ადიგენის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ადიგენის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ადიგენი
კოორდინატები 41°40′37″ ჩ. გ. 42°42′31″ ა. გ. / 41.67694° ჩ. გ. 42.70861° ა. გ. / 41.67694; 42.70861
მერი გოჩა ქიმაძე
ფართობი 799.6 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 16 462 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 21 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,1 %
სომხები 2,3 %
რუსები 0,25 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 67,7 %
მუსლიმები 20,1 %
კათოლიკეები 9,8 %[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (366)
საფოსტო ინდექსი 0300–0399
ოფიციალური საიტი http://adigeni.ge/
ადიგენის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ადიგენი.

ადიგენის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით - ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში, 1917–1930 წლებში — ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[2]. სსიპ „ადიგენის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 222729162) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 10 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 29 ნოემბერი[3].

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადიგენის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი — არსიანის ქედის ფერდობებს. ტერიტორია — 799 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია მოქცეული ახალციხის მურანახშირის საბადოს ერთი ნაწილი, რომელიც არ მუშავდება.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი მთაგორიანი ნაწილი აგებულია ვულკანოგენური ტუფების წყებით. სამხრეთი (გოდერძის უღელტეხილი) ანდეზიტ-ბაზალტებით და ტუფებით, დასავლეთი ნაწილი ფერადი თიხებით, ქვიშა-ქვებითა და ანდეზიტ-ბაზალტებით. მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ ფართო ზოლად ვრცელდება ტრაქიტები, თიხები და ქვიშა-ქვები, ხოლო მდინარის ქვემოდინებაში ახალგაზრდა ალუვიური ნალექები.

მუნიციპალიტეტში ზამთარი ცივია, ზაფხული — თბილი და ხანმოკლე. დაბალ ზონაში საშ. ტემპერატურა 8,0 °C-დან 6,4 °C-მდე (ადიგენი 8,0 °C, აბასთუმანი 6,4 °C). იანვრის საშუალო ტემპერატურაა –4 °C, 5,4 °C ფარგლებშია. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შეიძლება –31 °C, –32 °C-მდე დაეცეს. აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 36°, 37 °C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 594-688 მმ-ია, ნალექების მაქსიმუმია ივნისში 83-99 მმ. დეკემბერში მინიმუმი 41 მმ. თოვლის საბურველი დეკემბრის დასაწყისიდან მარტის მეორე ნახევრამდეა. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარე 3-4 მ/წ.

აბასთუმანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ქსეროფიტული მცენარეულობა, რომელსაც გორაკ-ბორცოვან ზონაში მუხნარი ცვლის. მთის ფერდობები მეტწილად დაფარულია ტყით, ქვედა სარტყელში განვითარებულია შერეული ტყე, სადაც მუხა და რცხილა სჭარბობს, უფრო ზევით გავრცელებულია წიწვნარი ჯიშის ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. 2000 მ ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. ტყეებს დიდი საკურორტო და ნაიადგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. ტყის ზონაში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, გარეული კატა, კვერნა, ციყვი, ტყის თაგვი. ბევრია ფრინველი – მწყერი, გვრიტი, კოდალა, შოშია, კაჭკაჭი, ბულბული და სხვა. მდინარეში არის კალმახი, ქაშაყი, მურწა და სხვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე ქვაბლიანი, რომლის შენაკადებია ოცხე, ღაღვი, ძინძისწყალი. მუნიციპალიტეტში რამდენიმე პატარა ტბაა (შავი ტბა, კოტატბა, თლილი, წყისი და სხვა.).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 16 462 კაცი; სიმჭიდროვე — 21 კაცი კვ.კმ-ზე. ქალაქის მოსახლეობა 1720 კაცია, სოფლის მოსახლეობა 14 742 კაცი.[4] მათ შორის: 97,1 % - ქართველია, 2,3 % - სომეხი, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები, ოსები.

1944 წელს მუსლიმი მესხების (28 000 კაცი) გასახლების შემდეგ, საქართველოს სხვადსახვა კუთხეებიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლდნენ იმერლები (36 %), რაჭველები (7 %), აჭარლები (20 %). ადგილობრივი მესხები შეადგენენ მოსახლეობის 32 %-ს.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 21 284
2002 21 171
2014[4] 16 462
2021[5] 16 100

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი მოიცავს ორ ურბანულ დასახლებას: დაბა ადიგენს, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს და დაბა აბასთუმანს. მუნიციპალიტეტში არის 55 სოფელი. ყველა დასახლება გაერთიანებულია 20 ტერიტორიულ ერთეულში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულები.

