შინაარსზე გადასვლა

რევაზ გამყრელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამყრელიძე.
რევაზ გამყრელიძე
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1927(1927-02-04)[1]
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 5 მაისი, 2025(2025-05-05)[2] (98 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[3]
მუშაობის ადგილი სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინური პრემია

რევაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე (დ. 4 თებერვალი, 1927, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 5 მაისი, 2025, მოსკოვი, რუსეთი) — საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2003). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1985).[4] მართვის ოპტიმალური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თამაზ გამყრელიძის ძმა.

1945–46 წლებში რევაზ გამყრელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, 1946 წლიდან სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს, ხოლო 1953 წელს დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.[5]

1953–55 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვლადიმერ სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1955–88 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1988–98 წლებში დიფერენციალური განტოლებებისა და მართვის თეორიის განყოფილების გამგე. 1997 წლიდან გარდაცვალებამდე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მეცნიერი მრჩეველი.[4]

მისი ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიის, დიფერენციალურ განტოლებათა, ავტომატური მართვის და ოპტიმალურ პროცესთა თეორიულ საკითხებს და სხვა. გამოთვალა კომპლექსურ ალგებრულ მრავალსახეობათა მახასიათებელი კლასები, ე. წ. ჩერნის ციკლები.[6]

გამყრელიძემ პირველმა მათემატიკურად დააფუძნა მაქსიმუმის პრინციპი წრფივი სწრაფქმედი ოპტიმალური სისტემებისათვის, გამოიკვლია შემოსაზღვრული ფაზურკოორდინატებიანი ოპტიმალური პროცესები, შემოიღო მცოცავი ოპტიმალური რეჟიმის ცნება და კვაზიამოზნექილი სიმრავლის ცნება წრფივ ტოპოლოგიურ სივრცეში, რომელთა დახმარებით შეიქმნა ექსტრემალურ ამოცანათა ზოგადი თეორია, რისთვისაც 1962 წელს ლევ პონტრიაგინთან, ვლადიმერ ბოლტიანსკისა და ევგენი მიშჩენკოსთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია.[7][8]

1961 წლიდან იყო რუსეთის რეფერატული ჟურნალის „მატემატიკის“ მთავარი რედაქტორი, აგრეთვე დამფუძნებელი რედაქტორი მათემატიკური მეცნიერებების ენციკლოპედიისა (Encyclopedia of Mathematical Sciences). რევაზ გამყრელიძე ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.[7]

1980 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია.[9]

2024 წლის 5 თებერვალს სამამულო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის და დამსახურებისათვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისათვის და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით გადაეცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელი.[10]

რევაზ გამყრელიძე გარდაიცვალა 2025 წლის 5 მაისს, ქალაქ მოსკოვში, 98 წლის ასაკში.

  • Математическая теория оптимальных процессов, [3 изд.], М., 1976 (თანაავტ.);
  • Основы оптимального управления, 2 изд. Тб., 1977.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. WorldCat EntitiesOCLC, Inc., 2022.
  2. http://www.viniti.ru/news/483-gamkrelidze-nekrolog
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #174092245 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. 4.0 4.1 რევაზ გამყრელიძე | საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  5. საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 2016. გვ. 195
  6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 669.
  7. 7.0 7.1 რევაზ გამყრელიძე | საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  8. Математический энциклопедический словарь. М., Сов. энциклопедия, 1988
  9. ებანოიძე თ., რ. გამყრელიძის დაბადების 60 წლისთავის გამო, «მეცნიერება და ტექნიკა», 1987, № 2.
  10. [https://web.archive.org/web/20240205114322/http://publication.pravo.gov.ru/document/0001202402050006?pageSize=1&index=1 Распоряжение Президента Российской Федерации от 05.02.2024 № 32-рп "О поощрении"]