რობერტ ადამია
რობერტ ადამია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 აპრილი, 1933 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 2011 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მექანიკოსი და მანქანათმშენებელი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი |
რობერტ შალვას ძე ადამია (დ. 6 აპრილი, 1933 — გ. 2011, თბილისი) — ქართველი მექანიკოსი და მანქანათმშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983), აკადემიკოსი (1993).
1951 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის ვაჟთა 8-ე საშუალო სკოლა. 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი. 1959-1962 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის მეტალურგიული მანქანათმშენებლობის ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა დისერტაციის დაცვით. 1963 წლიდან იგი სამუშაოდ დაბრუნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1971-1983 წლებში ხელმძღვანელობდა „ლითონთა წნევით დამუშავების“ კათედრას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1983 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის სამეცნიერო ცენტრს. 1998-2007 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი.
მისი სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა სფეროს განეკუთვნებოდა, რომლებსაც კავშირი ჰქონდა გამოყენებითი მექანიკის პრობლემებთან. იგი 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, მათ შორის 30-ზე მეტი გამოგონებისა და 12 მონოგრაფიისა, რომელთა ნაწილი აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამოიცა. მისი მონოგრაფია „მანქანათა დინამიკა“ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომად აღიარეს მანქანათმშენებლობისა და მანქანათმცოდნეობის დარგში. უკანასკნელი მონოგრაფია კი „სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია“ 2011 წელს გამოაქვეყნა, ისიც ფუძემდებლური სამეცნიერო ნაშრომია.
მინიჭებული ჰქონდა გ. ნიკოლაძისა (1994) და საქართველოს სახელმწიფო პრემიები (2000). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). რობერტ ადამია იყო ქუთაისის საპატიო მოქალაქე. დიდია მისი როლი როგორც პედაგოგის, აღმზრდელის, სამეცნიერო კონსულტანტის ახალგაზრდების მეცნიერებად ჩამოყალიბების საქმეში. რობერტ ადამიას ხელმძღვანელობითა და კონსულტაციით 20-ზე მეტმა პიროვნებამ დაიცვა სადოქტორო, ხოლო რამდენიმე ათეულმა საკანდიდატო დისერტაციები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 6 აპრილი
- დაბადებული 1933
- ქუთაისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 2011
- თბილისში გარდაცვლილები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ქართველი ინჟინრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ადამიები
- ქუთაისის საპატიო მოქალაქეები