თევდორე ღლონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თევდორე ღლონტი
დაბ. თარიღი აპრილი, 1888
დაბ. ადგილი ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 ივლისი, 1937
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია (1912-1924)
სკკპ (1924-1937)
მამა ზურაბ ღლონტი

თევდორე (თედო) ღლონტი (დ. აპრილი, 1888, ლანჩხუთი — გ. 11 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1926-28 წლებში, ფინანსთა და კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი 1934 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. ლანჩხუთის ორკლასიანი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ფოთის საქალაქო სასწავლებელში. 1903-1904 წლებში ექსტერნად სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში. დაინტერესებული იყო პოლიტიკური ეკონომიით და ეცნობოდა ჟელეზნოვის, ბოგდანოვის და ჩუპროვის ნაშრომებს. იყო რსდმპ მენშევიკების ფრაქციის წევრი. 1905-1906 წლებში ლანჩხუთში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დაარსებულ მკითხველთა წრეებს. მისი პირველი ფელეტონი „დამარცხდება თუ არა მოძრაობა?“ დაიბეჭდა გაზეთ „ელვაში“. 1906 წელს ადმინისტრაციული წესით გააძევეს სოფლიდან სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან თანამშრომლობის გამო. მოგვიანებით სწავლობდა პეტერბურგის უმაღლეს კომერციულ კურსებზე, სწავლობდა ქართულ ეკონომიკას, პეტროგრადში წაიკითხა რამდენიმე ლექცია ევროპის სოფლის ეკონომიკაზე. 1909 წელს პეტერბურგიდან დაიწყო თანამშრომლობა ქართულ გაზეთებთან. სწავლის დასრულების შემდეგ პეტერბურგი დატოვა და მუშაობდა ბაქოში.

1912 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი და მისი ერთ-ერთი ლიდერი, 1913-1914 წლებში თანამშრომლობდა მხოლოდ სოციალისტ-ფედერალისტურ პრესასთან, წერდა ირიგაციის, მელიორაციის, კრედიტის, მუნიციპალური და სახელმწიფო საკითხების შესახებ. 1915-1916 წლებში სათავეში ედგა პარტიის მემარცხენე ფრთას. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრი, 1919 წლის 15 აპრილს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი იოსებ გედევანიშვილის ნაცვლად. 1919 წელს ღლონტმა დააარსა გაზეთი „ზვირთი”, ხოლო 1919-1921 წლებში გაზეთ „სახალხო ფურცლის” რედაქტორი იყო.

1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ღლონტი დარჩა საქართველოში და რევკომის ნებართვით დაიწყო გაზეთ „სოციალის-ფედერალისტის“ ბეჭდვა. გაზეთში ის მოუწოდებდა საზოგადოებას ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ. 1922 წლიდან იყო საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილების უფროსი. 1922 წელს რედაქტორობდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთ „ტრიბუნას“. 1923 წლის ნოემბერში პარტიამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და შეუერთდა კომუნისტურ პარტიას. 1923 წლიდან კი იყო სსრკ ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებული საქართველოში. 1924 წელს თევდორე ღლონტი კომუნისტურ პარტიაში შევიდა. 1925 წლიდან იყო ასფსრ-ის წარმომადგენლის მოადგილე მოსკოვში.

1926 წლის 22 ივნისს ღლონტი დანიშნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. მან ამ პოსტზე შეცვალა ივანე ჯავახიშვილი. შალვა ამირეჯიბმა ღლონტის თსუ-ს რექტორად დანიშვნა კალიგულას მიერ ცხენის სენატორად დანიშვნას შეადარა[1]

ვიკიციტატა
„1921 წელს ის სტუდენტად არ მიიღეს, რადგან სწავლის სტაჟი არ ჰქონდა (სამოქ. სკოლა), დღეს კი, 22/VI რექტორად აირჩიეს“
(ივანე ჯავახიშვილი)

1928 წელს ჟურნალში „საშუალო სკოლისაკენ“ ღლონტმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გააკრიტიკა ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობა. კერძოდ, აღნიშნავდა: „უნივერსიტეტის დაარსების საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ისეთი პირები, რომელთაც ახალი ცხოვრების ახალ მოთხოვნილებასთან არა ჰქონიათ არავითარი კავშირი. მეფეთა და ეკლესიათა ისტორია, რომელიც შეადგენდა მთავარ ღერძს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, თავის დაღს ასვამდა უნივერსიტეტის შემოქმედებას. ახალი ქვეყანა მოითხოვდა ახალ სკოლას, ახალი ცხოვრება საჭიროებდა ახალ სიტყვას, მაგრამ უნივერსიტეტის სულის ჩამდგმელნი მიაქანებდნენ ამ უმაღლეს სასწავლებელს საშუალო საუკუნეების კულტურისაკენ”. ღლონტი თავადაზნაურულ-ბურჟუაზიული პროფესურის განადგურების იმედს პროლეტარული რევოლუციის იდეებით შეპყრობილი სტუდენტობის ნაწილში ხედავდა. ამ ამოცანის შესრულებისთვის აუცილებლად თვლიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთის დაარსებას. 1927 წლის იანვარში დაარსდა პირველი საუნივერსიტეტო გაზეთი „პროლეტარულ სტუდენტთა ხმა“.[2] 1928 წლიდან თევდორე ღლონტი ასფსრ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო საკავშირო სახკომსაბჭოში, შემდეგ იყო ბერლინში მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების გამგეობის წევრი, 1930 წლიდან - ცეკავშირის გამგეობის წევრი, შემდეგ ასფსრ–ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი. 1933-1936 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნალური ბანკის დირექტორად, 1934 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრად და კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრად. სიცოცხლის ბოლოს იყო საქართველოს კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო-ფინანსური განყოფილების გამგე

დააპატიმრა საქ. სსრ შინსახკომმა 1937 წლის 15 ივნისს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის და მავნებლური საქმიანობის ბრალდებით. 1937 წლის 10 ივლისს მიესაჯა დახვრეტა.[3]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „თავადაზნაურობის მიწისმფლობელობა საქართველოში“
  • „გლეხკაცობის მდგომარეობა საქართველოში“
  • „მუშა ქალი საქართველოში“
  • „ქალი და კოოპერაცია“
  • „აგრარული საკითხი საქართველოში“
  • „ქართველი ერის სტატისტიკა“
  • „რუსული იმპერიალიზმი საქართველოში“
  • „ეროვნული საკითხი და სოციალ-დემოკრატია“
  • „ომი და ფედერალიზმი“
  • „ერობა საქართველოში“ (1915 წ.)[4]
  • „მენშევიკური და საბჭოთა საქართველო“ (1926 წ.)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვადაგიანი, ირაკლი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN ISBN 978-9941-0-9318-0. 
  • სიდამონიძე უ. „საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია (1917-1921)“ — თბილისი, „მეცნიერება“, 1970 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]