ალექსანდრე თვალჭრელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თვალჭრელიძე.
ალექსანდრე თვალჭრელიძე
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი (1 დეკემბერი) 1881
დაბ. ადგილი ჩერკესკი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 29 ივლისი 1957(1957-07-29) (75 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ალექსანდრე ანტონის ძე თვალჭრელიძე (დ. 19 ნოემბერი/1 დეკემბერი, 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი) — გ. 29 ივლისი, 1957, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946), სკკპ წევრი 1941 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1910 წელს ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1912–1913 წწ. მუშაობდა პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი, ხოლო შემდეგ (1919 წლამდე) დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1919 წლიდან თვალჭრელიძე სათავეში ჩაუდგა თსუ–ს მინერალოგია–პეტროგრაფიის კათედრას. 1928–1948 წლებში ასეთივე პროფილის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).

1941 წლის თებერვალში, იმ წელს როცა ალექსანდრე თვალჭრელიძეს 60 წელი უნდა შესრულებოდა იგი საქართველოს სხვა მოწინავე მეცნიერებებთან ერთად, აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა დიდმა მასწავლებელმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ვერნადსკიმ: „ძვირფასო ალექსანდრე ანტონის ძევ! დიდად გამეხარდა, რომ თქვენ აგირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. მიხარია თქვენთვისაც და მიხარია პრინციპულად, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო სამეცნიერო მუშაობის მძლავრი ცენტრი“.

1941 წლიდან თავჯდომარეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელ საბჭოს, სადაც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. 1941-1947 წწ. იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის სექტორს.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელია.

მისი შრომები შეეხება კრისტალოგრაფიის, მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. თვალჭრელიძის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოს, ქალცედონისა და სხვ. საბადოები საქართველოში. ომის შემდგომ წლებში იგი აქტიურად აგრძელებს თავის მოღვაწეობას: საქართველოს ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ბენტონიტების შესწავლას, საქართველოს სხვადასხვა რაიონების ბუნებრივ სიმდიდრეთა კომპლექსური ათვისების პრობლემათა კვლევას; არ ცხრება მისი პედაგოგიური მოღვაწეობაც. ამავე წლებში ალექსანდრე თვალჭრელიძე დიდ ყურადღებას უთმობს მეცნიერების ისტორიის საკითხებს, ხშირად კითხულობს პოპულარულ ლექციებს, მუშაობს მოგონებებზე.

1947 წელს უმაღლესი საატესტაციო კომისია მას დისერტაციის დაუცველად, თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს წარდგინებით, ანიჭებს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ა. თვალჭრელიძის შრომათა დახასიათება თბილისში გამოაგზავნა ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე ფერსმანმა.

სსრკ მე–7 მოწვევის ცაკისა და საქართველოს ცაკის წევრი (1935–1937 წლებში). დაჯილდოებულის 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეომეტრიული კრისტალოგრაფია, ტფ., 1920;
  • კრისტალთა ოპტიკის შესავალი, თბ., 1957;
  • მაგმური ქანების პეტროგრაფია, ტ. 1 - ინტრუზიული ქანები, თბ., 1950.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]