საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ადრე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო) — საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.

მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს.

მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება იქნება საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საბჭოს სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.

საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ დახურული წესით ტარდება.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი „ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო“ პირველად 1992 წლის 6 ნოემბერს მიღებულ კანონში „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ გაჩნდა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეობდა სახელმწიფოს მეთაური და საბჭოს ძირითადი ამოცანა ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და წესრიგის უზრუნველყოფა იყო.[2]

1995-2018 წლებში მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ფუნქციებიც განსხვავებული იყო.[2] მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.[3]

2011 წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უშიშროების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.[4]

2013 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციები და მისი როლი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და უზრუნველყოფის სფეროში. აქედან გამომდინარე, 2014 წელს, უსაფრთხოების სექტორის კოორდინაციისთვის, შეიქმნა პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც 2017 წლის დეკემბრამდე ფუნქციონირებდა.[2]

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 99.
  • საქართველოს კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. 1996 წლის 24 იანვარი.
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?! თბილისი. უნივერსალი. 2014. 61 გვ. ISBN 978-9941-22-407-2.
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
  • კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. გაზეთი „24 საათი“. #254, 2004 წლის 26 ოქტომბერი.
  • კუპრაშვილი ჰ. „მეფემ არ იცის თორემ...“. გაზეთი „24 საათი“. #142, 2004 წლის 17 ივნისი.
  • Kuprashvili H. Sharashenidze T. Political Aspects of the Formation of the National Information System in Post-Communist Georgia. Politics, Ethics, and the Challenges to Democracy in 'New Independent States’. Council for Research in Values and Philosophy. Cultural Heritage and Contemporary Change Series IVA, Eas-tern and Central Europe, Volume 29. General Editor George F. McLean. Washington. 2005. P. 133-141. ISBN-13: 978-1-56518-224-0 (pbk.).
  • Купрашвили Г. Некоторые аспекты информационно-аналитического обеспечения национальной безопасности. Кавказоведение. Российская академия наук, Институт язикознания. №8. Москва. 2005. С. 9-15

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გიორგი გახარია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა“. Sputnik Georgian. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 საბჭოს შესახებ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
  3. ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის, თბ., ფონდი Alpe, 2005
  4. „უშიშროების ეროვნულ საბჭოს უფლებამოსილება გაეზარდა“. ghn.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დანიშნეს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „გადაწყდა, რომ ვინიშნები ელჩად გერმანიაში — ლევან იზორია“. On.ge. 27 იანვარი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა“. gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-18. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)