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:

  1. ადმინისტრაციული ერთეული ადიგენი — დაბა ადიგენი;
  2. ადმინისტრაციული ერთეული აბასთუმანი — დაბა აბასთუმანი;
  3. ადმინისტრაციული ერთეული არალი — არალი, წარბასთუმანი;
  4. ადმინისტრაციული ერთეული ბენარა — ბენარა, უნწა, შოლავერი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული ბოლაჯური — ბოლაჯური, ქვემო ენთელი;
  6. ადმინისტრაციული ერთეული გორგული — ადიგენი, გორგული, იმერეთუბანი, იჯარეთი;
  7. ადმინისტრაციული ერთეული დერცელი — დერცელი, კიკიბო;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ვარხანი — აბასთუმანი, ვარხანი, საღრძე, ფარეხა;
  9. ადმინისტრაციული ერთეული ზანავი — გომარო, დიდი ზანავი, პატარა ზანავი, წრე;
  10. ადმინისტრაციული ერთეული ზარზმა — ზარზმა, უტყისუბანი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ზედუბანი — აფიეთი, ზედუბანი, ღორთუბანი.
  12. ადმინისტრაციული ერთეული ლელოვანი — ამხერი, კახარეთი, ლელოვანი, სამყური, ღორძე;
  13. ადმინისტრაციული ერთეული მლაშე — არზნე, მლაშე, ფლატე;
  14. ადმინისტრაციული ერთეული მოხე — მოხე, ნამინაური, ციხისუბანი;
  15. ადმინისტრაციული ერთეული უდე — ზაზალო, უდე;
  16. ადმინისტრაციული ერთეული ფხერო — ზემო ენთელი, ფხერო, შოყა;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ჩორჩანი — დიდი სმადა, პატარა სმადა, ჩორჩანი;
  18. ადმინისტრაციული ერთეული წახანი — ქიქინეთი, წახანი, წახანწყარო, ხარჯამი;
  19. ადმინისტრაციული ერთეული ჭეჭლა — კეხოვანი, საირმე, ჭელა, ჭეჭლა;
  20. ადმინისტრაციული ერთეული ხევაშენი — ნაქურდევი, ხევაშენი;

საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 23 24                                                
  ნაციონალური მოძრაობა 1 9                  
  ევროპული საქართველო 5
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 30 33  

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მეკარტოფილეობა, სახორცე-სარძევე მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებითაა წარმოდგენილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ახალციხე-ბათუმისა და ახალციხე-ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტში რამდენიმე სასტუმროა, რომლებიც აბასთუმანშია თავმოყრილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურებას ეწევა 2 საავადმყოფო, 2 პოლიკლინიკა, 7 სოფლის ამბულატორია და 2 სამშობიარო სახლი.

სოფელ ფლატეში მოიპოვება მინერალური წყლები.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაა და 6 საბავშვო ბაღია. არის ასევე სამუსიკო და სასპორტო მუნიციპალური სკოლები. ყანობილის მთაზე მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. მუნიციპალიტეტში არის კულტურის ცენტრი. ცენტრთან ჩამოყალიბებულია ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჭულე“, ანსამბლი „ზარზმა“, აგრეთვე ვოკალური ჯგუფი „ანცები“. მუნიციპალიტეტში არის ბიბლიოთეკა, რომლის წიგანადი ფონდია 88 551 ც.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება პოპულარული სახალხო დღესასწაულები „ზარზმობა“, „შუამთობა“, „მაღალ მთობა“ და ძველი თეატრალური სანახაობა „ბერობანა“.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზანავის ციხე

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-კოშკები, ასევე რამდენიმე ხიდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: ზარზმის მონასტერი, იჯარეთის მონასტერი, ჭულე, ოქროსციხე, ზანავის ციხე, ოძრხე. ბუნების ძეგლებია გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. georgia-religion2014
  2. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
  3. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
  4. 4.0 4.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-19[მკვდარი ბმული]
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-19[მკვდარი ბმული]