საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დემოკრატიული რესპუბლიკა

1918–1921
დროშა გერბი
ჰიმნი
დიდება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს
დედაქალაქი ტფილისი
უდიდესი ქალაქები ტფილისი, სოხუმი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ართვინი, გორი, ოზურგეთი, სოჭი
ენები ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა რესპუბლიკა
მთავრობის თავმჯდომარე
 -  1918 ნოე რამიშვილი
 -  1918-1921 ნოე ჟორდანია
ისტორია
 -  შეიქმნა 26 მაისი 1918
 -  საბჭოეთის შეჭრა 11 თებერვალი, 1921
 -  მიღებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 21 თებერვალი, 1921
 -  საბჭოეთის მიერ ანექსია 25 თებერვალი, 1921
 -  გაუქმდა 25 თებერვალი 1921
ფართობი
 -  1919 107,600 კმ² (41,545 მლ²)
მოსახლეობა
 -  1919 წელი 2,500,000 
სიმჭიდროვე 23.2 /კმ²  (60.2 /მლ²)
ვალუტა ქართული მანეთი
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპიტანი ეგან კრიეგერი. გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, 1918 წ.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, მეფისნაცვალმა ნიკოლოზ რომანოვმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ, ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“. ვერც ანტირუსული განწყობილებით ცნობილმა ეროვნულ-დემოკრატებმა შეძლეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი), რომელიც ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. რეალურად კი ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ოზაკომის გვერდით არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომელთა თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანია აირჩიეს და რომელსაც ეპყრა ხელთ რეალური ძალაუფლება.

1917 წლის აპრილის ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებები, რომლებზეც წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად უთანხმოებისა, ინტერპარტიულმა კრებებმა სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა შეძლეს. ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი გახდა. ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე რუსეთში მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება. 1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. ეროვნული საბჭო პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი). ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს დანიშვნას, ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას. რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.

გერმანიის ჯარები თბილისში, 1918 წ. (უკანა ფონზე მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე და ფუნიკულიორი)

რუსეთის კავკასიის არმია ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსო ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში გაიმართა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. კრებაზე განიხილეს აკაკი ჩხენკელის მიერ 1918 წლის 23 მაისს გამოგზავნილი წერილი. სხდომა 24 მაისს, ღამის 11 საათზე გაიხსნა. ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 25 მაისს საღამოს 10 საათზე უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა. მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა გადაიდო 26 მაისის დღის 12 საათისთვის. ნოე ჟორდანიამ დააყენა წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი დაშლილად გამოაცხადებდა ამიერკავკასიის ფედერაციას. კენჭისყრის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყოვნებლივ, 25 მაისს ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას — ოთხმა წევრმა. 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. ქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. საბოლოოდ აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი. დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
  2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
  3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

სახელმწიფო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ისტორია
საქართველოს გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
უძველესი ისტორია
დიაოხის სამეფო
კოლხეთის სამეფო
იბერიის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ძველი და ახალი ისტორია
ქართლის საერისმთავრო
კახეთის სამთავრო
კახეთ-ჰერეთის სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ჰერეთის სამეფო
საქართველოს ოქროს ხანა
ქართლის სამეფო
კახეთის სამეფო
იმერეთის სამეფო
გურიის სამთავრო
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო
აფხაზეთის სამთავრო
ქართლ-კახეთის სამეფო
სამცხე-საათაბაგო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
უახლესი ისტორია
საქართველოს დრ
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
საქართველო

საქართველოს დროშა საქართველოს პორტალი
  •  •  

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. 1918 წლის მთავრობა კოალიციური იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ მთავრობა მხოლოდ ამ პარტიამ დააკომპლექტა.

საშინაო მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.

საგარეო მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე-ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე-ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).

სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.

მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):

ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რუსეთ-საქართველოს ომი 1921.

1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის 17 მარტს დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნინო ვაშაყმაძე, ირაკლი ბარამიძე კარლ კაუცკი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ (1918-1921 წწ.). — ბათუმი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, 2007. — ტომი: II. — გვ. 126-135. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 1987-524X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 76–77
  2. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 77