ვარლამ თოფურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოფურია.
ვარლამ თოფურია
ვარლამ თოფურია.jpeg
დაბ. თარიღი 8 იანვარი 1901(1901-01-08)
დაბ. ადგილი ონტოფო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 21 აგვისტო 1966(1966-08-21) (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ენათმეცნიერება
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ვარლამ ტრიფონის ძე თოფურია (დ. 8 იანვარი, 1901, სოფელი ონტოფო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 21 აგვისტო, 1966, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებში — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებში — დირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. თოფურია იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კაკვასიურ ენებს. მისი შრომების საფუძველზე გადაწყდა ამ ენების ისტორიის, ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურის, დიალექტოლოგიის, ლექსიკური შედგენილობის, მეთოდიკისა და ეპიგრაფიკის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. საფუძვლიანად შეისწავლა ლაკური ენა და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა მას. განსაკუთრებული ამაგი დასდო სვანური ენის მეცნიერულ შესწავლას („სვანური ენა. I. ზმნა“, 1930); მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „სვანური პოეზიის“ I ტომი (1939) და „სვანური პროზაული ტექსტების“ 3 ტომი (1939-1967), „ქართული დიალექტოლოგია“, ტ. I (1961).

საგანგებო ყურადღებას იმსახურებს თოფურიას გამოკვლევათა სერიები, რომლებშიც გაშუქებულია ქართველური ენების ფონეტიკური შესატყვისობის, სიტყვაწარმოების, ზმნისა და სახელის მორფოლოგიისა და სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაციის კარდინალური საკითხები. თოფურია იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და III ტომის რედაქტორი, „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“, „რუსულ-ქართული ლექსიკონის“, და „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ თანაავტორი. ეკუთვნის სახელმძღვანელოები უმაღლესი და საშუალო სკოლებისათვის. დატოვა მდიდარი და მრავალფეროვანი მეცნიერული მემკვიდრეობა. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვა ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 179, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]