კარსტი
კარსტი — ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში (კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი) მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად. კარსტული ლანდშაფტი მსოფლიოში ფართოდაა განვითარებული. კარსტული პროცესების გავრცელების გეოსფეროს კარსტოსფერო ეწოდება.
კარსტულ პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ქანების ქიმიურ ხსნადობას. კარბონატული ქანები იხსნება თავისუფალი ნახშირორჟანგის ან სხვა მინერალური და ორგანული მჟავების ზეგავლენით (CaCO3 + H2O + CO2 « Ca+ 2HCO–3). ქანების გახსნასთან ერთად ხდება მათი მექანიკური გადარეცხვა და წარმოიქმნება კარსტის ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების კომპლექსი, როგორებიცაა: კარები, ძაბრები, აბაზანები, ქვაბულები, ბრმა ხეობები, პოლიები, ჭები, შახტები, უფსკრულები და სხვა. კარსტული პროცესების შედეგად ხშირად ჩნდება ოვალური ფორმის ქვაბულები, რომელიც წყლით ივსება. იქმნება კარსტული ტბები. კარსტული ტბების კარგ მაგალითს გვაძლევს ცისფერი ტბა, ერწოს ტბა და სხვა.
კარსტვად ქანებში, განსაკუთრებით ნაპრალების გასწვრივ, ყალიბდება მიწისქვეშა სიცარიელეები, მღვიმეები. მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემაა მამონტის მღვიმე, უღრმესი მღვიმეა — ვერიოვკინის მღვიმე.
ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების კომპლექსი სრულად არის წარმოდგენილი შიშველ კარსტში, სადაც კარსტვადი ქანების ზედაპირი გაშიშვლებულია. თუ კარსტვადი ქანები დაფარულია ნიადაგითა და კორდით, გვექნება კორდიანი კარსტი; თუ ზედაპირს უხსნადი ფხვიერი ნაფენები ფარავს — დაფარული კარსტი, თუ ზედაპირი კლდოვანი წარმონაქმნებითაა დაფარული — ჯავშნიანი კარსტი, თუ ხსნადი ქანები ღრმად არის განლაგებული არაკარსტვადი ქანების ქვეშ — დამარხული კარსტი.
კარსტული მხარე ღარიბია ზედაპირული წყლის ნაკადებით, რადგან მდინარეები და ნაკადულები მიწისქვეშ იკარგება.
სახელწოდება „კარსტი“ მომდინარეობს კარსტის პლატოდან, რომელიც სლოვენიის დასავლეთით მდებარეობს. სლოვენია კარსტის კლასიკური ქვეყანაა, კარგად გამოხატული უხვი კარსტული ფორმებით.
კარსტულ მოვლენებს გარეგნულად წააგავს ფსევდოკარსტული მოვლენები: თერმოკარსტი, რომელიც ვითარდება ყინულსა და მზრალ გრუნტებში და კლასტოკარსტი, რომელიც წარმოიქმნება ნატეხი ქანების შეცემენტებელი სნადი კომპონენტების ეროზიისა და გახსნის შედეგად. თიხის კარსტი ჩნდება ფხვიერ მერგელიან, დამლაშებულ ქვიშიან-თიხნარ ქანებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 416.
- Гвоздецкий Н. А., Карст, 2 изд., М., 1954;
- Максимович Г. А., Основы карстоведения, т. 1—2, Пермь, 1963—69;
- Соколов Д. С., Основные условия развития карста, М., 1962;
- Карст и его народнохозяйственное значение. Сб. ст., М., 1964;
- Типы карста в СССР. [Сб. ст.], М., 1965;
- Рычагов Г. И. Общая геоморфология. — М., 2006.