შხარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შხარა

შხარა
შხარა

კოორდინატები: 42°59′58″ ჩ. გ. 43°06′42″ ა. გ. / 42.99944° ჩ. გ. 43.11167° ა. გ. / 42.99944; 43.11167

მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 5201 მეტრი
ქედი ბეზენგის კედელი
პირველი ასვლა ულრიხ ალმერი, ჯონ კოკინი და როთი (1888)
უმარტივესი მარშრუტი თოვლ/ყინულზე ცოცვა
შხარა (საქართველო)
Mountain sign.svg
შხარა (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
Mountain sign.svg

შხარა — ცხრა თავიანი მწვერვალი საქართველოში. მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, ბეზენგის კედელზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 5201 მ.[1] აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან — შხარის მყინვარი. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს. შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.[2]

ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5200 ან 5208 მეტრია.[3] მწვერვალ იალბუზიდან გადაღებულ პანორამულ ფოტოზე ჩანს, რომ შხარას რეალური სიმაღლე არანაკლებ 5200 მეტრია.[4]

ალპინისტური თვალსაზრისით, შხარა ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. მთავარ შხარაზე პირველი წარმატებული ასვლა განახორციელეს ინგლისელმა ალპინისტებმა — ჯონ კოკინმა, ულრიხ ალმერმა და კ. როთმა (1888 წლის სექტემბერი). 1940 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კავკასიონის მთავარი ქედის 20-მდე მწვერვალი, მათ შორის შხარა, დალაშქრეს ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებმა, გოჯი ზურებიანმა, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა. ეს იყო სარეკორდო ტრავერსი. სამხრეთ ფასადიდან პირველნი ავიდნენ ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ილია გაბლიანი, მაქსიმე გვარლიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი (1952). მათვე წარმატებით განვლეს ხალდე-ბეზენგის კედლის კედელი.[3]

იმავე პერიოდში წურუნგალა-შხარის ტრავერსი (ფიცხელას კედლით) გაიარეს ქუთაისელმა ალპინისტებმა ალექსანდრე ნემსვიწერიძემ, გრიგოლ გულბანმა, რამინ კვიციანმა და ლევან ახვლედიანმა. მთავარ შხარაზე შესრულებული ასვლებიდან ყველაზე რთულად მიჩნეულია მარშრუტი, რომელიც სამხრეთის კედლის ცენტრზე გადის. ეს მარშრუტი პირველად დაძლიეს შოთა მირიანაშვილმა, გიორგი აბაშიძემ, დიმიტრი დანგაძემ და ოთარ ხაზარაძემ (1969). მთავარ შხარაზე სულ გაკვალულია 10 მარშრუტი, რომელთა უმრავლესობა 5 B-6 A კატეგორიისაა.[3]

შხარის სამხრეთი კალთების მთისძირში, ზღვის დონიდან 2060-2200 მ სიმაღლეებზე მდებარეობს უშგულის თემი, რომლის ერთ-ერთი სოფელი — ჩაჟაში, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[5]

გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შხარა&oldid=2920777“-დან