ვლადიმერ ვორონინი (პათოფიზიოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვორონინი.
ვლადიმერ ვორონინი
ვლადიმერ ვორონინი.jpg
დაბ. თარიღი 1870
დაბ. ადგილი ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1963
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია ვაკის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი (დ. 1870 წ. სოფელ ნიკოლსკოე, ტულის გუბერნია, რუსეთი — გ. 1963 წ. თბილისი) — პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოში პათოფიზიოლოგიის, როგორც მეცნიერების ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, 1923 წლიდან 1955 წლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის (ამჟამად პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი) კათედრის გამგე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვორონინმა დიდი წვლილი შეიტანა სამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად ევროპაში. იყო ქართველ სტუდენთა, ექიმთა და მეცნიერთა არაერთი თაობის აღმზრდელი.

1893 წლიდან, მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გერმანიაში, საფრანგეთში, პარიზის პასტერის ინსტიტუტში. მის მიერ, ჯერ კიდევ მაშინ შექმნილი ნაშრომები დღესაც არ კარგავენ სამეცნიერო მნიშვნელობას.

1897 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1908 წლიდან იყო პროფესორი, 1908 წლიდან 1922 წლამდე ხელმძღვანელობდა ოდესის უნივერსიტეტის ზოგადი პათოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის კათედრას, ამავე დროს, იყო ოდესის ბაქტერიოლოგიური სადგურის ხელმძღვანელი.

1922 წელს, ახლად ჩამოყალიბებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესვეურების მიერ (რექტორი ივანე ჯავახიშვილი), გამორჩეული მეცნიერი და პიროვნება, მოწვეული იქნა საქართველოში, თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის (პათოფიზიოლოგიის) კათედრის გამგედ. ამ კათედრას ვორონინი სამედიცინო ინსტიტუტის ცალკე უმაღლეს სასწავლებლად გამოყოფის შემდეგაც (1930 წლიდან) ხელმძღვანელობდა. 1922 წლიდან 1955 წლამდე ვორონინი იყო პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე. ამავე დროს, 1944 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილებასა და საქ. მეცნიერებათა აკადემიის ნერვული სისტემის პათოფიზიოლოგიისა და მორფოლოგიის განყოფილებას.

  • 1942 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
  • 1944 წლიდან იყო საქართველოს მეცნერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.
  • 1949 წელს, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიამ მიანიჭა ა. ბოგომოლეცის სახელობის სამეცნიერო პრემია.

ვლადიმერ ვორონინი ფლობდა ექვს ენას. მისი მდიდარი, პირადი ბიბლიოთეკა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის არქივში.

საქართველოში მის მრავალრიცხოვან მოსწავლეთა შორის არიან აკადემიკოსები კ. ერისთავი და ვ. ოკუჯავა, მეცნიერები ი.ლორთქიფანიძე, ა. ჭეიშვილი და სხვები.

საქართველოში შექმნა ძლიერი პათოფიზიოლოგიური სკოლა. შემოიკრიბა და აღზარდა ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ნიჭიერი თაობა — 1955 წლიდან 1976 წლამდე თსსი-ს პათოფიზიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა მისი მოსწავლე, პროფესორი ირინა ზაალიშვილი, 1976 წლიდან 1990 წლამდე კათედრის გამგე იყო მისი გამორჩეული მოსწავლე, პროფ. თეიმურაზ ნათაძე. ვორონინის სამეცნიერო ტრადიციების გამგრძელებელი იყო, პროფ. ვახტანგ ყიფიანი, რომელიც კათედრას 1990 წლიდან (ამჯერად დეპარტამენტი) 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა. ვ. ვორონინის მოსწავლეთა შორის იყვნენ პათოფიზიოლოგები, ცნობილი მეცნიერები გ. მჭდლიშვილი, თ. ბეგიაშვილი, ი. გედევანიშვილი, ა. გელაშვილი, ი.ტიტვინიძე, ი.ცინცაძე, რ. თოფურია, ნ ჩოღოშვილი, ლ. კაციელაშვილი, ნ.ანდრეევა. მ. გეგუჩაძე, ლ,ჭეიშვილი- ყიფშიძე, ლ. ორმოცაძე, დ. ბარამიძე და სხვები, რომელთაც ძლიერ უყვარდათ თავიანთი მასწავლებელი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები, დღესაც ვ. ვორონინის სამეცნიერო ტრადიციების გამგრძელებლად თვლიან თავს.

ვ. ვორონინის წვლილი დიდია უკრაინის სამედიცინო მეცნიერების განვითარებაშიც. მისი მოსწავლე იყო საქვეყნოდ ცნობილი უკრაინელი მეცნიერი ა. ბოგომოლეცი, რომელმაც პათოფიზიოლოგიის განვითარებას უკრაინაში ჩაუყარა საფუძვლი, იყო უკრაინის მეციერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1930 – 1946 წლებში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, შრომის გმირი. ა. ბოგომოლეცმა, ვ. ვორონინის ხელმძღვანელობით 1909 წელს, პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ვ. ფილატოვი, რომელმაც ოდესაში, თვალის სნეულებათა მკურნალობის ცნობილი სკოლა შექმნა ასევე მისი მოსწავლე იყო.

ვ. ვორონინმა, სიცოცხლის ბოლომდე არ დატოვა საქართველო და 40 წელი მოახმარა საქართველოს კეთილდღეობას, რომელიც ძალზე უყვარდა. დიდი წვლილი შეიტანა ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში.

ვ. ვორონინი არასდროს არ ყოფილა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, მიუხედავად ამისა დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით და შრომის წითელი დროშის ორი ორდენით.

გარდაიცვალა 1963 წელს, თბილისში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воспаление ( ორი გამოცემა), თბ., 1959;
  • Исследования о воспалении, მოსკოვი, 1897;
  • миалиновое нернвоее волокно, თბ.,1960, (თანაავტ. მ. ყუფარაზე, ნ. თოთიბაძე);
  • Руководство по Патологической физиологии, ორი ტომი, თბ., 1948, 1949;
  • Трофическая язва, თბ., 1955,(თანაავტ. ი. გედევანიშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ი. მჭედლიშვილი, ვ. ვორონინი, თბ., 1973 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]