტემატიკური სტრუქტურა, ბოტანიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი; ჩატარდა ფლორის ანალიზი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
დიდი დანიური ენციკლოპედია · დიდი რუსული ენციკლოპედია · Banglapedia · Enciclopèdia.cat · Encyclopædia Iranica · HLS · Larousse · Merriam-Webster · SNL · USGS · Башкирская · БРЭ · БСЭ1 · ЭСБЕ · МЭСБЕ
საქართველოს ფლორა
ტომი I · ტომი II · ტომი III · ტომი IV · ტომი V · ტომი VI · ტომი VII · ტომი VIII · ტომი IX · ტომი X · ტომი XI · ტომი XII · ტომი XIII[მკვდარი ბმული] · ტომი XIV · ტომი XV · ტომი XVI