ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნატო)
Jump to navigation Jump to search
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
თარგი:Lang- North Atlantic Treaty Organisation
Organisation du traité de l'Atlantique Nord
NATO OTAN landscape logo.svg
Flag of NATO.svg
დევიზი Animus in consulendo liber[1]
აბრევიატურა NATO
შეიქმნა 4 აპრილი, 1949
ტიპი სამხერდო-პოლიტიკური ალიანსი
მდებარეობა ბრიუსელი, ბელგია
წევრები
ენა ინგლისური, ფრანგული
მდივანი იენს სტოლტენბერგი
სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე პეტრ პაველი [2]
ატარებს სახელს North Atlantic Treaty
ქვეყანა ბელგია
კავშირები European Air Transport Command[3]
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია რუკა
https://www.nato.int/

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია[4], ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN) — ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის (ქართ. ნატო,ინგლ. NATO, ფრანგ. OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.[5] NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს[5].

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს. დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.[6] დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.[7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები და მათი ჩრდილოატლანტიკელი მოკავშირეები, ნათლად ხედავდნენ საბჭოთა კავშირის ექსპანსიურ პოლიტიკას . დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეასრულეს ომის შემდგომ ნაკისრი ვალდებულებები სამხედრო ძალების შემცირებასა და სამხედრო მოსასახურეების დემობილიზაციასთან დაკავშირებით. თუმცა, საბჭოთა კავშირი არ ჩქარობდა ამ ვალდებულებების შესრულებას და ინარჩუნებდა ევროპის კონტინენტზე სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას.საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზნების გათვალისწინებით აშკარა იყო, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დაცვისკენ მოწოდება არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტი. მოსალოდნელ საფრთხეზე 1946 წლის 5 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფულტონში უინსტონ ჩერჩილმა (რომელიც დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის რანგში წარდგა) აღნიშნულ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესი კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის რკინის ფარდის დაშვებას შეადარა 1948 წელს საბერძნეთი და ნორვეგია კომუნისტური ექსპანიის პირდაპირი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, იმავე წლის აპრილში ყველა არსებული ხელშეკრულების დარღვევით კრემლმა განახორციელა ბერლინის ბლოკადა ხოლო ივნისში, ჩეხოსლოვაკიაში მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება. კორეის ომმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა დასავლეთი საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტურ ამბიციებში, რომელიც მხოლოდ ევროპის კონტინენტზე არ ვრცელდებოდა.

1948 წლის მარტში, დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ - ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ბრიუსელის პაქტს ეს კავშირი მიზნად ისახავდა თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას და ერთმნეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც წინ აღუდგებოდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას. ბრიუსელის პაქტი დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა საფუძველი NATO-ს დაარსებისა 1949 წელს. ბრიუსელის პაქტის ქვეყნები, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან, ასევე დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან ერთიან თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე. მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება) ხელმოწერით დასრულდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი აქტის თანახმად, წევრი სახელმწიფოები თანხმდებოდნენ, რომ ისინი არ შეუერთდებოდნენ სხვა ისეთი ტიპის გაერთიანებებს, რომლის მიზნებიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებთან. NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსი არის უნიკალური გაერთიანება, რომელიც აღიარებს და იცავს ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, ინდივიდის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, ალიანსის წევრი ევროპული სახელმწიფოების მთავრობების მოთხოვნის შესაბამისად, ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნამ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, განაპირობა საბჭოთა კავშირის მიერ აგრესიული ქმედებების შეჩერება. თუმცა, მოსკოვის მხრიდან საფრთხე კვლავ აშკარა იყო.

მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან, დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები საბჭოთა კავშირის სატელიტის, ჩრდილოეთ კორეის მიერ. კომუნისტური ბანაკი იწყებდა გლობალურ შეიარაღებულ აგრესიას დემოკრატიულ სახელმწიფოთა წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, გააქტიურეს ძალისხმევა ერთობლივი სამხედრო სტრუქტურების გასაძლიერებლად.

გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NATO-ს ღია კარის პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება, რომლის მიხედვითაც: „მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეკრულებასთან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“. გადაწყვეტილებას სახელმწიფოს ალიანსის წევრად მოწვევის შესახებ იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საფუძველზე. NATO-ს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. NATO არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის, ალიანსის გაფართოების მიზანი სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, ერთიანი და თავისუფალი სივრცის მშენებლობა, მშვიდობისა და საერთო დემოკრტიული ღირებულებების დაცვაა. NATO-ს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღოს მონაწილეობა. 1949 წლიდან NATO-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა 12-დან 29 ქვეყანამდე გაიზარდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულმა ექსპანსიურმა პოლიტიკამ, განაპირობა ის, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგად 1952 წელს ალიანსი პირველად გაფართოვდა და NATO-ს ორი ახალი წევრი შეუერთდა თურქეთისა და საბერძნეთის სახით. 1955 წელს ალიანსს დასავლეთ გერმანია ხოლო 1982 წელს ესპანეთი შეემატა.

ვარშავის პაქტის გაუქმებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მიერ სამხედრო ინტერვენციის საფრთხე თითქოს გამქრალი იყო, საგრძნობლად იმატა არასტაბილურობამ ევროპის მთელს კონტინენტზე. იუგოსლავიის მოვლენებს დაემატა კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყოველივე ამის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ NATO კვლავ უნდა დარჩენილიყო კოლექტიური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მთავარ გარანტად ევროპაში. 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატოს გაფართოების შესახებ (დოკუმენტი უკანასკნელად განახლდა 2008 წელს) , რომლის საფუძველზეც 1997 წლის მადრიდის სამიტზე , გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა), უნგრეთი და პოლონეთი მიიწვია, ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდენენ. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი NATO-ს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე ქვეყნებისთვის NATO-ში გაწევრების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan - MAP ) შეიმუშავეს. 2002 წელს გამართულ პრაღის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, წევრობის შესახებ მოლაპარაკება ერთდროულად შვიდ ევროპული ქვეყანასთან დაიწყო. გაწევრების სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგად კი 2004 წელს ალიანსში ბულგარეთი, ესტონეთი ლატვია ლიეტუვა რუმინეთი სლოვაკეთი და სლოვენია გაწევრიანდნენ.

2008 წელს გამართული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე ალბანეთი და ხორვატია ოფიციალურად ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო - 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა .

2019 წელს ლონდონის სამიტის გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ მაკედონია 2020 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი გახდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ განხორციელებული ოპერაციები და მისიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ ცივი ომის პერიოდში NATO არ ჩართულა სამშვიდობო ოპერაციებში და მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღება:

  • Anchor Guard (1990 წლის 10 აგვისტო - 1991 წლის 9 მარტი)

პირველი ოპერაციის განხორციელება უკავშირდება ერაყის შეჭრას ქუვეითში. NATO-ს საჰაერო ძალები განლაგდნენ თურქეთში, სადაც აკონტროლებდნენ სიტუაციას რათა გალფის კრიზისის გამწვავების შემთხვევაში დაეცვათ ალიანსის წევრი თურქეთი მოსალოდნელი საფრთხისგან.

  • Ace Guard (1991 წლის 3 იანვარი - 1991 წლის 8 მარტი)

თურქეთის მოთხოვნის შესაბამისად ალიანსმა დაიწყო ოპერაცია Ice Guard, რაც განპირობებული იყო სპარსეთის ყურის პირველი ომისას ერაყის მხრიდან თურქეთისკენ მომდინარე საფრთხისგან. აღნიშულ მისიაში NATO-ს მიერ თურქეთში საჰაერო ძალები იქნა მივლენილი.

