გიორგი ციციშვილი (მწერალი)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გიორგი ციციშვილი (მწერალი)}} |
გიორგი ციციშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ნოემბერი, 1922 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 29 ოქტომბერი, 2005 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ვახტანგ გორგასლის ორდენი |
გიორგი შალვას ძე ციციშვილი (დ. 23 ნოემბერი, 1922 – გ. 29 ოქტომბერი, 2005, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1986), მეორე მსოფლიო ომის (1941—1945) მონაწილე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკადემიკოსი გიორგი შალვას ძე ციციშვილი დაიბადა 1922 წლის 23 ნოემბერს თბილისში. მან დაამთავრა თბილისის ახლანდელი 53-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1950 წელს გიორგი ციციშვილმა სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მ. გორკის სახ. მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის (ИМЛИ) დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1953 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. იყო ამ ინსტიტუტის სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე და დირექტორი, ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალური საბჭოს თავმჯდომარე.
გიორგი ციციშვილის უდიდესი დამსახურებაა რომ რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ყოფილი საკავშირო საატესტაციო კომისიის სპეციალური დადგენილებით ჩრდილო კავკასიის, ამიერკავკასიის რესპუბლიკების სპეციალისტების დისერტაციების დაცვა მოსკოვს გარდა მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამით საქართველომ დიდი დახმარება გაუწია კავკასიის ხალხებს ლიტერატურათმცოდნეობითი კადრების აღზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.
1958 წელს გიორგი ციციშვილის ინიციატივით და ხელმძღვანელობით რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შეიქმნა ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილება. მისი პრობლემატიკითა და მუშაობით დაინტერესდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემია და მალე მისი გამოცდილების მაგალითზე ჩამოყალიბდა ანალოგიური განყოფილებები ჯერ საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ, ყველა ყოფილ მოკავშირე და ავტონომიურ რესპულიკაში.
აკადემიკოს გიორგი ციციშვილის ხელმძღვანელობით მრავალი დისერტაცია იქნა დაცული არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა რესპუბლიკების სამეცნიერო ხარისხების მაძიებლებელთა მიერ.
1976 წელს არჩეულ იქნა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1988 წელს აკადემიკოსად. იყო მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორგანო „მაცნეს“ ენისა და ლიტერატურის სექციის რედაქტორი.
გიორგი ციციშვილი მრავალმხრივი მეცნიერ-მკვლევარი იყო. იგი ავტორია მრავალი ათეული სამეცნიერო ნაშრომისა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილისა. მისი მონოგრაფიები, ცალკეული ნაშრომები მოიცავს ლიტერატურის თეორიის პრობლემებს, ქართული მწერლობის ახალი და უახლესი პერიოდების ლიტერატურული პროცესის ანალიზს, სალიტერატურო კრიტიკის აქტუალურ პრობლემატიკას, ლიტერატურულ ურთიერთობათა თეორიისა და ისტორიის, თეატრისა და თეატრმცოდნეობის თეორიულ საკითხებს.
გიორგი ციციშვილის შრომების მცირე ჩამონათვალი: „მიხეილ შოლოხოვის შემოქმედება და კრიტიკა“, 1954 წ; „მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის საკითხი“, 1957 წ; „წერილები თეატრისა და დრამატურგიის შესახებ“, 1959 წ; „ქართული საბჭოთა დრამატურგია“, 1962 წ; „ვასო გოძიაშვილი“, 1964; „გერცელ ბააზოვის ცხოვრება და შემოქმედება“, 1965 წ; „ქართული საზოგადოებრიობა და მაქსიმ გორკი“, 1968 წ; „ჭოლა ლომთათიძე“, 1970 წ; წ; „შალვა დადიანი“, 1974 წ; „სანდრო შანშიაშვილი“, 1976 „ლიტერატურული ურთიერთობანი“ — I ტომი, 2003 წ. და სხვ.
ფრიად მნიშვნელოვანია გიორგი ციციშვილის, როგორც მწერლის, ბელეტრისტის შემოქმედება. მისმა რომანებმა, „სიყვარული სისხლის წვიმების დროს“, „სძლიე სიხარბესა შენსა“ ავტორს მკითხველი საზოგადოების სიყვარული და აღიარება მოუპოვა.
გიორგი ციციშვილი ორ ათეულ წელზე მეტი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. ის იყო თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი და კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.
აკადემიკოსი გიორგი ციციშვილი კითხულობდა სპეცკურსებს ქართული ლიტერატურის ისტორიის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის უნივერსიტეტებში.
აკადემიკოსი გიორგი ციციშვილი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1986 წელს არჩეულ იქნა საქართველოს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ, ამავე დროს იყო საკავშირო მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი.
გ. ციციშვილი წლების განმავლობაში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის რუსულენოვანი ჟურნალ „ლიტერატურნაია გრუზიას„ რედაქტორი. ამ პერიოდში ჟურნალში იბეჭდებოდა მრავალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული, პროგრესული ნაწარმოები.
გიორგი ციციშვილი იყო მეორე მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე. იბრძოდა მოსკოვის, ლენინგრადის, ვოლხოვის, კარელიის, მესამე ბელორუსიის ფრონტებზე. დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით. დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გ. ციციშვილის ინიციატივით შეიქმნა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო. აკადემიკოსი გიორგი ციციშვილი მთელი თავისი სამეცნიერო, სამწერლო და საზოგადოებრივი საქმიანობის განმავლობაში გამოირჩეოდა დიდი პასუხიმგებლობით, ჭეშმარიტი პროფესიონალიზმით, მკვეთრად გამოხატული ეროვნული სულისკვეთებით, რომელიც მკაფიოდ მჟღავნდებოდა მის მხატვრულ შემოქმედებაში და მოღვაწეობაში.