ილია ვეკუა
ილია ნესტორის ძე ვეკუა (დ. 6 მაისი [ძვ. სტ. 23 აპრილი], 1907, შეშელეთი, სოხუმის ოკრუგი ― გ. 2 დეკემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.[5]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს, ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. იგი კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ილია ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.
1937 წელს ილია ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში“. იმავე წელს აირჩიეს დოცენტად. 1939 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის“. 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ილია ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.
1944 წელს ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს.
1944-1947 წლებში ილია ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში - თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია „ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები“. ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა.
1951 წელს ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.
1958 წელს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1959 წელს ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ „Сибирский математический журнал“-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ „Вестник Академии наук СССР“- ის რედკოლეგიის წევრი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.
1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი – 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. ასევე, ილია ვეკუას სახელს ატარებს ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. 1972 წლის მაისში ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.
ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილია ვეკუას შესახებ
- ილია ვეკუა „ისინი იყვნენ პირველების“ საიტზე დაარქივებული 2005-11-23 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანია გ., ხვედელიძე ბ., ილია ვეკუა, თბ., 1967
- Бицадзе А. В., Илья Несторовиз Векуа, Тб., 1967
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 346.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://ussr-cccp.moy.su/publ/grazhdane_sssr/akademiki_sssr/vekua_ilja_nestorovich_akademik_an_sssr_sovetskij_uchjonyj_matematik_06_05_1907_02_12_1977/238-1-0-843
- ↑ „ილია ვეკუას არქივი მისმა შთამომავლებმა ეროვნულ არქივს გადასცეს“. საქართველოს ეროვნული არქივი. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
|
|
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 6 მაისი
- დაბადებული 1907
- გარდაცვლილი 2 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1977
- თბილისში გარდაცვლილები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- სოციალისტური შრომის გმირები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ქართველი მათემატიკოსები
- ქართველი მექანიკოსები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორები
- მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები
- გალის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ვეკუები
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები