საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
თბილისი 15 Tbilisi.jpg
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში.
Sabinin. Glory of Iveria.jpg
მიხეილ საბინინის ხატი
"დიდება იბერიას"
დამაარსებელი ანდრია პირველწოდებული
ავტოკეფალია 486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან; 1917 წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან
აღიარება ავტოკეფალია აღიარებულია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 486 წელს. ავტოკეფალიის აღდგენის აღიარება მოხდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1943 წელს, ხოლო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1990 წელს.
წინამძღვარი უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.
რეზიდენცია თბილისი , მცხეთა
ტერიტორია საქართველო
ენა ქართული ენა
მრევლი 3,500,000[1]
ოფიციალური ვებ-გვერდი patriarchate.ge

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია — ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც შეიქმნა ქართლში (იბერიაში) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე (დაახლოებით 326-იანი წლები) მცხეთის საეპისკოპოსოს სახით. რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306—337) ქართლის მეფის მირიანის თხოვნით აქ მოავლინა ეპისკოპოსი იოანე, ორი მღვდელი და სამი დიაკვანი, რომლებმაც აკურთხეს მცხეთაში აშენებული ეკლესია და ხალხისათვის შეასრულეს ნათლისღების საიდუმლო. მცხეთის ეპისკოპოსი V საუკუნემდე „მთავარეპისკოპოსის“ („მთავარი“), „ეპისკოპოსის“ ტიტულს ატარებდა, იერარქიულად საბერთნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. მცხეთის საეპისკოპოსოს მრევლი მცირერიცხოვანი იყო, რადგან კარგახნის მანძილზე მოსახლეობაში ჯერ კიდევ ვერ აღმოიფხვრა ძველი რელიგიები — წარმართობა (კერპთაყვანისმცემლობა) და ირანიდან შემოსული ცეცხლთაყვანისმცემლობა. საქმეს ართულებდა პოლიტიკური მომენტიც: ცეცხლთაყვანისმცემლობის მიმდევარი, დამპყრობელი ირანი ბიზანტიის გავლენის მოსასპობად ამიერკავკასიაში ირანულ რელიგიებს და ირანული ელფერის ქრისტიანულ ერესებს მფარველობდა. ასეთ ერესებს ქართლის ეპისკოპოსთა რიგებშიც კი გამოჩენია მომხრეები; IV-V საუკუნეებში ქართლში 12-13 მღვდელთმთავართაგან 4-5 ყოფილა „შემშლელი წესთა“, მათ შორის ცნობილია ეპისკოპოსი მობიდანი, რომელიც ირანიზირებული ქრისტიანობის ფარული მიმდევარი იყო. ქართლის ცენტრალური ხელისუფლება ენერგიულად ებრძოდა როგორც ცეცხლთაყვანისმცემლობას, ისე ერესებს, უზრუნველყოფდა ქართლის აღმსარებლობით ერთიანობას ქვეყნის შიგნით და ერთობას ბიზანტიის საიმპერიო ეკლესიასთან, ნიკეა-კონსტანტინოპოლის და ქალკედონის მსოფლიო კრებების (325, 381, 451) დოგმატთადმი ერთგულებას. ამ მხრივ ცნობილია ეპისკოპოს მიქაელის დიდი ღვაწლიც.

ანდრია პირველწოდებულის ხატი. რუსეთი. XVIII ს
წმინდა ნინოს ხატი

ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების“ I ტომ­ში გვამცნობს,

ვიკიციტატა
„ხოლო კვალად განამტკიცნა წმიდამან ან­დრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითად“

საეკლესიო გადმოცემით, ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ”აწყურის” ხელთუქმნელი ხატი საქართველოში ჩამოაბრძანა. თავდაპირველად, წმინდა ანდრია ტრაპიზონში შემოვიდა, შემდეგ გადავიდა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების“. ანდრია მოციქულმა ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააგო.

IV საუკუნის დამდეგს, 317 წელს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველო) სახელმწიფო რელიგიად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია (დამოუკიდებელია) 484 წლიდან, მანამდე შედიოდა ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში. სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისაგან განსხვავებით, მას აქვს ზოგიერთი განსხვავება ლიტურგიულ წესებში.

V საუკუნის 60-70-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა. , ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში.

ვიკიციტატა
„მაშინ იქაურმა პატრიარქმა გაგზავნა ანტიოქიაში მღვდელი პეტრე და ბერი სამუელ ეპისტოლეთი, რომელშიაც ეწერა: "ვინაიდგან პირველი ივერიის ეპისკოპოსი დანიშნული იყო ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ამიტომ კათალიკოზი და ივერიის ეპისკოპოზები იმისგანვე უნდა ეკურთხებოდენ".[2].“

კოლხეთის ტერიტორია ისტორიულ წარსულში დროის შესა­ბამისად სხვადასხვა საკათალიკოსო თუ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა. VII საუკუნის 30-იან წლებში ჰერაკლე კეისარმა ზღვის­პირა ტერიტორიები მიიტაცა.

ვიკიციტატა
„მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა; სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი.“

ქალკედონის კრებაზე მიღებული კანონების თანახმად, წართმეული ტერიტორიები კონსტან­ტინეოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა. VI-VIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 3 საეკ­ლესიო ოლქი (გუდაყვის (გუდავის), საისინის (ცაიშის) და როდოპოლი­სის (ვარდციხის)). IX საუკუნეში დასავლეთი საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას საბოლოოდ გამოეყო და აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში (1010) საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში თავიდან იდგა არქიეპისკოპოსი, V საუკუნიდან – კათოლიკოსი, XI საუკუნიდან – კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენცია მცხეთაში იყო. დასავლეთ საქართველოს ჰყავდა თავისი კათოლიკოსი. მისი რეზიდენცია ბიჭვინთაში იყო, მაგრამ XV საუკუნემდე ემორჩილებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი, რომელიც XVII საუკუნეში მოღვაწეობდა წერს:

ვიკიციტატა
„იბერიაში ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველე­ბი უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთსა და ლაზიკას უწოდებდნენ აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში აფხა­ზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ერეკლეს (610-641) შემდეგ ლევ ისავროსამდე (717-741) ქვემო იბერია უკვე იყო ავტოკეფალური სა­არქიეპისკოპოსო. ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე, რადგანაც ლევ ისავროსის დროს, ის უკვე კათა­ლიკოსი იყო ქვემო იბერიისა.“

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიდ ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა, იგი ფლობდა დიდ მიწებს და ბევრ ყმა-გლეხებს. მისი ქონება იზრდებოდა მეფეებისა და ფეოდალებისაგან შემოწირულობების ხარჯზე. ქართულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში: აშენდა ბევრი ეკლესია-მონასტერი როგორც საქართველოში (ალავერდი, ვარძია, გელათი, იყალთო, შატბერდი და სხვა), ასევე მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა, სირია, საბერძნეთი, ბულგარეთი), სადაც ფართო სამეცნიერო, ლიტერატურული და კულტურული მოღვაწეობა მიმდინარეობდა.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი. 1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია V საუკუნიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში გარდატეხები ვახტანგ გორგასალის დროს დაიწყო, რომლის დროსაც ქართლის მთავარეპისოპოსების ერა დასრულდა და დაიწყო ახალი — კათალიკოსების ერა. პირველი ეპარქიალური დაყოფა მაშინდელი საქართველოს ტერიტორიისა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  1. მცხეთის საკათალიკოსო ეპარქია — საკათედრო ტაძარი სვეტიცხოველი, კათალიკოსად პეტრე;
  2. სამთავროს (ქართლის) საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი სამთავროს ეკლესია, მთავარეპისკოპოსად სამოელი;
  3. კლარჯეთის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარით ახიზის ეკლესია;
  4. არტაანის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი ერუშეთის ეკლესია;
  5. ჯავახეთის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი წუნდის ეკლესია;
  6. მანგლისის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი მანგლისის სიონი;
  7. ბოლნისის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი ბოლნისის სიონი, ეპისკოპოსად დავითი;
  8. რუსთავის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი რუსთავის ტაძარი;
  9. ნინოწმინდის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი ნინოწმინდის ეკლესია;
  10. ჭერემის საეპისკოპოსო — საკათედრო ტაძარი ჭერმის ეკლესია;
  11. ჩელეთის საეპისკოპოსო
  12. ხორნაბუჯის საეპისკოპოსო
  13. აგარაკის საეპისკოპოსო

მოგვიანებით საეპისკოპოსოების რაოდენობა გაიზარდა. V ს-ის დასასრულისთვის ქართლის ეკლესიას ჰყავდა 24 ეპისკოპოსი. დაემატა ახალი საეპისკოპოსოები:

506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე „ეპისტოლეთა წიგნში“ მოხსენიებულია 24 ეპისკოპოსი, ხოლო ერთ-ერთი წყაროთი დასტურდება, რომ VI ს-ის დამდეგისთვის მათი რიცხვი 33-ს შეადგენდა, VII ს-ის დამდეგს კი 35-ს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში 1811-1917 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს საეგზარქოსო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ავტოკეფალიის აღდგენიდან (1917) დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა XX საუკუნის დამდეგს დაიწყო. ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ: ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი), ეპისკოპოსი ლეონიდე (ლონგინოზ ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე). ქართველი სამღვდელოების ძალისხმევით 1905 წლის ივნისში თბილისში მოიწვიეს ქართველი სამღვდელოების კრება, რომლის გადაწყვეტილებაც ასეთი იყო: „მხოლოდ თავისუფალ თვითმმართველ ეკლესიას ძალუძს დაიცვას წმინდა რწმენა თავისთავში და მთლიანად ფლობდეს ხმას თავის მაღალ ღვთაებრივ ცნობასა, რომლისგანაც აალდება ადამიანთა გულები”.

ეგზარქოსი ალექსი

ქართველი სამღვდელოების ასეთმა ერთსულოვნებამ მოთმინებიდან გამოიყვანა საქართველოს ეგზარქოსი ალექსი. მან გამოიძახა რუსი ჯარისკაცები და ძალის გამოყენებით დააშლევინა კრება. ეს ამბავი იმდენად სამარცხვინო იყო და ისე გახმაურდა, რომ ოფიციალური ხელისუფლება იძულებული გახდა ეგზარქოსი საქართველოდან გაეწვია. ახალი ეგზარქოსის, ნიკონის დანიშვნას ქართველი სამღვდელოება დაუფარავი პროტესტით შეხვდა. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II იძულებული გახდა 1906 წელს პეტერბურგში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხების განსახილველად დაენიშნა „სინოდის წინარე სხდომა”. კომისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ ეპისკოპოსები: კირიონი და ლეონიდე; პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემა შემდეგ საკითხებს ეხებოდა: „1. საქართველოს საეკლესიო საკითხი, 2. რა აიძულებს ქართველებს იბრძოლონ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, 3. რომელ წელს მიენიჭა ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია, 4. ეროვნული პრინციპი ეკლესიაში”.

ალექსანდრე ცაგარელის მოხსენება ეხებოდა XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მიმოწერას. იგი ასაბუთებდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდსა და საერო მთავრობას არავითარი უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამისათვის საჭირო იყო საქართველოსა და მსოფლიოს საეკლესიო კრებების თანხმობა. ცაგარელმა თავის მოხსენებაში დაასაბუთა ის უარყოფითი შედეგები, რაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოჰყვა.

ალექსანდრე ხახანაშვილის მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიისა და განათლების მდგომარეობას XVIII საუკუნეში, დასაბუთებული იყო ქართული ეროვნული შეგნების, ქართული ენისა და საერთოდ განათლების განვითარებაში საქართველოს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა.

ნიკო მარის მოხსენებამ „საქართველოს ეკლესიის ისტორიული განხილვა ძველი დროიდან” განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სხდომაზე. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით ნიკო მარმა „თავისი რიხიანი გამოსვლებით, ღრმა ცოდნით და უამრავი ფაქტების მოტანით ჩვენი ეკლესიის თვითმმართველობისა და მისი მამების უაღრესად განათლებული მოღვაწეობის აღნუსხვით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგენი ჩიხში მოამწყვდია”.

სინოდის წინარე სხდომაზე” ქართველი სამღვდელოების მოთხოვნამ ასეთი სახე მიიღო:

  1. ცნონ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც ივერიის ეკლესიას ებოძა VI მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით და რომელიც ცნეს კონსტანტინოპოლისა და აღმოსავლეთის პატრიარქებმა.
  2. აუცილებელია აღდგეს ქართლის, სამცხის, კახეთის, სამეგრელო-სამურზაყანოს, გურიის ეპარქიები. საქართველოს ეკლესიას უფლება მიეცეს წელიწადში ორჯერ საეკლესიო კრების მოწვევისა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებმა უსაფუძვლო რეპლიკებითა და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი გამოსვლებით ჩაშალეს კომისიის სხდომა. ქართველმა მეცნიერებმა და ეპისკოპოსებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, მაგრამ ავტოკეფალიისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტავთ.

ეპისკოპოსმა კირიონმა, დეკანოზმა კალისტრატემ, ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ, ნიკოლოზ დურნოვომ 1905-1906 წლებში დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც ასაბუთებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას.

რუსეთის ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოელოდა. მას „სინოდის წინარე სხდომა” თვალის ასახვევად სჭირდებოდა და არა საკითხის ნამდვილი არსის გასარკვევად, ამიტომ ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რათა ავტოკეფალიის მომხრეთა წინააღმდეგ რეპრესიები დაეწყო. ასეთი მომენტიც დადგა. 1908 წლის 28 მაისს სოციალ-დემოკრატებმა თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. რუსმა ნაციონალისტებმა ნიკონი სამშობლოსათვის წამებულად გამოაცხადეს და მკვლელობაში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ეპისკოპოსები დაადანაშაულეს. განსაკუთრებული დევნა და შევიწროება ეპისკოპოსმა კირიონმა განიცადა. მას ჯერ უშუალოდ ნიკონის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ როცა ეს ვერ დაამტკიცეს, დაიწყეს იმის მტკიცება, რომ კირიონი მკვლელებს იცნობდა. იგი ყოველგვარი გამოძიების გარეშე 1908 წელს კოვნოდან გადაასახლეს ტამბოვის გუბერნიის ერთ-ერთ მონასტერში და სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს. კირიონი 1915 წლამდე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილი ავტოკეფალიისათვის მებრძოლი მღვდელმთავრისა და მეცნიერის განთავისუფლებისათვის იბრძოდა. რუსეთის იმპერატორის სახელზე იგზავნებოდა მრავალი თხოვნა. ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა 1909 წლის 10 მარტს გამოგზავნილ წერილში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სთხოვა ეპისკოპოს კირიონის დაცვა გაუთავებელი დევნა-შევიწროებისაგან.

გადასახლებაში მყოფი კირიონი აგრძელებდა ბრძოლას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. იოსებ ჩიჯავიძისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„ავტოკეფალიას ნუ მოუყრუეთ ყური, მაგისთანა კითხვა სწრაფად არ წყდება, ხელსაყრელი გარემოებით უნდა ვისარგებლოთ.“

1915 წელს მართალია ეპისკოპოს კირიონს დაუბრუნეს სასულიერო წოდება, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. მიუხედავად ამისა, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მედგრად აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება

ვიკიციტატა
„1) ამიერიდან, 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით კათოლიკოზ-პატრიარქის ამორჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოზი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები.“

ქართველი მღვდელმთავრების ამ გადაწყვეტილებას მტრულად შეხვდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება. იყო მცდელობა, რომ ტერიტორიული ავტოკეფალია შეეცვალათ ეროვნული ავტოკეფალიით, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესია კვლავ რუსეთის ეკლესიის სინოდს უნდა დამორჩილებოდა. ქართველი სამღვდელოება და მოწინავე საზოგადოება მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ამ გეგმის განხორციელებას. თბილისში ამ მიზნის მისაღწევად ჩამოსული პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი არც მუქარას მოერიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოში დიდი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად. შემუშავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განისაზღვრა ეპარქიათა რაოდენობა. რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ეპისკოპოს კირიონს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით შეხვდნენ ისინი, ვინც ამ მოღვაწის პიროვნების ფასი იცოდნენ.

კირიონ II

პიველი საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1917 წელს 8-17 სექტემბერს. დაადგინეს მართვა გამგეობის დებულებანი და 1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭს იყრიდა სამი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი კირიონი და არქიმანდრიტი ამბროსი (უკანასკნელმა მალევე მოხსნა კანდიდატურა). კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი) კირიონ II-ის სახელწოდებით. 1 ოქტომბერს განსაკუთრებული ზეიმით მოხდა კირიონ II-ის აღსაყდრება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. პატრიარქს მცხეთის რკინიგზის სადგურში დახვდა მთელი ქართველობა, ხევსურები ჩაჩხანებში იარაღასხმულები საზეიმოდ დახვდნენ მას[3][4]

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაეკავებინა, როგორც საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამ ამოცანების შესასრულებლად დიდი შრომა, ინტელექტი და თავდადება იყო საჭირო. კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II სწორედ ის საჭეთმპყრობელი იყო, რომელიც ქართულ ეკლესიას გადაალახვინებდა იმ სიძნელეებს, რომელიც შექმნილი იყო როგორც მატერიალური, ასევე სულიერი ცხოვრების სფეროში.

კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა მოღვაწეობა. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. 27 მაისს, თბილისის თავისუფლების მოედანზე პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და სიტყვით მიმართა საზოგადოებას. საქართველოს ეკლესიამ რუსულენოვანი სასულიერო სასწავლებლები ქართულად გადააკეთა. კირიონ II-მ აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტის გახსნის ზეიმში.

საქართველოს საპატრიარქომ ეპისტოლეები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებს და მათ ძველი კავშირ-ურთიერთობათა აღდგენა სთხოვა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მიიღეს არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც შეზღუდეს ეკლესიის უფლებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაუთანაბრდა საქართველოში მოქმედ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს.

საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის, ისევე როგორც ქართველი ერის სამსახური იმ დროს დიდ თავგანწირვასა და მსხვერპლს მოითხოვდა. პირველი ასეთი მსხვერპლი ქართულმა ეკლესიამ 1918 წლის 27 ივნისს, როცა მარტყოფის მონასტერში დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.

მეორე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1920 წელს 27 ივნისს. განიხილეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების საკითხები. კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად დაამტკიცა.

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე

საქართველოს ეკლესიას დიდ სირთულეებს უქმნიდა რუსეთის ეკლესია. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღდგა პატრიარქობა. ახალი პატრიარქი, ტიხონი, აგრძელებდა რუსეთის სინოდის პოლიტიკას ქართული ეკლესიის მიმართ. 1917 წლის 29 დეკემბერს მან წერილით მიმართა საქართველოს ეკლესიას. ამ წერილში იგი უარყოფითად აფასებდა საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენას და საქართველოს ეკლესიის მესვეურთაგან მოითხოვდა რუსეთის საქართველოს კრებაზე მიწვევას და „ცთომილებათა მონანიებას”. 1919 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ საპასუხო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ასაბუთებდა, თუ რამდენად მცდარი და მედიდური იყო რუსეთის პატრიარქის მოთხოვნები და პრეტენზიები.

