ვანო მერაბიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე მერაბიშვილი
ივანე მერაბიშვილი
ივანე (ვანო) მერაბიშვილი
საქართველო
საქართველოს მე-9
საქართველო
პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედინიკოლოზ გილაური
მემკვიდრებიძინა ივანიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი 2004 – 4 ივლისი 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიირაკლი ოქრუაშვილი
მემკვიდრებაჩანა ახალაია

დაბადებული15 აპრილი, 1968 (1968-04-15) (52 წლის)
სოფ. უდე, ადიგენის რაიონი, საქართველოს სსრ
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლეთამარ სალაყაია
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
რელიგიაკათოლიკე
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ივანე (ვანო) მერაბიშვილი (დ. 15 აპრილი, 1968, სოფ. უდე, ადიგენის რაიონი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. 2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2003 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს, 26 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებდა. ამავე წლის 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრია. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.

სანდრო გირგვლიანის საქმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს მომხდარმა მოვლენათა ერთობლიობამ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის მმართველობა ახალ სამინისტროში. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნისთვის ოპოზიციის მთავარი საბაბი იყო. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის აქტივისტი მინისტრს ადანაშაულებდა მკვლელობის ფაქტების დამალვაში.

სანდრო გირგვლიანი მკვდარი იპოვეს თბილისის გარეუბანში ინციდენტის შემდეგ, რომელსაც სამინისტროს მაღალჩინოსნები და ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია ესწრებოდნენ.

დაპატიმრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 21 მაისს, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, კახეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დაკავებული იქნენ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 5.2 მილიონი ლარის პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის გამოყენების ბრალდებით.[2]

2013 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ მერაბიშვილს მიუსაჯა 5 წლით პატიმრობა უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის.[3] 2016 წლის სექტემბერში, სასამართლომ მერაბიშვილს მიუსაჯა 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებისთვის.[4]

2013 წელს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაპატიჟა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო (OSCE/ODIHR) ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესების მონიტორინგისთვის. მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, „ზემოთ მოყვანილი დაკვირვებებიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებების კონკრეტულ სირთულეებს - რაც ხშირად სისტემურ ხასიათს ატარებდა - გამოვლინდა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვა ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის საქმეებში არ იყო სრულად უზრუნველყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიერ.“ კონკრეტულად მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქმეში, სადაც ბრალდებული, რომელიც გაასამართლეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, სასამართლომ ვერ დაასახელა ბრალდებულის უფლებამოსილების ფარგლები და როგორ გადააჭარბა მან ამ ფარგლებს, გარდა იმისა, რომ შენიშნა რომ ბრალდებული არ იყო უფლებამოსილი ჩაედინა უკანონო ქმედება. იმისათვის რომ შეფასდეს გადაამეტა თუ არა ბრალდებულმა სამსახურებრივ მოვალეობას და როგორ, ჯერ უნდა მიეთითოს ამ უფლებამოსილების ფარგლები.“ შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების მინიმალური სტანდარტიც კი არ იქნა დაცული.[5]

წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) 2015 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის ამჟამინდელი საპატიმრო პირობები „შეიძლება ჩაითვალოს როგორც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან გათანაბრებული“.[6]

2016 წლის 14 ივნისს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მეოთხე სექციამ საქმეზე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას „აკლდა დასაბუთება“ და გამოიყენებოდა „როგორც დამატებითი შესაძლებლობა მოეპოვებინათ ზეწოლის ბერკეტი სხვა, საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებებისთვის“, რომლებიც მოიცავდა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფინანსურ აქტივობებს. სასამართლოს მეოთხე სექციამ ერთხმად დაადგინა ყოფილ პრემიერ მინისტრთან მიმართებაში ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 5§3-ის და 18-ე მუხლების დარღვევა.[7]

საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრა, მაგრამ 2017 წლის 28 ნოემბერს, დიდმა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი დაკავება, რომელიც დასაწყისში დასაბუთებული იყო, გამოყენებული იქნა სხვა, დაუკავშირებელ საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამგვარად, დიდმა პალატამ სრულად დაუჭირა მხარი მეოთხე სექციის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე.[8] დიდი პალატის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თითქმის 60 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ივანე მერაბიშვილის საქმე გახდა მხოლოდ მეშვიდე საქმე, რომელშიც 18-ე მუხლის დარღვევა დადგინდა სასამართლოს ერთ-ერთი სექციის მიერ და პირველი, დიდი პალატის მიერ. მერაბიშვილი იყო მესამე პოლიტიკოსი, რომელმაც აღნიშნული მუხლით მოიგო საქმე და პირველი საქართველოს ისტორიაში.

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 6-წლიანი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტეციურ დაწესებულებიდან, ე. წ. „მატროსოვის ციხიდან“ გათავისუფლდა.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ირაკლი ოქრუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2004–2012
შემდეგი:
ბაჩო ახალაია
წინამორბედი:
ნიკა გილაური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2012
შემდეგი:
ბიძინა ივანიშვილი