  • Allied Goodwill I & II (1992 წლის 4-9 თებერვალი & 27 თებერვალი - 24 მარტი )

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და მისი ეკონომიკური სისტემის კოლაფსის შემდეგ, NATO-მ საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელა ჰუმანიტარული დახმარება - გაგზავნა ექსპერტები და სამედიცინო სფეროს მრჩევლები რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

  • Agile Genie (1992 წლის 1-19 მაისი)

მას შემდეგ რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ლიბიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 1988 წელს შოტლანდიის საჰაერო სივრცეში Pan Am-ის თვითმფრინავის დაბომბვის გამო - NATO-მ დაიწყო ხმელთაშუა ზღვის აკვატორიისა და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს საჰაერო მონიტორინგი, რის შედეგადაც საერთო ჯამში 36 მიისიის ფარგლებში განხორციელდა 2336 საათის ფრენა.

  • Maritime Monitor (1992 წლის 16 ივლისი - 22 ნოემბერი)

NATO-ს სამხედრო გემებმა მონიტორინგი დაიწყეს ადრიატიკის ზღვაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დადგენილების შესაბამისად, რომელიც იოგოსლავიის ომში მონაწილე მხარეებისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს შეეხებოდა.

  • Sky Monitor (1992 წლის 15 ოქტომბერი - 1993 წლის 12 აპრილი)

იუგოსლავიის კონფლიქტისას NATO-ს სამხედრო გემებმა ბოსნიის საჰაერო სივრცის მონიტორინგი დაიწყეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მისი არასაფრენ ზონად გამოცხადების შემდგომ.

  • Deny Flight (1993 წლის 12 აპრილი - 1995 წლის 21 დეკემბერი)

აღნიშნული ოპერაცია Sky Monitor-ის გაგრძელება იყო, თუმცა დაემატა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო მისიის საჰაერო მხარდაჭერის მიმართულება და საჰაერო პასუხის ვალდებულება აუცილებლობის შემთხვევაში გაეროს მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციის აღსრულების მხარდასაჭერად. 1994 წლის 28 თებერვალს, NATO მისი ისტორიის მანძლზე პირველად ჩაერთო საომარ მოქმედებებში.

  • Sharp Guard (1993 წლის 15 ივნისი-1996 წლის 2 ოქტომბერი)

გაეროს მიერ იარაღით ვაჭრობის აკრძალვის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და დასავლეთ ევროპული კავშირის შეთანხმების შესაბამისად, მათი ოპერაციები ადრიატიკის ზღვაში გაერთიანდა.

  • Deadeye and Deliberate Force (1995 წლის 30-31 აგვისტო-1995 წლის 5-14 სექტემბერი)

სარაევოს დაბომბვამ დიდი მსხვერპლი გამოიწვია, გაეროს სამშვიდობო ძალებმა NATO-ს საჰაერო დახმარების თხოვნით მიმართა. 1995 წლის 30 აგვისტოს NATO-მ ბოსნიაში სერბების სამხედრო შენაერთებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. გამაფრთხილებელი ოპერაციის (Deadeye) უგუვებელყოფამ განაპირობა ოპერაცია Deliberate Force-ს დაწყება, რომელიც მიმართული იყო მოწინააღმდეგის სამეთაურო შტაბისა და საბრძოლო მასალების საწყობების წინააღმდეგ.

  • Joint Endeavour (1995 წლის 20 დეკემბერი - 1996 წლის 20 დეკემბერი)

NATO-ს პირველი სამშვიდობო მისიის (the Implementation Force (IFOR)) მიზანი იყო ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამშვიდობო შეთანხმების სამხედრო ასპექტის განხორხციელება. IFOR-ის ფარგლებში 60.000-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა 16 NATO-ს წევრი და 17 პარტნიორი ქვეყნიდან.

  • Joint Guard (1996 წლის 20 დეკემბერი - 1998 წლის 20 ივნისი)

ოპერაცია Joint Endeavour-სა და სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ცალკეული სამხედრო დავალებების შესრულების შემდეგ, NATO-მ განაგრძო ბოსნია-გერცეგოვინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობა, თუმცა ამჯერად შედარებით მცირე მასშტაბის და მიმართულებით მოქმედებდა - the Implementation Force (IFOR) შეიცვალა Stabilisation Force (SFOR)-მა.

