ვაჟა ოკუჯავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაჟა ოკუჯავა
Vazha Okudjava.png
დაბ. თარიღი 25 თებერვალი 1930(1930-02-25)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 17 მარტი 2011(2011-03-17) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ზაალ კოკაია

ვაჟა მიხეილის ძე ოკუჯავა (დ. 25 თებერვალი, 1930, თბილისი — გ. 17 მარტი 2011, თბილისი) — ქართველი ნეიროფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი. 1956—1959 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1960 წელს გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კურსი. ამავე წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია, 1966 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1967 წლიდან პროფესორია. 1973–1975 წლებში, იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1980–1985 წლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია.

1967– წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად, 1974 წლიდან აკადემიკოსია. 1975–1980 წლებში არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედიცინის პრობლემათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, 1975 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ (ბიოლოგიური სერია) მთავარი რედაქტორია, 1978 წლიდან 1990 წლამდე ხელმძღვანელობს საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიას, 1985 წლიდან თსუ–ის ბიოლოგიის ფაკულტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიას, 1993–1997 წლებში – სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის ნევროლოგიური ელექტროდიაგნოსტიკის განყოფილებას. იყო რუსეთის ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ევროპის ეპილეფსიის აკადემიის წევრი, ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის წევრი, საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოების წევრი და სხვ. 1975 წლიდან ი.ბერიტაშვილის სახელობის საქ. ფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტია.

1961 წლიდან – 2000 წლამდე ვაჟა ოკუჯავა არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილების გამგე, 2000 – დან 2006 წლამდე ამავე სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორია. 2006 წლიდან — საქართველოს განათლების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ამავე წლიდან არის თსუ–ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

1967–1968 წლებში მიწვეული იყო სამუშაოდ, როგორც მეცნიერი; ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ეროვნულ ინსტიტუტში ბეთესდასა და მერილენდში (აშშ), 1970 წელს კი მაინის ფრანკფურტში (გერმანია), მაქს პლანკის სახელობის ტვინის კვლევის ინსტიტუტში. იყო მრავალი სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე, რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის კონსულტანტ–რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი.

ვაჟა ოკუჯავას ნაშრომები ეძღნებოდა თავის ტვინის ნერვული უჯრედების ბიოფიზიკური თვისებებისა და ელექტრული აქტივობის, თავის ტვინის ეპილეფსიური აქტივობის ნატიფ–ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების, ნეიროფარმაკოლოგიური ნივთიერებების მოქმედების ბუნების, ადამიანისა და ცხოველთა ძილ–ღვიძილის ციკლის ფიზიოლოგიური საფუძვლების და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლას. იყო ორასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 5 მონოგრაფიის ავტორი. მისი კვლევების ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ნევროლოგიურ დაავადებათა მოდელირება და მათი ნეიროფიზიოლოგიური კვლევა, ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა, ნევროლოგიური ელექტრო–დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწა და განვითარება, ნეიროფარმაკოლოგიური სამკურნალწამლო შენაერთების მონიტონირება და მათი ფარმაკოკინეტიკისა და მეტაბოლიზბის კვლევა, მეხსიერების შესაძლო ნეირობიოლოგიური მექანიზმების გამოკვლევა ნეირონულ დონეზე, ქცევათმეცნიერული კვლევები, მეხსიერების ფორმები და მათი დარღვევების პრობლემები, ფსიქოპათოლოგიურ მოვლენათა მოდელირება და ა.შ.

1981 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1981 წელს მიიღო ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია, 1999 წელს ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, რომელიც თეირანში გადაეცა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო, ცნობილი სამეცნიერო საგრანტო ფონდების მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში, როგორც ძირითადი შემსრულებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, მიღებული ჰქონდა სამთავრობო ჯილდოები, მათ შორის ორდენები.

ვაჟა ოკუჯავა გარდაიცვალა 2011 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, 2002, თბ., გვ. 716.