ივანე კაჭარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე კაჭარავა
დაბ. თარიღი 24 აგვისტო (5 სექტემბერი), 1894
დაბ. ადგილი პირველი მაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 4 მაისი, 1977(1977-05-04) (82 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა (დ. 5 სექტემბერი [ძვ. სტ. 24 აგვისტო], 1894, საჭილაო, — გ. 4 მაისი 1977, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია. 1914-1917 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე საბუნებისმეტყველო განხრით, მაგრამ მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პირობებისა და მატერიალური ხელმოკლეობის გამო აქ მხოლოდ სამ წელიწადს დაჰყო, შემდგომი სამი წლის მანძილზე აბაშის გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა. 1921 წელს გააგრძელა შეწყვეტილი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ საბუნებისმეტყველო განხრით. პარალელურად კი საქართველოს მუზეუმში პრეპარატორად მუშაობდა.

1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. ალექსანდრე ჯანელიძის რეკომენდაციით უნივერსიტეტში დატოვეს ახლად ორგანიზებულ გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრაზე პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პალეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილებას.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კაჭარავას შრომები ძირითადად შეეხება პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიას და მათში განამარხებულ ფაუნას. პირველი სამეცნიერო ნაშრომი 1926 წელს გამოაქვეყნა, რომელიც სამეგრელოს გეოლოგიურ აგებულებას მიეძღვნა. შემდგომ წლებში იკვლევდა დასავლეთ საქართველოს ნეოგენურ ნალექებს. მან დაადგინა ჩოკრაკული და კარაგანული სართულების ნალექები სამეგრელოსა და რაჭაში. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო მისი სადოქტოროდ წარდგენილი ნაშრომი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.

საქართველოს სახელმწიფო პრემია (1973). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით, აგრეთვე მედლებით.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს, «გეოლოგიური ინსტიტუტის შრომები. გეოლოგიური სერია», 1944, ტ. 2.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭელიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 445.
  • ჭელიძე გ., აკად. ი. კაჭარავას დაბადების 80 წლისთავის გამო, «მეცნიერება და ტექნიკა», 1974, № 11.