სარო (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სარო.
სოფელი
სარო
Saro megalith-1.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ხიზაბავრა
კოორდინატები 41°30′18″ ჩ. გ. 43°16′50″ ა. გ. / 41.50500° ჩ. გ. 43.28056° ა. გ. / 41.50500; 43.28056
ცენტრის სიმაღლე 1480
ოფიციალური ენა ქართული
მოსახლეობა 162[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სარო (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სარო (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
სარო (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
სარო (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

საროსოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში მოიპოვება ბაზალტი და ანდეზიტი.

სოფელი სარო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 162 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 237[2]
2014 162 Decrease2.svg

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპანიძეების საგვარეულო ჯავახური დარბაზი საროში.

ჯავახეთში, ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაშინდელი დასახლების (ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეული მაინც, თუ უფრო ადრე არა) გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიყო გამაგრებული სამოსახლოები. დ. ბერძენიშვილი აბულისა და შაორის უძველეს დასახლებასთან ერთად საროს სამოსახლოსაც ამგვარ გამაგრებულ პუნქტად მიიჩნევს.

სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ, დამოუკიდებელ გამაგრებულ ობიექტს წარმოადგენდა.

მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. მათი აზრით საროს ციხე სამი ნაწილისგან შედგება:

  • „ქვეუბნის ციხე“, რომელიც სოფლის ბოლოს დასავლეთითაა (ქვეუბანი)
  • „ზედა ციხე“, ანუ საყდრის ციხე, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა
  • „ახალი ციხე“, ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო დასავლეთით

თავისი განლაგებითა და კონსტრუქციით თითოეული ეს ციხესიმაგრე დამოუკიდებელ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს.

ჯავახური დარბაზის დეტალი

სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში (ჩვ.წ.აღ.-ით XV-XIV სს) და ელინისტურ ხანაში (ძვ.წ.აღ.-ით IV-III სს) ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები) ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დღემდე.

საროს სამივე ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება გვქონდეს ელინისტური და კიდევ უფრო ადრეული ხანის დიდი ქალაქური დასახლება, მსგავსად ოკამის გორისა, რომლის ფუნქციონირების პერიოდი სავარაუდოა, რომ არ შეწყვეტილა ფეოდალურ ხანაშიც.

ქვეუბნის ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ნაგებობა მეგალითური ანსამბლია და დღევანდელი დასახლებული პუნქტიდან დაახლ. 800-1000 მეტრის დაშორებით დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ციხეს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაღები, სამხრეთით — სახნავ-სათესი „ბერბუკების“ სახელწოდებით, ჩრდილო-დასავლეთით კი ფრიალო კლდეები. შეიძლება ითქვას, რომ ციხე ფრიალო კლდეზეა (ქარაფზე) აგებული, ნაგებობას საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. კედლის წყობაში გამოყენებულია შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის (დაახ. 1,0-1,5 მ. სიგრძისა და 0.8-1,0 მ. სიმაღლის) ბაზალტის თლილი ქვები. კედლის შუა ნაწილი, ქვებს შორის, ქვების წვრილი ნატეხებით, ე.წ. „ხურდითაა“ შევსებული. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). განსაკუთრებით საყურადღებოა შესასვლელი კარის კონსტრუქციები, სადაც გამოყენებულია დამუშავებული უზარმაზარი ქვის ლოდები.

როგორც ჩანს, ციხის გალავნის კედლები კლდის მასივზე საძირკვლის გარეშეა აგებული, ეს კი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაინცდამაინც მაღალი სიმაღლისა არ უნდა ყოფილიყო. დღეისათვის მისი სიმაღლე 2,5-3 მეტრამდეა შემორჩენილი. გალავნის კედლების სისქე 2,4 მეტრია. არის შემთხვევები, ფასადის მხარეს საგანგებოდ თაღურად დამუშავებული წყობის გამოყენებისა. აქ ჩახჩისებურ კონსტრუქციასთან უნდა გვქონდეს საქმე. რა დანიშნულება ჰქონდა მათ, ჯერჯერობით უცნობია.

1991 წელს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა პროფ. ო. ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. აღმოჩენილია საკმაოდ დიდი ფართობის 50X25 მ. დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარნები და ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები), ძვ.წ.აღ.-ით XV-XIV საუკუნის ელინისტური ხანის სამაროვანი. სიმაგრის ტერიტორიაზე მოპოვებული კერამიკული მასალა ძირითადად გვიანბრინჯაოს ხანისაა, არის ასევე უფრო ადრეულიც და ფეოდალური ხანისაც. სიმაგრის ძველი კედლები შეიძლება ელინისტური და უფრო ადრეული ხანის ფენას დაუკავშირდეს.

