შინაარსზე გადასვლა

გარეული ღორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარეული ღორი

გარეული ღორი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sus scrofa (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41775

გარეული ღორი, ეშვი, ტახი (ლათ. Sus scrofa) — არამცოხნელი ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში (მათ შორის ჩინეთის, კორეის, იაპონიის, დიდი ზონდის კუნძულების და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ტერიტორიები), ასევე კავკასიაში. ევროპული გარეული ღორები ჩრდილოეთ ამერიკაში სანადირო ობიექტებად იქნა შეყვანილი, რის შემდეგაც მოხდა მათი ველურ ბუნებაში გავრცელება. სამხრეთ ამერიკაში გარეული ღორები, სავარაუდოდ, პირველად არგენტინასა და ურუგვაიში დაახლოებით მე-20 საუკუნეში გამრავლების მიზნით შეიყვანეს.[1][2][3][4][5]

ზოგადი მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახის (მამალი ღორი) სხეულის სიგრძე 170–180 სმ-მდეა, სიმაღლე მინდაოში — 110–130 სმ-მდე, მასა 50–300 კგ-ს აღწევს. ქუბი (დედალი ღორი) უფრო პატარაა, მურა-ჟანგისფერი. სხეული დაფარული აქვს უხეში ჯაგრით, რომლის ქვეშ რბილი და თბილი თივთიკია. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია, მას ეჯვარება და იძლევა ნაყოფიერ თაობას.

გარეული ღორის ტიპობრივ საბინადროს წარმოადგენს ტყეები, ჭალები, ბუჩქნარები, მაყვლის ბარდები, ჩალიანები. როგორც წესი ეტანება მიუვალ და გაუვალ ადგილებს.

გარეული ღორი კოლტების სახით ცხოვრობს, რომლებშიც გაერთიანებულია რამდენიმე ნეზვი თავიანთი ნაშიერებითურთ. ტახი ჩვეულებრივ განმარტოებით ბინადრობს და ნეზვებთან მხოლოდ ხურაობის დროს გაერევა ხოლმე. ამ დროს ერთ ტახთან სამი-ოთხი ნეზვი იყრის თავს. ასეთ კოლტებში ინდივიდთა რაოდენობა 15–20-მდე აღწევს ხოლმე, ლიტერატურაში ცნობილია ისეთი კოლტები, რომლებშიც ასამდე ღორი ყოფილა გაერთიანებული.

საკვებს გარეული ღორი არ არჩევს: იგი ყველაფრისმჭამელი ცხოველია. იკვებება როგორც მცენარეულობით, ისე ცხოველებით. ჭამს მცენარეთა ნაყოფს, ხილს, კენკრას, რკოს, წიწიბოს, წაბლს, კაკალს, თხილს, აგრეთვე მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებსა და სხვა სახეობის უხერხემლო ცხოველებს, ზოგჯერ მიწაზე კრუხად მჯდომ ფრინველებს, მათ კვერცხებსა და მართვეებს, თაგვისებრ მღრღნელებს, იშვიათად ბაჭიებსაც, ზოგჯერ გველებსა და ხვლიკებსაც. რიგ ადგილებში გარეული ღორი მნიშვნელოვნად აზიანებს ბრინჯის, ფეტვისა და სიმინდის ყანებს, ზოგან თხილის ბაღებს და სხვ.

მრავლდება გარეული ღორი წელიწადში ერთხელ. ხურაობა მიმდინარეობს ნოემბერ-იანვარში. მაკეობა გრძელდება 110–140 დღემდე. შობს 2–10 გოჭს, იშვიათად მეტს. დაკვირვებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ნეზვები უფრო მცირე რაოდენობის გოჭებს შობენ, ვიდრე ხანდაზმულები. გოჭს პირველი თვეების განმავლობაში სხეულზე გასწვრივი ნათელი ზოლები ემჩნევა, რომლებიც მის ზრდასთან ერთად ქრება. ახალ შობილი გოჭები პირველი 7–8 დღის განმავლობაში, სანამ რამდენადმე მოღონიერდებიან და მარჯვედ სიარულს შესძლებენ, ბუნაგში რჩებიან. გოჭები სწრაფად იზრდებიან. 8–9 თვის ბურვაკის წონა საშუალოდ 40 კილოგრამამდე აღწევს. ტახი სქესობრივად მწიფდება 15–18 თვის ასაკში, ხოლო სრულ ზრდას ამთავრებს 4 წლისა. ნეზვი სქესობრივად მწიფდება რამდენადმე უფრო ადრე, ვიდრე ტახი.

