ვლადიმერ ჭავჭანიძე
ვლადიმერ ჭავჭანიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 სექტემბერი, 1920 |
დაბ. ადგილი | სოხუმი |
გარდ. თარიღი | 4 იანვარი, 2010 (89 წლის) |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი |
ვლადიმერ ჭავჭანიძე (დ. 22 სექტემბერი, 1920, სოხუმი — გ. 4 იანვარი, 2010, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974)[1], ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედკოლეგიის წევრი, სამეცნიერო ჟურნალ „მეცნიერება და ტექნოლოგიების" მთავარი რედაქტორი,
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა სოხუმში, ინჟინრის ოჯახში. 1936-1941 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ). 1941-1946 მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში — იბრძოდა უკრაინაში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში. დაჯილდოვებულია არაერთი საბრძოლო ორდენითა და მედლით.
1947-1949 წლებში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის (ფიან) ასპირანტი, სადაც მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების გვერდით ღირსეულად შრომობდა ურთულესი ფიზიკური პრობლემების ფართომასშტაბურ და ორიგინალურ გადაწყვეტაზე. 1950-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშომლად და განყოფილების გამგედ.
XX საუკუნის 50-იან წლებში ვლადიმერ ჭავჭანიძემ ე. წ. „მონტე-კარლოს“ მეთოდით მოახდინა გამოთვლა, რომლითაც წარმატებით მოხერხდა მდინარე ვოლგის გადაკეტვა მასზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს.
1960 წელს ვლადიმერ ჭავჭანიძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი და 1960–1981 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში, რისი ლოგიკური დადასტურება იყო თბილისში ჩატარებული მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები (იაპონია, აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვ.)
მისი აქტიური მოღვაწეობით თსუ-ში გაიხსნა ახალი ფაკულტეტი, რომელიც სტუდენტებს ორი მიმართულებით იღებდა: კიბერნეტიკა და სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკა, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა იყო. 1969 წლიდან ვ.ჭავჭანიძე ხელმძღვანელობდა ფაკულტეტზე დაარსებულ კიბერნეტიკის კათედრას,[2] 1980-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ა.ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას. იყო 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 20-ზე მეტი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორი. ჭავჭანიძის შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თეორიის საკითხებს. 1967 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1974 წელს — ნამდვილ წევრად.
1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „მრავალჯერადი გაბნევების და დანაკარგების კვლევა დამუხტული ნაწილაკების ნივთიერებაში სტოქასტიკური მეთოდებით“[3] 1964 წელს — სადოქტორო დისერტაცია „მოდელირების და სტოქასტიკის მეთოდები ფიზიკასა და კიბერნეტიკაში“[4]
გარდაიცვალა თბილისში 2010 წელს. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის №61 დადგენილების საფუძველზე კიბერნეტიკის ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი.[5]
ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ღირსების ორდენი (1996 წ.) საქართველოში კიბერნეტიკულ მეცნიერებათა დაფუძნების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის[6]
- წითელი დროშის ორდენი
- საქ. მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „Методы моделирования и стохастики в физике и кибернетике“ Обобщающий доклад. (ავტორი) თბილისი. თსუ. 1964. 61გვ.
- კიბერნეტიკის ზოგიერთი საკითხი (ავტორი). თბილისი. საქ. სსრ მეცნ.აკ.გამომცემლობა. 1962.
- სწავლებით სახეთა გამოცნობის ზოგიერთი ამოცანა და ექსპერტული სისტემები (რედაქტორი). თბილისი. ინტელექტი. 1998.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 379.
- „საქართველოს რესპუბლიკა“ 4. 9 იანვარი. 2010 წელი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 22 სექტემბერი
- დაბადებული 1920
- სოხუმში დაბადებულები
- გარდაცვლილი 4 იანვარი
- გარდაცვლილი 2010
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი მეცნიერები ინფორმატიკის დარგში
- ქართველი მათემატიკოსები
- ქართველი ფიზიკოსები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ჭავჭანიძეები
- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი კიბერნეტიკოსები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ქართველი პროფესორები