ტარასი კვარაცხელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვარაცხელია.
ტარასი კვარაცხელია
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1889(1889-03-10)
დაბ. ადგილი ნაკიფუ, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1951(1951-08-27) (62 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა აგრონომი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ტარასი კვარაცხელია (დ. 10 მარტი, 1889, ნაკიფუ, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 27 აგვისტო, 1951 თბილისი) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1946). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).[1] ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემიის წევრი.[2]

დაამთავრა უმანის მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სასწავლებელი 1911 წელს. იმავე წელს შედის სანქტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კურსებზე. 1914-1916 წლებში ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ-საჩვენებელ სადგურს. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1925 წელს ნიშნავენ აფხაზეთის მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. სოხუმის საცდელ სადგურში მუშაობის დროს აქვეყნებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შრომებს. 1930 წლიდან გადაიყვანეს ოზურგეთში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის შესაქმნელად დაბა ანასეულში. 1932 წელს იგი მიავლინეს შორეულ აღმოსავლეთში. 1936 წელს ისევ სოხუმში გადაჰყავთ, ხოლო 1937 წლიდან იგი დანიშნეს სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის გამგედ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.[2]

იკვლევდა სუბტროპიკული კულტურების დიფერენცირებული აგროტექნიკის, ნიადაგის ეროზიის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. შეისწავლა და გამოავლინა სუბტროპიკული კულტურების ახალი რაიონები; დაადგინა, რომ კონტინენტური სრულასაკოვანი ხეხილის ფესვთა სისტემა იკავებს რიგთშორისების მთელ ფართობს, სიღრმეში კი აქტიური ფესვების უმეტესი ნაწილი საშუალოდ 30 სმ-ზე ღრმად არ ვრცელდება. ამ გამოკვლევების საფუძველზე დამუშავდა ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკა. 1912 წელს კვარაცხელია გვთავაზობს ატმის გამრავლების ახალ ხერხს — კურკით, საყოველთაოდ მიღებული კალმით მყნობის მაგივრად. აქვე იძლევა ატმის თესლით გამრავლების აგროტექნიკას და სამეგრელოში გავრცელებული ატმის საწარმოო ჯიშების აღწერას. აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო. სულ გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი შრომა. მისი თანაავტორობით არის გამოცემული შრომა „მეჩაიეობა“ (1950), რომელიც თარგმნილია რუსულ და ჩინურ ენებზე.[1]

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. მეცნიერული კვლევის გარდა იგი 25 წლის მანძილზე ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა. მონაწილეობდა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის შედგენაში და სხვა ცნობარული ხასიათის გამოცემებში.[3]

პ. კრასილნიკოვი აღნიშნავდა:[3]

ვიკიციტატა
„ტ. ყ. კვარაცხელია — დიდი სპეციალისტია რიზოლოგიის დარგში, რომელიც 40 წელზე მეტია რაც მუშაობს ხეხილი მცენარეების ფესვთა სისტემის შესწავლაზე...“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანდარინის ბაღის მოვლა, ტფ., 1925;
  • ნიადაგის გადარეცხვა და წალეკვა ჩაის პლანტაციებზე, ტფ., 1933;
  • ჩაის ბუჩქი და მისი თანამგზავრი კულტურები, ტფ., 1936.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 489.
  2. 2.0 2.1 ტარასი კვარაცხელია — ქართველი ავტორები
  3. 3.0 3.1 ტარასი კვარაცხელია. ბიობიბლიოგრაფია, შემდგენლები ნ. ბაღათურია, ი. დუდუჩავა, თბილისი, 1980.