ციხის სამხრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „ბერბუკების სამაროვნებში“ მოპოვებული არქეოლოგიური მასალები გვიანი ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდს განეკუთვნება და პარალელები საქართველოს სხვა რეგიონებშიც (თრიალეთი, მაჭიხეთი და ა.შ.) აღმოჩენილ მასალებთან ეძებნება. აღმოჩენილი მასალა ჯავახეთის ზეგანზე (ჯავახეთის პლატოს ქვედა ტერასა – სარო-ხიზაბავრა) მცხოვრები ხალხის სხვა რეგიონების მოსახლეობასთან ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისითაც მეტად საყურადღებო უნდა იყოს.

ქვეუბნის ციხის სიახლოვეს, სამხრეთით, დღესაც ჩანს სხვადასხვა ხასიათის ნაგებობათა ნაშთები, რომელთა მშენებლობის ტექნიკა მეგალითურია და ხასიათდება მშრალი წყობით. აქვეა დარანიც, რომლის შესასვლელი უზარმაზარი თლილი ქვებით იყო გაკეთებული. ქვის დამუშავების ტექნიკა ისეთივეა, როგორიც ციხის კედლების ქვებისა.

ზემო, ანუ საყდრის ციხეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გ. ბოჭორიძის მითითებით „ეკლესიის დასავლეთით არის ორი ციხის ნანგრევი. იგი ნაშენია უზარმაზარი ლოდებისაგან. პირველში არის კირით გალესილი ორმო. ამ შენობებს კირი არ აქვს“. მართლაც, ზემო ციხე ორი ციხისაგან შედგება. პირველი არის საყდრის ციხის სამხრეთ დასავლეთით, რომელიც დამუშავებულია უზარმაზარი ქვის ლოდებით (სიგრძე 2,5-2,5 მეტრი, წონა 150-200 ტონამდე).

ზემო, ანუ საყდრის ციხეები

შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი (XX საუკუნის 60-იან წლებამდე ეს კედელი თვალნათლივ ჩანდა, 70-იანი წლებიდან მოსახლეობამ მისი ქვების ნაწილი დაჭრა და სახლის მშენებლობაში ქოშის, ანუ კუთხის ქვებად გამოიყენა). შეიძლება ითქვას, რომ ეს ციხე ციკლოპურ ნაგებობას განეკუთვნებოდა. მისი მშენებლობისა და კონსტრუქცია-არქიტექტურის დადგენა არქეოლოგიური შესწავლით უნდა მოხდეს (მისი სახელწოდება მოსახლეობაში ვერ დავაფიქსირეთ. მის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებშიც არ მოგვეპოვება).

საყდრის ციხეები მზის ჩასვლისას

შეიძლება ითქვას, რომ საყდრის მეორე ციხე პირველის ტერასულ-იარუსული გაგრძელებაა. მისი დასავლეთის კედელი ფაქტობრივად პირველის აღმოსავლეთის კედელს ეყრდნობა. ეს მეორე ციხე ეკლესიასთან საკმაოდ ახლოსაა (დაახლოებით 50-60 მეტრის დაშორებით) სამხრეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ფრიალო ქარაფის პირიდან იწყება. ციხის კედლები დიდი ზომის (1,0-1,3 მეტრი) გათლილი ქვებით მწყობრადაა ნაშენი. ციხის შიდა ფართი საკმაოდ დიდი ზომისა იყო, რომელშიც შეინიშნებოდა ცალკე სათავსოების ნაშთები. ერთ-ერთ ასეთ სათავსოში უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი იყო მარცვლეულის შესანახი კირითა და ქვით ნაგები საკმაოდ დიდი ზომის ორმო. ციხეს შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია.

ახალი ციხე, ანუ ციხე–კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის განაპირას, დასავლეთით, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევების ნაწილი, რომელსაც მოსახლეობა „კოშკის“ სახელით მოიხსენიებს. კოშკი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთი) მიუვალია, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს მისასვლელი. სოფლის ამ უბანში, კოშკის ციხის სიახლოვეს, დღესაც შემორჩენილია დიდი ზომის ქვებით მშრალად (კირხსნარის გარეშე) ნაგები უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები.

„ახალი ციხე“, ანუ კოშკი

კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით დღესაც შეიმჩნევა საკმაოდ დიდი სიგანის (დაახლოებით 2,5-3,0 მეტრი) კირ–ხსნარით ნაგები გალავნის ნაშთები, რომელნიც აღმოსავლეთით ბუნებრივ კლდეს უერთდება. თვითონ ციხე ნაგებია კირ-ხსნარით. გ. ბოჭორიძის თქმით, მთავარანგელოზის „ეკლესიის ჩრდილოეთით არის კოშკი ქვიტკირით ნაშენი, მასზედ არის 12 ბათმანიანი ქვევრი ქვის სარქველით“. შეიძლება ითქვას, ეს ქვევრი, ნახევარზე მიწით ამოვსებული, დღესაც ადგილზეა.

