მალაქია ტოროშელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მალაქია ტოროშელიძე (დ. 15 მარტი, 1880 — გ. 7 სექტემბერი 1937) — ქართველი საბჭოთა პარტიული და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი.

დაიბადა სოფელ სხვავაში (ამჟამინდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). 1910 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების — „ბრძოლისა“ და „კავკაზსკი რაბოჩის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1921–1922 წლებში მალაქია ტორშელიძე საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, 1922–1924 წლებში კი — ცეკავაშირის გამგეობის თავმჯდომარე.[1]

1928 წლის სექტემბრიდან 1930 წლის სექტემბრამდე მალაქია ტორშელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე რექტორი, 1931–1936 წლებში — საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად, 1934–1935 წლებში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1936 წელს — განათლების სახალხო კომისარი.[1]

მალაქია ტოროშელიძე 1936 წელს 10 სექტემბერს დააპატიმრეს. დაპატიმრების მომენტში იყო განათლების სახალხო კომისარი. 1937 წლის 7 სექტემბერს დახვრიტეს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1956 წლის 10 მარტის განჩინებით რეაბილიტირებულია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]