შინაარსზე გადასვლა

მტკვარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მტკვარი
თურქ. Kura, აზერ. Kür

მტკვარი თბილისში
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ქალაქები არტაანი, ბორჯომი, გორი, თბილისი, რუსთავი, საბირაბადი და ა.შ.
მარჯვენა შენაკადები არაქსი, ხრამი, ტერტერი
მარცხენა შენაკადები ალაზანი, იორი, ლიახვი
სათავე მცირე კავკასიონი
40°50′01″ ჩ. გ. 42°49′12″ ა. გ. / 40.83361° ჩ. გ. 42.82000° ა. გ. / 40.83361; 42.82000
სათავის მდებარეობა თურქეთი
სათავის სიმაღლე 2742 მ
შესართავი კასპიის ზღვა
39°17′11″ ჩ. გ. 49°25′40″ ა. გ. / 39.28639° ჩ. გ. 49.42778° ა. გ. / 39.28639; 49.42778
შესართავის მდებარეობა აზერბაიჯანი
შესართავის სიმაღლე - 26.5 მ
სიგრძე 1515 კმ
აუზის ფართობი 188 000 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 443 მ³/წმ

მტკვრის აუზი
მტკვარი — კავკასია
მტკვარი
მტკვარი
— სათავე, — შესართავი
მტკვარი ვიკისაწყობში

მტკვარი (თურქ. Kura, აზერ. Kür) — ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ[1], აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.

მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.

ვიკიციტატა
„აღაშენა კვიროსმან მახლობელ მდინარისა მტკვრისა ქალაქი ჩინებული და უწოდა სახელითა თვისითა კირაპოლი. ესე ქალაქი მდგომარე იყო კიდესა ზედა მდინარისა მტკვრისასა, არა დია შორს მის ადგილისაგან, რომელსა აწ უწოდებენ ქოინა-შამახიასა. იტყვიან ვიეთნიმე, რეცა მდინარესა მტკვარსა უწოდა მან სახელილითა თვისითა კირო მდინარე, რომლისაგამო აწ სპარსნი, თურქნი და ევროპიელნი, ვითარცა რუსნიცა უმეტესნი უწოდებენ მას ქურად, მაგრამ ყოველნი ერნი ზემოისაცა და ქვემოისაცა ივერილენი, ესე იგი სრულიად ქართლოსიანთანი, უწოდებენ მდინარესა უძველესისა სახელითა თვისითა მტკვრად, ვინაიდგან უწინარეს კიროსისაცა ეწოდა მტკვარი მრავალთასა უკუნითგან პირველ“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 107)

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის, ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის ღრმა კანიონში მიედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა).

სოფელ ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარის ორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევ ვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუბრმას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული.

სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან, მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე).

თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითაა შემოსილი. ჭალაში მრავალი ნარიონალია.

მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა საქართველოს ფარგლებს გარეთ — კიროვაბადის ვაკეზეც. ქალაქ მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. ქ. მინგეჩაურის ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირში სუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება.

წყალდიდობისაგან დასაცავად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. ქ. სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ².

მტკვრის მარჯვენა შენაკადებია: ფარავანი (სიგრძე 74 კმ), ბორჯომულა (სიგრძე 29 კმ), გუჯარეთისწყალი (სიგრძე 43 კმ), ძამა (სიგრძე 42 კმ), ტანა (სიგრძე 39 კმ), თეძამი (სიგრძე 51 კმ), ალგეთი (სიგრძე 108 კმ), ქცია-ხრამი (სიგრძე 201 კმ), აღსთაფა (სიგრძე 121 კმ), თოუზჩაი, განჯაჩაი (სიგრძე 99 კმ), ტერტერი (სიგრძე 184 კმ), ხაჩინჩაი, არაქსი (სიგრძე 1072 კმ); მარცხენა: ფოცხოვისწყალი შენაკად ქვაბლიანით (სიგრძე 64 კმ), ლიახვი (სიგრძე 115 კმ), ქსანი (სიგრძე 84 კმ), არაგვი (სიგრძე 112 კმ), იორი (სიგრძე 320 კმ) და ალაზანი (სიგრძე 390 კმ);

მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით მტკვარს შერთვის ასევე თურიანჩაი და გოქჩაი.

