რევაზ გაჩეჩილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩეჩილაძე.
რევაზ გაჩეჩილაძე
დაბ. თარიღი 4 მაისი, 1943(1943-05-04) (80 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე და გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა გივი გაჩეჩილაძე
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

რევაზ გაჩეჩილაძე (დ. 4 მაისი, 1943, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, გეოგრაფი; გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ლაურეატი; საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ისრაელში, სომხეთში, გაერთიანებულ სამეფოში და სლოვაკეთის რესპუბლიკაში), ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. არჩეული იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტად (2008-2016)და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელ წევრად (2001 წლიდან). 2014 წლის 7 ივლისიდან 2016 წლის 1 მარტამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.[1]. 2016 წლის 11 აპრილს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც იმუშავა 2020 წლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის იან ამოს კომენსკის სახელობის 24-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიულ განყოფილებაზე, რომელიც 1965 წელს დაამთავრა წარჩინების დიპლომით (სპეციალობა „აღმოსავლეთის ქვეყნების (თურქეთის) ქვეყანათმცოდნეობა“). 1965-1968 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასპირანტურაში სპეციალობით „საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“. 1973-1974 წლებში გაიარა სამეცნიერო სტაჟირება (post-doctoral study) ლონდონის უნივერსიტეტის კინგს კოლეჯში (Kings College, University of London).

1990 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „რესპუბლიკის სოციალური გეოგრაფია (საქართველოს სსრ მასალებზე)“. სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ ეს დისერტაცია ცნობილი იქნა საბჭოთა კავშირში იმავე გრიფით 1990 წელს დაცულ დისერტაციათა შორის საუკეთესოდ.

1968 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტად (1969-1971 წწ.), დოცენტად (1972-1991 წწ.), პროფესორად (1991-1998 წწ., 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 1 მარტამდე, 2009 წლის დეკემბრიდან - დღემდე), კათედრის გამგედ (1993 წლიდან 1998 წლამდე.

1980-1987 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე: 1980 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივნად. 1981-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ. იმავე პერიოდში შეთავსებით (ნახევარ შტატში) მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1987-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში — საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის განყოფილების გამგედ, სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორად, დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.

1997 წლის 1 აგვისტოდან იყო დიპლომატიურ სამუშაოზე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორად. 1998 წლის 19 თებერვლიდან 2004 წლის 15 სექტემბრამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში. 2005 წლის 26 თებერვლიდან 2009 წლის 26 თებერვლამდე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 2009 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 31 ოქტომბრამდე იყო საგანგებო დავალებათა ელჩი. 2014-2016 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, 2016-2020 წლებში -- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანიელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე შეთავსებით იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. 1996 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1998 წელს მიენიჭა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 1996-1998 წლებში სათავეში ედგა ქართველ გეოგრაფთა ეროვნულ კომიტეტს (იმ პერიოდში საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება გახდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის წევრი). 2001 წელს არჩეულ იქნა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელ წევრად.

2008 წლის 29 მარტიდან 2016 წლის აპრილამდე იყო ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. 2009 წლის აპრილში აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2018 წელს -- წევრად. 1995-1997 წლებში იყო NATO-ს მეცნიერ-მკვლევარი კონკურსში მოპოვებული გრანტის საფუძველზე.

არის ავტორი 150-ზე მეტი შრომისა, მათ შორის 30-მდე მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი.

წინაპრები და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა — გივი გაჩეჩილაძე (1914-1974), თსუ-ის პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დედა — ირინე კანდელაკი (1922-2015), იყო ექიმი-პედიატრი.

ჰყავს მეუღლე — მზია მარსაგიშვილი და ორი შვილი.

მნიშვნელოვანი შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The New Georgia: Space, Society, Politics. UCL Press, London and Texas A&M University Press. 1995
  • Migration of Population of Georgia and its Social-Economic Consequences, Tbilisi, UNDP, 1997
  • ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (პირველი გამოცემა - 2003, მესამე გადამუშავებული გამოცემა -- 2011)
  • ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო ისტორიისა და გეოპოლიტიკის კონტექსტში, ტ. I, — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008
  • ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო ისტორიისა და გეოპოლიტიკის კონტექსტში, ტ. II, — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011
  • საქართველო მსოფლიო კონტექსტში: XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013, (მეორე გამოცემა -2017)
  • გაერთიანებული სამეფო: სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016
  • Georgien in Weltopitischen Kontext. Klagenfurt, 2017
  • ახლო აღმოსავლეთი: ორ ტომად, -- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ტ. 1 2018, ტ.2 2019


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რ. გაჩეჩილაძე — ახლო აღმოსავლეთი. ორ ტომად, თბილისი — 2018-2019

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]