  • Joint Forge (1998 წლის 20 ივნისი - 2004 წლის 2 დეკემბერი)

მას შემდეგ, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში სიტუაცია სტაბილური გახდა და სახელმწიფოს თავადაც შეეძლო საკუთარი საჰაერო სივრცის კონტროლი, ქვეყანაში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელთა არსებული რაოდენობა აღარ იყო საჭირო. შესაბამისად, NATO-მ კვლავ შეამცირა არსებული კონტიგენტი და ცვლილებები შეიტანა სამშვიდობო მისიაშიც Stabilisation Force (SFOR), რომელიც საბოლოოდ 2004 წლის 2 დეკემბერს დასრულდა.

  • Joint Guarantor (1998 წლის 4 დეკემბერი - 1999 წლის 20 მარტი)

NATO-მ კოსოვოში ეუთოს სადმკვირვებლო მისიის საევაკუაციო გეგმა მოამზადა, თუმცა ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ეუთოს მისიამ კოსოვო 1999 წლის 20 მარტს, კონფლიქტის დაწყებამდე 4 დღით ადრე დატოვა.

  • Joint Guardian (1999 12 ივნისიდან)

NATO-ს მიერ კოსოვოს კონფლიქტში ჩარევა განხორციელდა რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების, ძალადობისა და რეპრესიების შეჩერების მიზნით.

კოსოვოსთან დაკავშირებით გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1999 წელს NATO-სა და ყოფილი იუგოსლავიის არმიის სარდლობას შორის სამხედრო შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, 1999 წლის 12 ივნისს, გაეროს მანდატის საფუძველზე, NATO-მ რეგიონში ე.წ. კოსოვოს ძალები (Kosovo Force – KFOR) გაგზავნა. NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი კოსოვოს ძალები (KFOR) განლაგდნენ კოსოვოში, რათა უზრუნველეყოთ სამშვიდობო შეთანხმებით (Military Technical Agreement) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. KFOR-ის სამხედრო წარმომადგენლობა უნდა ყოფილიყო მზად, თავიდან აეცილებინა კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია, შეექმნათ უსაფრთხო გარემო დაბრუნებული იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ლტოლვილთათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (რომლებიც თავის მხრივ დახმარებას უწევდნენ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს); გაეკონტროლებინათ კოსოვოს საზღვრები;

  • Essential Harvest (2001 წლის 27 აგვისტო - 27 სექტემბერი)

2001 წლის ივნისში იუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკა მაკედონიამ თხოვნით მიმართა NATO-ს დახმარებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნულ გამათავისუფლებელი არმიისა და ეთნიკურ ალბანელთა მეამბოხე ჯგუფების განიარაღებაში. დაპირისპირებულ მხარეთა შორის NATO-ს ხელშეწყობით შემდგარი პოლიტიკური დიალოგის შედეგად შემუშავდა სამშვიდობო გეგმა და საბოლოოდ რეგიონში საომარი მოქმედებებიც შეწყდა. ოჰრიდის ხელშეკრულების (Ohrid Framework Agreement) საფუძველზე, 2001 წლის 27 აგვისტოს ოპერაციის Essential Harvest-ის ფარგლებში, NATO-მ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში სამხედრო მისია მიავლინა. NATO-ს მისიას ევალებოდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ არმიაში არსებული იარაღის შეგროვება და განადგურება. აღნიშნულმა ოპერაციამ ხელი შეუწყო სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას.

