ლევან იზორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან იზორია
ლევან იზორია
Sakartvelos drosha - varskvlavi.svg
Georgian Intelligence Service COA.PNG
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
წინამორბედიდავით სუჯაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 2016 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედითინათინ ხიდაშელი
მემკვიდრეირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ოქტომბერი, 2012 – 3 აგვისტო, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული5 თებერვალი, 1974 (1974-02-05) (45 წლის)
თბილისი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებაივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია)
რელიგიამართლმადიდებელი

ლევან იზორია (დ. 5 თებერვალი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან იზორია 1974 წლის 5 თებერვალს საქართველოში დაიბადა. 1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, უმაღლესი შეფასებით. მინიჭებული აქვს გეორგ-აუგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი, უმაღლესი შეფასებით.[2]

1992-1995 წლებში ლევან იზორია იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი (1995-1998). 1999-2002 წლებში იზორია გერმანიის ქალაქ გეტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა.

სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან იზორია 2002 წლიდან იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ხოლო 2002-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტად.

2006-2007 წლებში ლევან იზორია იყო საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (2006-2007) და მეცნიერ-მკვლევარი, აგრეთვე პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი; 2007-2009). ამავე დროს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (2009-2011) და კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი (2009-2010). 2010-2011 წლებში მეცნიერული მივლინებით ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში იმყოფებოდა. 2011-2014 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და საქართველოს შსს-ს აკადემიის (2014-2016) სრული პროფესორი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლიდან ლევან იზორია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაზე, არის პოლიციის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის ავტორი.[3]

ლევან იზორია 2004-2006 წლებში მუშაობდა შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორად. ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება პატრულის სამსახურის რეფორმა საქართველოში. იზორიამ თანამდებობა 2006 წელს დატოვა.

ლევან იზორიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა 2009 წლიდან, ოპოზიციის რიგებში დაიწყო. იგი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეურთდა და გამგეობის წევრი გახდა. ამავე პერიოდში შსს-ს რეორგანიზაციისა და პოლიციის დეპოლიტიზაციის ერთ-ერთი აქტიური მომხრე და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ავტორი იყო. მათ შორის არის პროექტი „დაცული მოქალაქე – დაცული პოლიციელი“.

2011 წელს ლევან იზორია „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენდა. ის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ქვეჯგუფს ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლ. იზორიამ საქმიანობა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში განაგრძო. 2012 წლის 30 ოქტომბრიდან – 2015 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2015 წლის 3 აგვისტოდან[4] – 2016 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

2016 წლის 1 აგვისტოს ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 2019 წლის 1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გუნდმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში სამწლიანი წარმატებული მუშაობისთვის ლევან იზორიას წარმატების სერტიფიკატი გადასცა[5].

ლევან იზორიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]