გეოლოგთა გამოკვლევით მდინარე მტკვარი მიოპლიოცენში, ე. ი. 10-15 მლნ წლის წინათ, ახალქალაქის ვაკიდან წალკას მიუყვებოდა და იალღუჯასჯან ზღვის უბეს ერთვოდა. ეს იყო ძველი მტკვარი. კავკასიონიდან ჩამომავალი მდინარეები კი ცივ-გომბორის ქედის ზოლს მიუყვებოდა; შემდეგში მოხდა დანაოჭება, წარმოიშვა კახეთის ქედი, რის გამოც მდინარეს გზა გადაეკეტა. მუხრან-საგურამოს აწინდელი ტაფობიც დანაოჭებული მიოპლიოცენური ნალექებით ამოივსო. მდინარე ახლა მცხეთიდან სამხრეთისაკენ, თრიალეთის ქედის გავლით მიედინებოდა. მაგრამ დაახლოებით ამავე პერიოდში სამხრეთ საქართველოში მოხდა ვულკანიზმი, რითაც ლავების ზედაპირებმა უზარმაზარი ფართობები დაფარა, ხეობები ამოივსო და მტკვარმა და მისმა შენაკადებმა წარმოშვა ტბები (ჯავახეთის ტბები). ამან საბოლოოდ დაუკეტა მტკვარს ხეობა და მტკვარმა ახალი გზა იპოვნა ახალციხის ტაფობისაკენ. მაგრამ იმ დროს თანამედროვე მტკვრის სისტემა ჯვრის მონასტერზე მაღლა მიედინებოდა, ჯერ განედურად ქარსნისხევიდან და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მტკვრის კალაპოტი 625 მეტრით უფრო მაღლა იყო. შემდეგ მდინარე უფო ღრმად ჩაიჭრა და უფრო სამხრეთით გადაიწია. მიყვებოდა ჯერ თანამედროვე თბილისის დეპრესიას და მახათას, შემდეგ ლოტკინის გორა ავლაბრის ტერასა გამოკვეთა და ასე თანდათან მიიღო თანამედროვე სახე.

ჰიდროლოგიური რეჟიმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მტკვრის აუზი მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა.

გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება, მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი თავდება. ივლისს-აგვისტოში მტკვარზე წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის. ხოლო ზამთრობით მდგრადი წყალმცირობა.

მტკვრის საშუალო წლიური ხარჯი ხერთვისთან 32,6 მ³/წმ, ლიკანთან 84,1 მ³/წმ, ძეგვთან 143 მ³/წმ, თბილისთან 205 მ³/წმ, მინგეჩაურთან 402 მ³/წმ, შესართავთან 580 მ³/წმ. მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ³ წყალი შეაქვს.

მტკვრის ჩამონადენი წლის სეზონების მიხედვით ასეთია:გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 48,5 %, ზაფხულში — 26,9 %, შემოდგომაზე — 13,7 %, ზამთარში — 10,9 %. ჩამონადენის განაწილება საზრდოობს კომპონენტების მიხედვით: მიწისქვეშა წყლები — 38,6 %, თოვლის წყლები — 36,6 %, წვიმის წყლები — 24,8 %.

წყალდიდობის დროს მტკვარი დიდი რაოდენობის წყალს ატარებს, ცალკეულ წლებში კი კატასტროფული წყალდიდობა იცის: 1968 მტკვრის ხარჯი ხერვისთან 742 მ³/წმ იყო, ლიკანთან — 1520 მ³/წმ, ძეგვთან — 2170 მ³/წმ, თბილისთან — 2450 მ³/წმ, შესართავთან 2240 მ³/წმ, წყალდიდობა გამოიწვია უჩვეულო დათბობამ აპრილის შუა რიცხვებში, რასაც თოვლის ინტენსიური დნობა მოყვა. მას დაემატა ინტენსიური წვიმები. მინიმალური ხარჯი ზამთარში იცის, იშვიათად კი ზაფხულში.

მტკვარი არაგვის შესართავთან

მინიმალური ხარჯი ხერთვისთან 5,5 მ³/წმ (1941), თბილისთან 27,2 მ³/წმ (1954), შესართავთან — 60 მ³/წმ (1962). წყალდიდობის დროს მტკვარს დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა მოაქვს. მყარი ჩამონადენი შეადგენს თბილისთან 10 მლნ. ტ, შესართავთან 36 მლნ. ტ, რის გამოც მტკვრის დელტა ყოველწლიურად 100 მ-ით იზრდება.

მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის შენაკადებზეც. მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.

მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს.

მტკვრის ნაპირებზეა ქალაქები: არტაანი, ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 186-187.
  • კ. ხარაძე, „გლდანი — ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“, თბ., 1997
  1. ლ. მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა, გამომცემლობა ცოდნა, თბ., 1964, გვ. 63