ფილიპე ზაიცევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპე ზაიცევი
დაბ. თარიღი 14 (26) მარტი, 1877 ან 26 მარტი, 1877(1877-03-26)[1]
დაბ. ადგილი კიევი
გარდ. თარიღი 10 ივნისი, 1957(1957-06-10) (80 წლის) ან 20 ივლისი, 1957(1957-07-20)[1] (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ენტომოლოგი და მეცნიერი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი, Institute of Agriculture and Forestry და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ფილიპე ზაიცევი (დ. 26 მარტი 1877, კიევი — გ. 10 ივნისი 1957, თბილისი) — ენტომოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).

1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1902 წელს იგი იწყებს დიდ სამუშაოს ნოვგოროდის გუბერნიის ხეშეშფრთიანი და ქერცლფრთიანი მწერების ფაუნის შედგენილობის შესასწავლად. 1911 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. 1912 წელს ზაიცევის თაოსნობით ჩამოყალიბდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ენტომოლოგიური კაბინეტი. 1920-1928 წლებში იგი იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორი და დეკანი, ხოლო 1929-1936 წლებში — რექტორი. 1920 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას. 1932 წელს სათავეში ჩაუდგა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის (1934 წლიდან საქართველოს) ფილიალის ზოოლოგიურ სექტორს (1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი), რომელსაც განაგებდა გარდაცვალებამდე.[2]

შეისწავლა საქართველოსა და ამიერკავკასიის მწერების (მათ შორის მავნე მწერების) მრავალი ოჯახი და ჯგუფი, გამოავლინა ახალი გვარები და სახეობები, იკვლევდა მწერების ფაუნას, სისტემატიკას, ეკოლოგიისა და ზოოგეოგრაფიის საკითხებს.[2] იგი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.[3]

იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების, კავკასიის ცხოველთა აკლიმატიზაციის საზოგადოების, მოსკოვის ენტომოლოგიური საზოგადოების, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების (1911-დან), რუსეთის ენტომოლოგიური საზოგადოების (1905-1910), რუსეთის მეხილეობის საზოგადოების, საერთაშორისო ენტომოლოგიური კონგრესების ორგანიზაციის მუდმივი კომიტეტის (1910-დან) წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის მეცნიერ მოღვაწეთა პანთეონში.[3]

მეორე მსოფლიო ომში ზაიცევი იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური რაზმის კონსულტანტი, რისთვისაც 1944 წელს დააჯილდოვეს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, ხოლო 1946 წელს — მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.[4]

ცნობილი რუსი ენტომოლოგი ოლეგ კრიჟანოვსკი აღნიშნავდა:[4]

ვიკიციტატა
„ალბათ, საბჭოთა ენტომოლოგთა შორის არ იყო ფ. ზაიცევისთანა უნივერსალურად განსწავლული სისტემატიკოსი და უთუოდ, არავინ ასე კარგად არ იცნობდა კავკასიის და, განსაკუთრებით, ამიერკავკასიის ხეშეშფრთიანების ფაუნას...“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Заметки о жесткокрылых Кавказа и сопредельных стран, Тифлис. 1916;
  • Материалы о фауне жесткокрылых Кавказа, вып. 1 — 4, Тифлис. 1915—16;
  • Водяные жуки коллекции Мочульского, П., 1916;
  • Как бороться с тлей на хлопчатнике, Тифлис. 1925;
  • Хлопковая совка и ее гусеница — "коробочный червь", Баку, 1924.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://sdei.senckenberg.de/biographies/information.php?id=46963
  2. 2.0 2.1 ჭოლოკავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 475.
  3. 3.0 3.1 ფილიპე ზაიცევი — ქართველი ავტორები
  4. 4.0 4.1 ფილიპე ზაიცევი, ბიობიბლიოგრაფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1980.