კოშკის ციხის გორაკს სამხრეთით და ჩრდილოეთით ძნელად მისადგომი დიდი ზომის ბუნებრივი გამოქვაბულები (მღვიმეები) აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გ. ბოჭორიძე აღნიშნავს: „ეს კოშკი დგას ციცაბო კლდეზე, რომელსაც ჩრდილოეთით და დასავლეთით აქვს ღრმა ხევები. მის ქვემოთ არის მრავალი მაღარო კლდეში. ზოგი ქვითკირით ნაშენი, ზოგში დარჩენილია ხისა და რკინის ნაწილები“. როგორც ჩანს, მოსახლეობა ამ მღვიმეებს საშიშროების დროს „სახიზრებად“ იყენებდა.

კოშკის ციხის გარკვეული ნაწილი დიდი ზომის თლილი ლოდებით რომ უნდა ყოფილიყო ნაშენი, ამას მოწმობს იქიდან დაგორებული ასომთავრულ წარწერიანი, გათლილ-გამოკვეთილი კედლის ქვა, რომელიც სოფლიდან ნიჯგორისკენ მიმავალ ბილიკთან ახლოს, მარჯვენა მხარეს, დიდი ხნის განმავლობაში იდო. მისმა წარწერამ არაერთი მკვლევარის ყურადღება მიიქცია.

XX საუკუნის 60-იან წლებში ეს წარწერიანი ქვა გადატანილი იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. წარწერის შინაარსი ასეთია: „ქრისტე ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმან რე*ი მამულობით გვიბოძა და მაჭის მამული. მას ჟამსა ესე ციხე ავაგეთ. მე ვაჩე დავწერე ძემან გურგენისამან“. დ. ბერძენიშვილის შეხედულებით „წარწერა XII საუკუნისა უნდა იყოს, რეხი კი შესაძლოა საროსთან ადგილის დამახასაითებელი სახელწოდება ყოფილიყო. რეხი ქვიანი გზაა კლდოვან კალთაზე“.

ისტორიული ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივ. როსტომაშვილის 1901 წელს გამოქვეყნებული ინფორმაცია საროს შესახებ:

ვიკიციტატა
„სოფელი სარო ძევს ჯავახეთში. ახალქალაქის მაზრაში, 25–3– ვერსზე ახალქალაქიდამ ჩრდილო–დასავლეთისაკენ მისგან. ჯავახეთის ვაკე–გორს განაპირზედ. საიდამაც ვითარცა ხელის გულზედ, იხილეს მშვენიერი სანახები მტკვრის ამწვანებული ხეობისა.

საროს მცხოვრებნი სულ მართლ–მადიდებელნი ქართველები არიან. ჰყავთ მღვდელი, აქვთ სასწავლებელი, სცხოვრობს აქ ერთი კომლი მაჰმადიანიც, ტომით ქართველი და ორბელიანია.

საროში აღსანიშნავია რამდენიმე ნაშთი, სახელდობრ – სამი ციხე ვაკეგორის განაპირზე, საშინელს ნაპრალს და ღრმა ხევის პირად. აი ზედ ამ ნაპრალის პირად აგებულია საუკუნიანის ლოდებით სამივე ციხე შორი–ახლო ერთი–ერთმანეთისაგან [...].

პირველი ციხე წარმოადგენს გურგვალს, კოშკისებურ შენობას, რომლის შიგნით მთლად ჩაკირულია დუღაბით, ზემო ნაწილი ციხისა მონგრეულია და ქვები მისი ყრია აქვე ახლო. აქვეა ერთი მოზრდილი ქვა, რომელზეც დაცულია ასო–მთავრული წარწერა. მასში ჩვენ ამოვიკითხეთ შემდეგი სიტყვები: „ქრისტე, ადიდე თამარი, დაუძლეველი მეფეთ–მეფე“. დანარჩენი აზრი კი სისრულით ვერ გავიგეთ, თუმცა ადვილად იკითხვის აგრეთვე სიტყვები: „გამრეკელსა“, „ესე“, „ციხე“ და სხვა, მაგრამ წარწერის სრული აზრი კი ვეღარ აღვადგინეთ. [...].“

ეს წარწერა წაიკითხა ჯერ ექვთიმე თაყაიშვილმა, შემდეგ ნახა ნიკო ბერძენიშვილმა და იგი ვ. ცისკარიშვილის „ჯავახეთის ეპიგრაფიკაშია“ შესული. ეს არის არა თამარ მეფის, არამედ დემეტრე II–ის წარწერა:

ვიკიციტატა
„ქრისტე ადიდენ ძლიერი და ო

ძლეველი მეფეთა მეფე

დემეტრე, რომელმან რეფი მა

................მულობით

გვბოძა. მას ჟამსა ესე

ციხე ავაგეთ. მე ვ.

აჩე დავწერენ

ერისთავთ ერისთავისანი და მა

....................ჯას მა

მული.“


სარო
სარო. ციკლოპური ციხე
სარო
სარო. ციკლოპური ნაგებობები
საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია
სარო. ციკლოპური ნაგებობა
Saro megalith-1.jpg
Saro megalith-2.jpg
Saro megalith-3.jpg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები