ილია II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ილია II (კათოლიკოს-პატრიარქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
დროშა
141-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი
25 დეკემბერი, 1977-დან
არჩევა: 23 დეკემბერი, 1977
ინტრონიზაცია: 25 დეკემბერი, 1977
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაCoat of Arms of Georgian Orthodox Church.svg
წინამორბედი: დავით V
 
დაბადების სახელი: ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი
დაბადება: 4 იანვარი, 1933 (1933-01-04) (84 წლის)
ქ. ორჯონიკიძე, რსფსრ
მამა: გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილი
დედა: ნატალია კობაიძე
ბერად აღკვეცა: 1957
მღვდლად კურთხევა: 1959
ეპისკოპოსი: 1963
 
ხელმოწერა: Ilia II of Georgia's signature.svg
Coat of Arms of Georgian Orthodox Church.svg|

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი; დ. 4 იანვარი, 1933, ორჯონიკიძე, რსფსრ) — უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი[1].

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977-იდან.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.[2]

სექციების სია

ბიოგრაფია

ირაკლის მშობლები, მამა — გიორგი შიოლაშვილი, დედა — ნატალია კობაიძე

ბავშვობა

ირაკლი სტუდენტობის პერიოდში
ირაკლის ნათლია არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი)

კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.

ვიკიციტატა
„არ მახსოვს ჩემი თავი უფლისადმი რწმენისა და სიყვარულის გარეშე... თვით ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე და მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს“

- იხსენებს უწმიდესი.[3]

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა იხსენებს:

ვიკიციტატა
„ჩვენ სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე“

[4]

შემდგომი წლები

არქიმანდრიტი ილია (1962 წელი)
ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (1965 წელი)

1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).

პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:

ვიკიციტატა
„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს.“

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკვანი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, — რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.

ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. შემდეგ კი — 1961 წლის 16 სექტემბერსარქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის — იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის — პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

კათოლიკოს-პარტიარქი

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში. საქართველოს ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან არქიმანდრიტი გრიგორიოსი.[5]

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (1981 წელი)
ვიკიციტატა
„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“

— ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის 39 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა, სასულიერო პირთა რიცხვი — 2000-მდე, გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება,. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის — წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამავე წელს იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრად. 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

1988 წლის 24 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა თბილისის აღმასრულებელი კომეიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ანდრიაძეს თხოვნით, გამოეყო წმინდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის სათანადო ადგილი. იმ დროს ხელისუფლებაში მყოფნი, ყველა არ უჭერდა მხარს ამ წამოწყებას. ცდილობდნენ ისეთი ადგილი გამოეყოთ, რომ არ ყოფილიყო ძალიან შესამჩნევი ქალაქის პანორამებში. დასახელდა რამდენიმე ადგილი. ერთ-ერთი წყნეთის გზაზე, ტყეში მდებარეობდა, საიდანაც თბილისის ხედები თითქმის არ ჩანდა. შემდეგ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის განკარგულებით შეირჩა ადგილი ბარათაშვილის აღმართის ქიმზე და რამდენიმე პროექტი არსებობს ამ რელიეფს მორგებული. შემდეგ იყო ვაკის სტუდქალაქის ტერიტორია და ბოლოს ელიას მთა.[6]

სწორედ პატრიარქის წამოწყებით მოხდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება.

წმიდანთა კანონიზება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამშობლოსათვის წამებულ მოღვაწეთა ცხოვრების შესწავლა და ამის საფუძველზე მათ შორის გამორჩეულთა წმიდანად შერაცხვა.

შემდგომ პერიოდში წმიდანთა დასს შეემატნენ: ცოტნე დადიანი, კათოლიკოსი პეტრე I, კათოლიკოსი სამოელ I, კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I, თეოდორე აჭარელი, აბუსერისძე ტბელი, კლარჯელი მამანი და დედანი, ილარიონ ქართველი-ახალი, კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, ექვთიმე თაყაიშვილი, ბეთანიელი მამები იოანე და გიორგი, კრწანისის ომის მოწამენი, ფილიმონ ქორიძე მგალობელი, იღუმენი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) და ძმები კარბელაშვილები. [8]

  • 2007 წელს წმიდანად შეირაცხა XIX საუკუნის დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც ეწოდა სამშობლოსათვის თავდადებული, ხოლო 2012 წელს წმიდანად შეირაცხა ბერი გაბრიელი (ურგებაძე) და ეწოდა წმიდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა და სალოსი.[9]

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი

2005 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც წმინდა ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დაფუძნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.[10]

ფონდის მიზანია იზრუნოს, როგორც სულიერების განმტკიცებისთვის, ასევე კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებისთვის.[11]

ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით მისმა უწმიდესობამ საგანგებოდ აღნიშნა:

ვიკიციტატა
„დღეს არის განსაკუთრებული, ისტორიული დღე. დღეს ფუძნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის. ეს იქნება ის ფონდი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა. ეს იქნება ის ფონდი, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა განამტკიცოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვიყავით, ვინა ვართ, და ვინ უნდა ვიყოთ...“

[12]

საყოველთაო ნათლობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საყოველთაო ნათლობა დაიგეგმა. ეს იდეა პატრიარქმა ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა. ამ დროისთვის უწმიდესის ნათლულთა რიცხვი 29 753-ს აღწევს. ნათლობის რიგით 45-ე ეტაპი 2016 წლის 27 სექტემბერს შედგა. [13][14]

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.[15]

საერთაშორისო ურთიერთობები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღსაყდრებიდან დღემდე დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშოროსო ურთიერთობებს, ხვდებოდა და ხვდება სახელმწიფოთა პირველ პირებს. მისი მწყემსმთავრობის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა:

უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს სხვადასხვა პერიოდში არაერთი შეხვედრა ჰქონდა საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩებთან და სახელმწიფოთა სხვა წარმომადგენლებთან. [16]

პატრიარქი და ავტოკეფალიის აღიარება

ჯერ კიდევ მეფე ვახტანგ გორგასლის დროს მოპოვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს სრულიად უკანონოდ გააუქმა რუსეთის იმპერიამ.[17] XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო ავტოკეფალიისთვის ბრძოლის პროცესი, რაც 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით და პირველ საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II-ის არჩევით დაგვირგვინდა. ცხადია, რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალია არ აღიარა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წლის 31 ოქტომბერს აღიარა.[18] მიუხედავად 1917 წელს გამოცხადებული ავტოკეფალიისა, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო მაინც არ სცნობდა და ოფიციალურ წერილებშიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შესაბამისი ტიტულატურით არ იხსენიებოდა. 1977 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიზნად დაისახა ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება. იგი 1979 წლის მაისში მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის მიწვევით სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ საკითხი დასვა.[19] შესაბამისი მოლაპარაკებები 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებათა ძირითად ნაწილში მონაწილეობდნენ მიტროპოლიტები: ქრიზოსთომოსი და დამასკინოსი. 1990 წლის 7 იანვარს, სიონის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ქრიზოსთომოსმა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის და პატრიარქის ტიტულის აღიარება გამოაცხადა. 1990 წლის 4 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ხელმოწერილი სიგელიც მიიღო.[20]

ვიკიციტატა
„ამ ბოლო თორმეტი წლის მანძილზე გაცხოველებული მოლაპარაკება მიმდინარეობდა ამ საკითხის თაობაზე კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მის მეთაურებთან, ყოვლადუწმიდეს დიმიტრიოს პირველთან. ალბათ გახსოვთ, რომ მსოფლიო პატრიარქი ჩვენთანაც ბრძანდებოდა და 1979 წელს მეც გახლდით სტამბულში. სულ რაღაც ორი კვირის უკან მსოფლიო საპატრიარქოში ჩემი მეორე ვიზიტი შედგა, რომლის დროსაც მივაღწიეთ იმას, რომ ორი საბუთი დაიწერა: მსოფლიო საპატრიარქომ ჩვენი ძველი, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მიღებული ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის მამამთავრისათვის პატრიარქის წოდების უფლება სცნო. ამ მეორე საბუთთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის წოდება უმაღლესია. ქართული ეკლესიის მესაჭე ამ წოდებას მე- 11 საუკუნის დასაწყისიდან ატარებდა. მელქისედეკ I თავის სიგელს ხელს აწერს როგორც კათოლიკოს-პატრიარქი. მადლობა ღმერთს, ჩვენს ეკლესიას უკვე ხელში აქვს ის საბუთები, რომელთა წყალობითაც მის ავტოკეფალიას ვეღარავინ შეეხება. მინდა მოგილოცოთ ეს მოვლენა და ერთად შევსწიროთ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ეროვნული განთავისუფლება სულიერი განთავისუფლებით იწყება.[21]

ბრძანა პატრიარქმა 1990 წლის აპრილში.

ამრიგად, მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ისტორიული სამართლიანობაც აღდგა.

ეკლესია და სახელმწიფო

1977 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას აღსაყდრების შემდეგ დადგა საკითხი, თუ როგორ წარმართულიყო ხელისუფლებასთან ურთიერთობა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციაში აღნიშნული იყო, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება აღიარებდნენ ნებისმიერ რელიგიას, აგრეთვე აქვთ უფლება ეწეოდნენ ათეისტურ პროპაგანდას. ამავე კონსტიტუციით აკრძალული იყო რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებით შუღლისა და სიძულვილის გაღვივება.[22] [23] თუმცა ცალკე საკითხია რამდენად სრულდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში რწმენის თავისუფლება.

ვიკიციტატა
„იმდენად მძიმეა ჯვარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, რომ XX საუკუნეში მხოლოდ უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გაუძლო მის ტარებას ოცი წლის მანძილზე. მეტად მძიმე იყო ჩემი აღსაყდრების დრო, როცა ოფიციალურად თითქმის თავისუფალი იყო ეკლესია, სინამდვილეში კი იდევნებოდა...“

[24]


დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და აღიარებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას.[25][26] უფრო მოგვიანებით, 2002 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.[27] კონკორდატმა განსაზღვრა:

  • 1. აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვა; [28][29]
  • 2. სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

[30][31]

  • 3. სასულიერო პირი თავისუფალია სამხედრო ვალდებულებისაგან;[32][33]
  • 4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნებაყოფლობითია მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ სწავლება; [34][35]
  • 5. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; [36][37]
  • 6. ეკლესიის მიერ წარმოებულია საღვთისმსახურო პროდუქცია გათავისუფლებულია სახელმწიფო გადასახადისგან; [38][39]
  • 7. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად სცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ და უმოქმედო მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს და მიმდებარე ტერიტორიაა.[40][41]

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს:

ვიკიციტატა
„რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.“

[42]


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არაერთხელ დააფიქსირა ეკლესიის პოზიცია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ. პატრიარქი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროპის თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას. 2014 წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკთან შეხვედრისას პატრიარქმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. მე მგონია, თქვენი ჩამობრძანება ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი. საქართველო, უძველესი კულტურის ქვეყანაა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს კავშირებზე, უნდა იყოს გათვალისწინებული ის მრავალსაუკუნოვანი უძველესი კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია.“

[43]

2015 წლის დეკემბერში, პატრიარქმა ევროპის ქვეყნებში საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან შეხვედრისას შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა:

ვიკიციტატა
„ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიის“

[44]

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და საქართველოს ეკლესია

2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური სროლები დაიწყო. 7 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ. 8 აგვისტოს ქართულმა ჯარმა რამდენიმე სოფელი დაიკავა, პარალელურად, რუსულმა ავიაციამ საქართველოს სხვა რეგიონების, მათ შორის გორის და ფოთის საჰაერო დაბომბვებიც დაიწყო. იყო უამრავი მსხვერპლი. 9 აგვისტოს პატრიარქმა ღუდუშაურის საავადმყოფოში დაშავებულები ინახულა. მან მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში დახმარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ე .წ. სამხრეთ ოსეთია ავტონომია საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია და იგი სეპარატიზმის საფუძველი არ უნდა იყოს. 13 აგვისტოს რუსული და ოსური სამხედრო ნაწილები ზემო ნიქოზში შევიდნენ და რამდენიმე ადგილობრივი მოკლეს. 14 აგვისტოს პატრიარქმა რუსეთის ეკლესიას გორსა და ნოქოზში შესასვლელად სამშვოდობო კორიდორის გაკეთება სთხოვა. 15 აგვისტოს უწმიდესი ილია II სასულიერო პირებთან ერთად გორში შებრძანდა, შემდეგ ზემო ნიქოზს ეწვია. იგი ამხნევებდა მოსახლეობას და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მან კონფლიქტის ზონიდან ოთხი დაჭრილი გამოიყვანა და ექვსი გარდაცვლილის გადმოსვენება მოახერხა. მისივე კურთხევით სასულიერო პირებმა აღნიშნული საქმიანობა განაგრძეს.

პატრიარქის ტიტულატურა

1917 წელს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად აღდგა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულიც. იგი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ 1990 წელს იქნა აღიარებული და ეკლესიის მეთაურის ტიტულატურაც ასე ჟღერდა: ,,მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა". [45][46] ტიტულში ასევე ასახული იქნა ,,უწმიდესი" და ,,უნეტარესი", რომელიც თავის დროზე აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოს გაერთიანებასთან ერთად შევიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულ ტიტულში. [47] 2010 წლიდან ტიტულატურაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. [48] 21 დეკემბრის წმიდა სინოდის განჩინებით ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა და მისი ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი" . ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პატრიარქისთვის გადაცემას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

  • 1) ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და პატრიარქის ტიტულში მისი დაფიქსირება;
  • 2) პატრიარქის, როგორც საქართველოს ერთიანობის გარანტის ტიტულით საქართველოს ტერიტორიული გაერთიანებისთვის სულიერი ნიადაგის მომზადება.

ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიებთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მოსკოვი, 2013 წლის 23 იანვარი

საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრებისთანავე უწმიდესი ილია II შეუდგა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, რაც ასე მივიწყებული იყო საბჭოთა ათეიზმის პირობებში. მცირე ქრონიკა (არასრული ჩამონათვალი)

[50]

  • 2013 წელი - პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ჩამოდის მსოფლიო პატრიორქი ბართოლომეოს I; [51]
  • 2016 წელი - პატრიარქი ილია II ესწრება რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილეს.[52] ოფიციალური ვიზიტი 17-25 ნოემბერს შედგა. უწმიდესმა ილია II-მ უწმიდეს კირილისადმი მიმართვაში აღნიშნა:
ვიკიციტატა
„თითქმის ორმოცწლიანმა ჩემმა მოკრძალებულმა პატრიარქალურმა მსახურებამ დამანახა, რომ კარგ შედეგს ვიღებთ, თუ გვაქვს ერთმანეთის მოსმენისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ-ახაზეთის ეპარქიისა. როგორც იცით, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები.ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩევნს შეხვედრაზეც. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.“

[53]

ურთიერთობა არამართლმადიდებელ კონფესიებთან

ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობა 1917-1977 წლებში მხოლოდ ეპისტოლარული ხასიათისა იყო. ამ ურთიერთობის გაღრმავების კუთხით უწმიდეს ილია II-ს დიდი წვლილი მიუძღვის.

1978 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) უწმიდეს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ესწრებოდა რომის პაპის პავლე VI-ის დაკრძალვას. [54] რომის პაპის იოანე პავლე II-ისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1980 წლის 5-6 ივნისს, ვატიკანში შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, ხოლო კავკასიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.

რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით 1999 წლის 8 ნოემბერს ჩამობრძანდა. ოფიციალური მოპატიჟება რომის პაპს მხოლოდ მას შემდეგ გაეგზავნა, რაც საკითხი საქართველოს ეკლესიის მეთაურთან შეთანხმდა და მოპატიჟებაც ერთობლივად გაიგზავნა. [55] ეს იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც პაპი ეწვია. [56]

იოანე პავლე II-ს თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დახვდნენ. რომის პაპი 9 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს შეხვდა, მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარიც, გაკეთდა ორმხრივი მიმართვები.[57] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II:

ვიკიციტატა
„დღეს ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ თანამედროვე ვითარებას. იწურება მე-20 საუკუნე. მართალია, ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ ამან გამოიწვია ისიც, რომ კაცობრიობა ძალიან ბევრჯერ დადგა უფსკრულის წინაშე და შეიძლება ერთ-ერთი ასეთი მიახლოება უფსკრულთან საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ამ რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარების დროს, საქართველოსა და მთელი კავკასიისათვის მნიშვნელოვანია, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ჩამობრძანება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისეთი ცხელი წერტილების პრობლემა, როგორიც არის აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი და სხვა, საერთაშორისო ძალისხმევით მშვიდობიანი გზით გადაწყდება. თქვენმა ვიზიტმა უფრო მეტად დააახლოვა ჩვენი ხალხები, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ქვეყნები და ამას დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ.“

[58]

1989 წელს თბილისში ჩამობრძანდა კათოლიკე მონაზონი, ნობელის პრემიის ლაურეატი, 2016 წლიდან კათოლიკური ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული დედა ტერეზა კალკუტელი, რომელსაც შეხვდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II. დედა ტერეზა პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარშიც.


რომის პაპის ფრანცისკე I-სა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეხვედრა 2016 წლის 30-2 ოქტომბერს თბილისში შედგა, როდესაც რომის პაპი საქართველოს ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა. [59] 30 სექტემბერს პაპი ფრანცისკე უწმიდეს ილია II-ს საპატრიარქოს რეზიდენციაში სტუმრობდა. [60] [61] შეხვედრაზე მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ პაპს მიმართა:

ვიკიციტატა
„ყველასათვის ცნობილია, რომ რომის ეკლესია დააარსა წმ. პეტრე მოციქულმა, საქართველოს ეკლესია კი, – წმ. ანდრია პირველწოდებულმა; პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ და ჩვენც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და გვმართებს.“

[62] [63] რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეწვია მცხეთას და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა. [64] [65] სვეტიცხოველში უწმიდესმა ილია II-მ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა:

ვიკიციტატა
„კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს: აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან, ერთად არის დაფლული.“

[66] [67] რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეწვია მცხეთას და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა. [68] [69]

ურთიერთობა ანგლიკანურ ეკლესიასთან

2011 წლის თებერვალში შედგა კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიია გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს შეხვდა.[70]

ურთიერთობა სომხურ ეკლესიასთან

ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირი VII საუკუნიდანაა გაწყვეტილი. მიუხედავად ამისა ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთობა ინტენსიურად მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე, მათ შორის XX საუკუნეშიც. 1961 წელს სომხური ეკლესიის მეთაური ვაზგენ I პირველად შეხვდა იმ დროს არქიმანდრიტ ილია შიოლაშვილს. ვაზგენ I 1977 წლის 25 დეკემბერს ესწრებოდა უწმიდეს ილია II-ის აღსაყდრებასაც. 1978 წლის მაისში კი უწმიდესი და უნეტარესი ილია II თავად იმყოფებოდა ეჩმიაძინში ვაზგენ I-თან შესახვედრად. მას შემდეგ არაერთი ოფიციალური ვიზიტი შედგა ეჩმიაძინში და საქართველოში. ვაზგენ I 1994 წელს გარდაიცვალა, ეჩმიაძინში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სათანადო პატივი მიაგო გარდაცვლილი კათოლიკოსის ხსოვნას. მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდა ახალ კათოლიკოს გარეგინ I-თან, რომელიც 1997 წელს სტუმრობდა საქართველოს. 2011 წელს საქართველოს სტუმრობდა ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ კათოლიკოსი გარეგინ II.[71]

ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან

1979 წლის 15 იანვარს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს, რამაც გაზარდა პატრიარქის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა ურთიერთობა ჰქონოდა მრავალი ქვეყნის ეკლესიასთან და რელიგიურ აღმსარებლობასთან. ილია II სხვადასხვა დროს შეხვდა ეგვიპტის კოპტთა პატრიარქს შენუდა III-ს, მალაბარიის ინდოელთა მონოფიზიტ პატრიარქს აბუნა თეკლე-ჰაიმანოტს, სირიელ იაკობისტთა პატრიარქს მარი იაკობ III-ს, აღმოსავლეთის მონოფიზიტ პატრიარქ მაქსიმე V-ს. [72]

ურთიერთობა ისლამურ ქვეყნებთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან დღემდე მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აქვს მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან. მისი უწმიდესობა 2001 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოჰამედ ხათამის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ჰათამსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს ალი ხამენეის. შეხვედრაზე განხილული იქნა მეგობრობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.

მის უწმიდესობას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ალახ შუქურ ფაშა ზადესთან, რომელმაც 2013 წლის 25 დეკემბერს პატრიარქს რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის შეიხ ისლამის ორდენით დააჯილდოვა.[73]

სხვა მუსლიმი ლიდერების არაერთი ვიზიტი განხორციელებულა საპატრიარქოში და პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიისა ისლამურ ქვეყნებში. 2007 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად საქართველოში იმყოფებოდა ირანის რელიგიათა ურთიერთობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აიათოლა თასხირი. [74] ყოველი სტუმარი აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტოლერანტობისა და სტუმართმოყვარეობის თვისებებზე.

პატრიარქი და განათლება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში საუკუნეთა განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო კერა არსებობდა. 1811 წლიდან, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ გაუქმების შემდეგ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში რუსიფიკატორული პოლიტიკა მიმდინარეობდა.[75] იგივე გაგრძელდა 1921 წლიდან საბჭოთა აგრესიული ათეიზმის პირობებშიც. [76] ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მხოლოდ უწმიდეს ეფრემ II-ის დროს მოხერხდა მცხეთაში გახსნილიყო საღვთისმეტყველო სასწავლებელი. შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას ხელმძღვანელობის პერიოდში სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა და ეპისკოპოსი ილია მისი პირველი რექტორი გახდა. [77]

1988 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძართან უწმიდეა ილია II-ის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად სასულიერო აკადემიაც დაარსდა. აქვე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც. [78] 2003 წლის 5 მარტიდან 2004 წლის 4 აპრილამდე და 2005 წლის 25 იანვრიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე უწმიდესი და უნეტარესი ილია II იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.[79]


1995 წელი - უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია. [80]

2008 წლის 12 ოქტომბერი - უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით დაარსდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. [81]

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისსა და საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრები, ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

პატრიარქი აღსაყდრების დღიდან თავისი საქმიანობის დიდ ადგილს უთმობდა შემოქმედებითი ინტელიგენციის, მეცნიერების წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ამ ურთიერთობათა შედეგი იყო ათონის მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერების მიკროფირების ჩამოტანა საქართველოში, რომელიც საპატრიარქომ გადასცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტს. საპატრიარქო პერიოდულად მასპინძლობს ქართველ ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებს, ენათმეცნიერებს, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტებს.[82]

პატრიარქის შემოქმედება

საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის შესახებ აუცილებელია აღინიშნოს მისი შემოქმედება მუსიკაში,[83] საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. დღეისათვის იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია. 2015 წლის 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო გალაკონცერტი, რომელზეც მთლიანად კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოებები შესრულდა.[84][85]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 20-მდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა:

  • „ყოვლად წმინდა სამება“
  • „ჩვენთან არს ღმერთი“
  • „ძველთა დღეთა“
  • „ივერიის ღმრთისმშობელი“
  • „პლატიტერა“
  • „მთავარანგელოზი მიქაელი“
  • „მთავარანგელოზი გაბრიელი“
  • „წმინდა დავით წინასწარმეტყველი“
  • „ღვთივდაცული საქართველო“
  • „წმინდა მეფენი სოლომონი
  • ,,ვახტანგი და თამარი“ (მათგან წმინდა ვახტანგისა დაწმინდა თამარის ხატები რამდენიმე ვერსიითაა შექმნილი)[86]

პატრიარქის მიერ დაწერილი ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. ორი კი - მანგლისის ღვთისმშობლისა და რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძრების კუთვნილებაა. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ხატებიდან ორი ფრესკულია – „ღვთივდაცული საქართველო" ძველ საპატრიარქო რეზიდენციაშია, წმიდა თამარ მეფისა კი დიდუბის ღმრთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის გამოსახულების ესკიზის და ერთი სკულპტურული პორტრეტის (შიოლა ღუდუშაურის) ავტორიცაა.[87]

მისი უწმინდესობის ქმნილებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული ყოვლადწმინდა სამების ხატია. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა. კომპოზიციის აღნაგობაში, ფიგურების წყობასა და პროპორციებში, გამომეტყველებაში, სახეებისა და სამოსის შეფერილობასა და დამუშავებაში, ისევე როგორც უკანა პლანის დეტალებში შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხატწერის საუკეთესო ტრადიციების ცოდნა ჩანს.[88]

ჯილდოები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (2009 წელი)
  • 1972 წელი - მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ორდენი; [89]
  • 1977 წელი - წმიდა კოწამე გიორგის გამარჯვების ორდენი; [90]
  • 1977 წელი - წმიდა იოანეს I ხარისხის ორდენი;

[91]

  • 1997 წელი - დავით აღმაშენებლის ორდენი; [92]
  • 2000 წელი - ,,წმიდა აკლდამის რაინდთა წმიდა ჯვრის" ორდენი, იერუსალიმი, ისრაელი .[93]
  • 2001 წლის 22 იანვარი –საქართველოს ეკლესიის ჯილდო, წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენი;[94]
  • 2002 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭა;[95]
  • 2007 წელი - ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - ,,უფლის კვართის ორდენი”; [96]
  • 2010 წელი - ,,ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი";[97]
  • 2010 წლის 29 დეკემბერიშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ოქროს მედალი;[98]
  • 2013 წლის იანვარი - კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის შეიხ ისლამის ორდენით დაჯილდოვდა;[99]
  • 2013 წლის 23 იანვარი- ,,მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის" პრემია: „განსაკუთრებული დამსახურებისთვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“.;[100]
  • 2013 წლის 19 ივნისი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება;[101]
  • 2013 წლის 21 ნოემბერი – სამართლიანობის უმაღლესი ორდენი (მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ჯილდო).[102]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აგრეთვე დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის საპატრიარქოების; პოლონეთის ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.[103]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს არჩეულ იქნა კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად. ამავე წელს აირჩიეს გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.[104]

  • 2016 წელი - რუსეთის განათლების სამინისტროსთან არსებულმა სარატოვის ოლქის საზოგადოებრივმა საბჭომ, ამავე ოლქის პედაგოგიური საზოგადოების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დააჯილდოვა მედლით ,,საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის" მრავალი წლის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო.[105]

საინტერესო ფაქტები

ვიკიციტატა
„თქვენო უწმიდესობავ, სრულიად საქართველოსა და მსოფლიო სულების პატრიარქო, ნება მიბოძეთ, ასე მოგმართოთ, გილოცავთ და მრავალს დაესწარით, რათა მრავალჯერ შეგვეძლოს თქვენთვის დაბადების დღის მოლოცვა“

[108]

ვიკიციტატა
„მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.“

[109]

  • სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად საზოგადოების ნდობის მიხედვით პატრიარქი უკვე წლებია პირველ ადგილს იკავებს. ცხადია ეს განპირობებულია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის მაღალი ავტორიტეტით, როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ.[110]

იხილეთ აგრეთვე

გალერეა

ლიტერატურა

  • სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015.
  • ისტორია შეულამაზებლად. გამომცემლობა ,,ქართული უნივერსიტეტი", თბილისი, 2015.
  • Патриарх Грузии. - Книга ,,Раб Божий", Москва, 2015.
  • მწყემსი საქართველოსი. გამომცემლობა ,,არტანუჯი", თბილისი, 2012.
  • ნელი შიოლაშვილი. ჩვენი პატრიარქი. თ. კალხიტაშვილის რედაქციით. თბილისი, 2011.
  • ვახტანგ გურული. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. გამომცემლობა ,,უნივერსალი", თბილისი, 2010.
  • ეპისტოლენი სიტყვანი და ქადაგებანი. წიგნი III. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2008.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, როინ მეტრეველის რედაქციით, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2000.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. გამომცემლობა ,,ნეკერი", თბილისი, 2000.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. წმიდა სინოდის სხდომის მოკლე მიმოხილვა. 2010-12-21 წ სინოდის სხდომის შესახებ. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-საიტი (2010-12-22). წაკითხვის თარიღი: 2010-12-23.
  2. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს გადაეცა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (2010-12-21). წაკითხვის თარიღი: 2010-12-23.
  3. ,,მწყემსი საქართველოსი“, თბილისი, 2012, გვ. 17.
  4. ,,მწყემსი საქართველოსი“, თბილისი, 2012, გვ. 19.
  5. ვახტანგ გურული. საქართველოს ისტორია. XX საუკუნე.გამომცემლობა ,,არტანუჯი", თბილისი, 2003, გვ. 249
  6. ნელი შიოლაშვილი, „ჩვენი პატრიარქი“, გვ. 150
  7. ეპისტოლენი სიტყვანი და ქადაგებანი. წიგნი III. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ.544.
  8. ეპისტოლენი სიტყვანი და ქადაგებანი. წიგნი III. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ.544.
  9. წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა და სალოსი
  10. საქველმოქმედო ფონდი
  11. საქველმოქმედო ფონდი
  12. საქველმოქმედო ფონდი
  13. საყოველთაო ნათლობა
  14. 45-ე საყოველთაო ნათლობა
  15. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნათლულებს შორის ქორწინების თაობაზე
  16. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 149-150.
  17. ვახტანგ გურული. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. გამომცემლობა ,,უნივერსალი", თბილისი, 2010
  18. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 36
  19. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 43
  20. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 44
  21. საქართველოს ეკლესიის ძველი ავტოკეფალიის აღიარება
  22. კონსტიტუციური შეთანხმება
  23. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 147.
  24. (სერგო ვარდოსანიძე, ,,ილია II”, თბილისი 2013, გვ.247.
  25. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 147.
  26. კონსტიტუციური შეთანხმება
  27. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 607.
  28. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 145-149.
  29. კონსტიტუციური შეთანხმება
  30. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 145-149.
  31. კონსტიტუციური შეთანხმება
  32. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 145-149.
  33. კონსტიტუციური შეთანხმება
  34. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 145-149.
  35. კონსტიტუციური შეთანხმება
  36. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 145-149.
  37. კონსტიტუციური შეთანხმება
  38. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 145-149.
  39. კონსტიტუციური შეთანხმება
  40. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 146-149.
  41. კონსტიტუციური შეთანხმება
  42. საშობაო ეპისტოლე 2003/4
  43. პატრიარქი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი
  44. პატრიარქი - ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში
  45. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 45
  46. ლევან ტყეშელაშვილი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის ძირითადი საკითხები. ქუთაისი, 2012, გვ. 230
  47. კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთი "დაიბრუნა"
  48. კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთი "დაიბრუნა"
  49. 60 лет восстановленного Патриаршества
  50. პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა
  51. მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეწვია
  52. პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა
  53. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა რუსეთის პატრიარქ კირილესადმი
  54. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 58.
  55. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 340.
  56. იოანე პავლე II-ის ვიზიტი საქართველოში
  57. იოანე პავლე II საქართველოში
  58. პატრიარქის მიმართვა
  59. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.
  60. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში
  61. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.
  62. პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა
  63. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.
  64. რომის პაპის ვიზიტის პროგრამა
  65. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.
  66. პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა
  67. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.
  68. რომის პაპის ვიზიტის პროგრამა
  69. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.
  70. პატრიარქი ლონდონში გაემგზავრა
  71. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 63-64.
  72. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 65.
  73. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 65.
  74. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 67.
  75. ვახტანგ გურული. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. გამომცემლობა ,,უნივერსალი", თბილისი, 2010
  76. საბა მეტრეველი. კომუნისტური აგიოგრაფია. გამომცემლობა ,,მწიგნობარი", თბილისი, 2015
  77. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 112.
  78. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 114-115.
  79. პატრიარქის ჯილდოები
  80. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 116.
  81. სერგო ვარდოსანიძე. ქართული უნივერსიტეტი. - ჟურნალი ,,უფლის ციხე". თბილისი, 2014, #3, გვ. 140-154.
  82. ვახტანგ გურული. საქართველოს ისტორია. XX საუკუნე.გამომცემლობა ,,არტანუჯი", თბილისი, 2003, გვ. 249
  83. პატრიარქის საგალობლები და მუსიკა
  84. პატრიარქის საგალობლები ქველმოქმედებისთვის
  85. პატრიარქის საგალობლები და მუსიკა
  86. დაწერილი ხატები
  87. მხატვრობა
  88. მხატვრობა
  89. Православная Энциклопедия, (3 марта 2010г.).
  90. Орден святого великомученика Георгия Победоносца (ГПЦ; 1977)
  91. Орден святого Иоанна Рыльского I-й степени (БПЦ; 10 мая 1977)
  92. Орден святого Иоанна Рыльского I-й степени (БПЦ; 10 мая 1977)
  93. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 485.
  94. პატრიარქის ჯილდოები
  95. პატრიარქის ჯილდოები
  96. პატრიარქს უფლის კვართის ორდენი გადაეცა
  97. პატრიარქს ბრწყინვალების ორდენი გადაეცა
  98. პატრიარქის ჯილდოები
  99. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 65.
  100. პატრიარქი პრემიით დაჯილდოვდა
  101. პატრიარქის ჯილდოები
  102. პატრიარქის ჯილდოები
  103. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. გამომცემლობა ,,ნეკერი", თბილისი, 2000, გვ. 219.
  104. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. გამომცემლობა ,,ნეკერი", თბილისი, 2000, გვ. 219.
  105. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", 2016 წელი, #37.
  106. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 484.
  107. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 485.
  108. მონსერატ კაბალიე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
  109. საქართველოსა და პატრიარქზე – პაპი ფრანცისკე
  110. მოწონების რეიტინგში პატრიარქი ლიდერია
წინამორბედი:
შემოქმედის ეპარქია
26 აგვისტო, 19631 სექტემბერი, 1967
შემდეგი:
წინამორბედი:
მიტროპოლიტი რომანოზი
(პეტრიაშვილი)
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
1 სექტემბერი, 196723 დეკემბერი, 1977
შემდეგი:
მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ
(მახარაძე)
წინამორბედი:
დავით V
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
25 დეკემბერი, 1977-
შემდეგი:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ილია_II&oldid=3209366“-დან