NATO-ს მისია ერაყში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NATO-ს ჩართულობა ერაყში მიმდინარე კოალიციური ჯარების მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში მხოლოდ ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში გამოიხატებოდა, რაც ერაყის გარდამავალი მთავრობის თხოვნის შედეგად განხორციელდა. ალიანსმა აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება 2004 წლის სტამბოლის სამიტზე მიიღო. 2004 წლის 7 აგვისტოდან NATO-ს მისია ერაყელ სამხედრო მოსამსახურეების წვრთნიდა როგორც ერაყში, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 2004 წლის 22 სექტემბერის გადაწყვეტილების შედეგად, ერაყში წვრთნების, განათლებისა და დოქტრინების ცენტრი შეიქმნა. 2004-2006 წლებში NATO-ს მისიის ფარგლებში 5000-მდე ერაყელმა ოფიცერმა აიმაღლა კვალიფიკაცია.

NATO-ს მისია ავღანეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, პირველად ალიანსის ისტორიაში, მოკავშირეებმა აამოქმედეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (კოლექტიური თავდაცვა). ალიანსმა ოპერატიულად დაიწყო ოპერაცია Active Endeavor, ხომალდები განათავსა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა გამოეაშკარავებინა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ხომალდები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორაში მისია ავღანეთში იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, ევროატლანტიკური სივრცის გარეთ. 2001 წლის დეკემბერში, ავღანეთიდან ტერორისტული დაჯგუფება ალქაიდასა და თალიბების დამარცხების შემდეგ, ავღანეთის ოპოზიციის ლიდერებმა ქალაქ ბონში (გერმანია) გამართულ კონფერენციაზე განიხილეს ქვეყნის სამომავლო განვითარების გზები. გადაწყდა ახალი სახელმწიფო სტრუქტურის – ავღანეთის დროებითი ხელისუფლების ჩამოყალიბება და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (International Security Assistance Force – ISAF) მისიის ფორმირება. თავდაპირველად ISAF-ის მისიას ექვსთვიანი ვადით ცალკეული ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ და ოპერაციებზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებოდათ. თუმცა, 2003 წლის აგვისტოდან მისიის ხელმძღვანელობა NATO-ს ჩაბარდა. ISAF იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით მოქმედი საერთაშორისო მისია, რომელიც აერთიანებდა სამხედრო მოსამსახურეებს 51 ქვეყნიდან. ISAF-ის მიზანი იყო ავღანეთში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. თავდაპირველად მისიის მანდატი ქაბულითა და მისი შემოგარენით შემოიფარგლებოდა, თუმცა 2003 წლის ოქტომბრიდან ISAF ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ალიანსმა შექმნა სამოქალაქო-სამხედრო პროვინციების სარეკონსტრუქციო ჯგუფები (Provincial Reconstruction Teams – PRT). PRT წარმოადგენდა სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების უსაფრთხოებას; მონაწილეობდნენ სკოლების, სამედიცინო დაწესებულებებისა და წყლის სისტემების აღდგენით სამუშაოებში; მხარს უჭერდნენ სამოქალაქო და სამხედრო პროექტების განხორციელებას. NATO-ს მისია 2014 წლის 28 დეკემბერს ოფიციალურად დასრულდა. ISAF - ის მისიის შემდგომ ალიანსმა ავღანეთში 2015 წლიდან აამოქმედა - გადამწყვეტი მხარდაჭერის მისია, რომელიც სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათსაა და ავღანელი სამხედროების დახმარებას ისახავს მიზნად.


წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ქვეყანა სქოლიო
დამფუძნებლები
4 აპრილი 1949 ბელგიის დროშა ბელგია
4 აპრილი 1949 გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
4 აპრილი 1949 დანიის დროშა დანია
4 აპრილი 1949 ისლანდიის დროშა ისლანდია ისლანდია არის ალიანსის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ გააჩნია რეგულარული სამხედრო შენაერთები - მხოლოდ სანაპირო დაცვის ნაწილები.
4 აპრილი 1949 იტალიის დროშა იტალია
4 აპრილი 1949 კანადის დროშა კანადა
4 აპრილი 1949 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
4 აპრილი 1949 ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია
4 აპრილი 1949 ნორვეგიის დროშა ნორვეგია
4 აპრილი 1949 პორტუგალიის დროშა პორტუგალია
4 აპრილი 1949 აშშ-ის დროშა აშშ
4 აპრილი 1949 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1966 წლის ივლისიდან საფრანგეთმა დატოვა ალიანსის სამხედრო ორგანიზაცია, თუმცა გააგრძელა მონაწილეობა პოლიტიკურ სტრუქტურებში. 2009 წლიდან საფრანგეთი დაბრუნდა ალიანსის ყველა სტრუქტურაში.
პირველი გაფართოება
18 თებერვალი 1952 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1974 წლიდან 1980 წლამდე საბერძნეთი არ იღებდა მონაწილეობას ალიანსის სხვა წევრთან - თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო.
18 თებერვალი 1952 თურქეთის დროშა თურქეთი
მეორე გაფართოება
9 მაისი 1955 გერმანიის დროშა გერმანია 1955 წლისთვის გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად - პროდასავლურ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად და პროსაბჭოურ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად. საარი შეურთდა გერმანიას, და ალიანსს 1957 წელს, ხოლო დანარჩენი გერმანია - ბერლინის კედლის დამხობის შემდეგ, 1990 წლის 3 ოქტომბერს.
მესამე გაფართოება
30 მაისი 1982 ესპანეთის დროშა ესპანეთი არ იღებს მონაწილეობას ალიანსის სამხედრო ორგანიზაციაში.
მეოთხე გაფართოება
12 მარტი 1999 უნგრეთის დროშა უნგრეთი
12 მარტი 1999 პოლონეთის დროშა პოლონეთი
12 მარტი 1999 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მეხუთე გაფართოება
29 მარტი 2004 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
29 მარტი 2004 ლატვიის დროშა ლატვია
29 მარტი 2004 ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
29 მარტი 2004 რუმინეთის დროშა რუმინეთი
29 მარტი 2004 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
29 მარტი 2004 სლოვენიის დროშა სლოვენია
29 მარტი 2004 ესტონეთის დროშა ესტონეთი
მეექვსე გაფართოება
1 აპრილი 2009 ალბანეთის დროშა ალბანეთი
1 აპრილი 2009 ხორვატიის დროშა ხორვატია
მეშვიდე გაფართოება
5 ივნისი 2017 მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
მერვე გაფართოება
27 მარტი 2020 ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია

ევრო-ატლანტიკური პარტნიორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტნიორობა მშვიდობისთვის (Partnership for Peace, PfP) ხმელთაშუაზღვის დიალოგი საკონტაქტო ქვეყნები ნატოს პარტნიორების რუკა
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ცივი ომის მონაწილე ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ცივი ომის მონაწილე კაპიტალისტური ქვეყნები
სომხეთის დროშა სომხეთი იუგოსლავია ავსტრიის დროშა ავსტრია ალჟირის დროშა ალჟირი ავსტრალიის დროშა ავსტრალია
NATO Cooperations Partners.png
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა ფინეთის დროშა ფინეთი ეგვიპტის დროშა ეგვიპტე იაპონიის დროშა იაპონია
ბელარუსის დროშა ბელარუსი ირლანდიის დროშა ირლანდია ისრაელის დროშა ისრაელი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი მონტენეგროს დროშა მონტენეგრო მალტის დროშა მალტა იორდანიის დროშა იორდანია სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი სერბეთის დროშა სერბეთი შვედეთის დროშა შვედეთი მავრიტანიის დროშა მავრიტანია  
მოლდოვის დროშა მოლდოვა სსრკ შვეიცარიის დროშა შვეიცარია მაროკოს დროშა მაროკო
რუსეთის დროშა რუსეთი საქართველოს დროშა საქართველო   ტუნისის დროშა ტუნისი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი თურქმენეთის დროშა თურქმენეთი  
  ნატოს წევრი ქვეყნები
  პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP)
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი უკრაინის დროშა უკრაინა
  ხმელთაშუაზღვის დიალოგი
  კონტაქტი ქვეყნები

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]