ყელის ზეგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყელის ზეგანი
ყელის ტბის რაიონი
ყელის ტბის რაიონი
კოორდინატები: 42°31′16″ ჩ. გ. 44°21′48″ ა. გ. / 42.52111° ჩ. გ. 44.36333° ა. გ. / 42.52111; 44.36333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 3300 
ყელის ზეგანი — საქართველო
ყელის ზეგანი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ყელის ზეგანი — ვულკანური ზეგანი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში. საკუთრივ ყელის ზეგანი შემოფარგლულია მაღრან-დვალეთის კავკასიონის, მთავარი, ხარულისა და არხის ქედებით და მდინარე მთიულეთის არაგვის ზემო დინებით, უფრო ფართო გაგებით მოიცავს მაღრან-დვალეთის პლატოსაც. წარმოადგენს მეოთხეული ვულკანიზმის უვრცელეს რეგიონს კავკასიონის ქართულ ნაწილში. ზედა იურული კარბონატული ფლიშის ზოლში ამოღვრილმა ლავებმა ამოავსეს მთიულეთის არაგვის ძველი გასწვრივი ხეობა და შექმნეს 2600-3300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ზეგანი, ამ უკანასკნელზე „დამსხდარი“ ვულკანურ-კონუსებიანად (მთები: ყელი, ნარვანხოხი, დიდი და მცირე ხორისარი, ლევინსონ-ლესინგის ვულკანი, დიდი და პატარა მეფისკალო, აგრეთვე ფიდარხოხი, წითელი ხატი, შადილხოხი, შარხოხი, ქნოღო). ეფუზიური მოქმედება გვიან პლეისტოცენში მიმდინარეობდა. ზეგანმა განიცადა გამყინვარება. მის კვალს წარმოადგენს ტროგები, მორენები, „ვერძის შუბლები“, ტბიანი ტაფობები. გამყინვარების დასრულების შემდეგ რეგიონის ზედაპირი განიცდის მკაცრი ჰავის ზეგავლენას, რის შედეგადაც წარმოქმნილია ყინვითი და მზრალობითი რელიეფის ფორმები — ტუფურები (ამობურცულობანი), მრავალკუთხედები, კარკნალები და ა. შ. ზეგანი მდიდარია ტბებით. მათ ვულკანურ-მყინვარული წარმოშობა აქვთ. 8-9 თვის განმავლობაში ტბები გაყინულია. მათ შორის უდიდესია ყელის ტბა, საიდანაც გამოდის მდინარე ქსანი.

ზეგნის დაბალი ნაწილები შემოსილია ალპური ბალახეულით (მდელოებით), რომელიც საძოვრებადაა გამოყენებული. ცხოველებიდან არის არჩვი, მგელი, შურთხი, დათვი, პრომეთეს მემინდვრია, ჭკა; ტბებსა და მდინარეებში თევზი არ იცის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]