გავრცელება საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლური გარეული ღორი (Sus scrofa attila).[კომ. 1] მისთვის დამახასიათებელია მკვრივკუნთოვანი სხეული, მძლავრი და შედარებით მოკლე ფეხები, კისერი მოკლე და ძლიერ გამსხვილებული. თავი წაგრძელებული ფორმისა აქვს და ქმნის დინგს. ეს უკანასკნელი მთავრდება ხრტილოვანი წარმონაქმნით — ნიკველით, რომელზედაც იხსნება ნესტოები. საქართველოში გავრცელებული გარეული ღორის საერთო სიგრძე 160–205 სანტიმეტრამდეა, აქედან კუდი 20–30 სანტიმეტრია; სიმაღლე ნიდაოში 80–120 სანტიმეტრამდე აღწევს, წონა — 100–120 კილოგრამამდე. ლიტერატურაში ცნობილია ეგზემპლარები, რომელთა წონა 270–400 კილოგრამი ყოფილა. სადღეისოდ ასეთი გიგანტები საქართველოში აღარ გვხვდება. ნეზვის ზომა-წონა ტახთან შედარებით ბევრად ნაკლებია. გარეულ ღორს, განსაკუთრებით კი ტახს, ძლიერ აქვს განვითარებული ეშვები, რომლებიც მისი თავდაცვის ძირითადი იარაღია. ეშვები ღორს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება და შესაბამისად უცვდება. მეტწილად გარეული ღორის შეფერადება ერთგვაროვანია — მოშავო, შავი, ან მურა-მოშავო, ზოგი ეგზემპლარი მურა-მორუხოა. მისი შეფერადება მნიშვნელოვნად იცვლება სეზონურად.

საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ლანდშაფტების მნიშვნელოვნად შეცვლისა და ნადირობის შედეგად მრავალ ადგილას მოსპობილია. იგი გვხვდება კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების ტყეებში, განსაკუთრებით კი ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სავარგულებში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, გარდაბნის მახლობელ მტკვრისპირა ჭალებში, ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობელ ტყის პატარა კორომში, არაგვის ხეობაში, აგრეთვე თემისა და ძამას ხეობებში (კასპის მუნიციპალიტეტი), ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. მცირე რაოდენობით ბინადრობს იგი გურია-აჭარის ქედის ტყეებში და სხვ.

საქართველოში მობინადრე სანადირო-სარეწაო ჩლიქოსნებს შორის გარეულ ღორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გამოიყენება მისი ხორცი, ცხიმი, ტყავი და ჯაგარი. საყურადღებოა, რომ გარეული ღორი ანადგურებს მრავალ მავნე მწერსა და მათ მატლებს, რითაც სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს. მაგალითად, ცნობილია, რომ ეს ცხოველი მაისის ხოჭოს რაოდენობას 30–40%-ით ამცირებს. ასევე ითქმის ზოგიერთი სხვა სახეობის მავნე მწერის შესახებაც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქართულ ენაზე ღორს ნაირგვარი სახელი გააჩნია: მამალ ღორს ჰქვია ტახი, ეშვი; დედალს — ნეზვი, ქუბი; ნორჩ ნაშიერს — გოჭი, ცოტა უფრო მოზრდილს (სამი თვიდან ერთ წლამდე) — ბურვაკი, ნაზარდა, თელი; სასუქად შენახულს — ქოსმენი; დაუკოდავ ღორს — კერატი, კერეტი.