1921 წლის 20 თებერვალს, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები საქართველოს დედაქალაქს უტევდნენ, პატრიარქმა ლეონიდემ სიტყვა წარმოთქვა სამხედრო ტაძრის ეზოში, რომელშიც ერს ხელისუფლების მხარში დგომისაკენ მოუწოდა:

ვიკიციტატა
„თითოეულს აქ მდგომთაგან ნათლად და ცოცხლად გვეხატება თვალწინ ის ბნელი ჯოჯოხეთი და ზომას აღმატებული უბედურება, რომელიც თავს დასტრიალებდა ჩვენს სამშობლოს შაბათს განთიადისას... დღესაც ისევ შეუწყვეტლივ გაისმის თბილისის მიდამოებში მტრის ზარბაზნების გრგვინვა, ამიტომ სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვა გვიკარნახებს მთელი ჩვენი ენერგიის, ქონებისა და სიცოცხლის მიტანას მართლის სამსხვერპლოზე.“

„ზომას აღმატებული უბედურება” მაინც მოხდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისში შემოვიდა და საქართველო დაიპყრო. კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ ქართველი ერის თავს დამტყდარი უბედურება ვეღარ გადაიტანა. თბილისში შექმნილი იყო უკიდურესად მძიმე ვითარება. წყალიც კი არ იშოვებოდა და ხალხი დასალევ წყალს მტკვრიდან ეზიდებოდა. როცა მორჩილებმა ლეონიდეს შესთავაზეს წყალს წყაროებიდან მოგიტანთო, მან კატეგორიული უარი განაცხადა. კათოლიკოს-პატრიარქს შავი ჭირის ეპიდემია შეეყარა და 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკით, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებით.

მესამე საეკლესიო კრება შედგა გელათში, 1921 წელს 1-5 სექტემბერს, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია).

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

ამბროსი ხელაიამ ჯერ კიდევ ყაზანის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დაწერა ნაშრომი „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში”. მის სახელთანაა დაკავშირებული „მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ის ჭელიშური რედაქციის პოვნა და შესწავლა.

ამბროსი ხელაია იყო თავდადებული ავტოკეფალისტი, ამიტომაც განიცდიდა საშინელ დევნა-შევიწროებას. 1908 წელს იგი საქართველოდან გადაასახლეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ის ჯერ ჭყონდიდის, ხოლო 1919 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.

ამ პერიოდში მასობრივად მიმდინარეობდა ეკლესია-მონასტრების დახურვა. 1917 წელს საქართველოში იყო 1130 მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 2609 მღვდელი, 227 მთავარდიაკონი, 1606 დიაკონი, 29 მამათა მონასტერი 1188 ბერით, 6 დედათა მონასტერი 280 მონაზვნით. 1921 წლიდან მათი რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. ბოლშევიკი აქტივისტები ეკლესია-მონასტრებიდან დაურიდებლად ეზიდებოდნენ საეკლესიო ქონებას, ანადგურებდნენ ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს. საჭირო იყო ამ ბარბაროსობის მხილება. ეს მისია თავის თავზე აიღო პატრიარქმა ამბროსიმ, რომელმაც 1922 წელს გენუის კონფერენციას მემორანდუმით მიმართა, სადაც წერდა:

ვიკიციტატა
„ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას, უბღალავენ წმინდათა-წმინდას სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება. მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია, მისი ეკლესია, ეს ძველისძველი ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა დღეს უფლებააყრილია.“

კათალიკოსი მოითხოვდა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. მემორანდუმს ხელს აწერდნენ საკათალიკოსო საბჭოს წევრები: მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე), იოსებ მირიანაშვილი, დიმიტრი ლაზარიშვილი, პავლე ქავთარაძე, ანტონ თოთიბაძე, ნიკოლოზ არჯევანიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საკათალიკოსო საბჭოს წევრი ნიკოლოზ თავდგირიძე.

ასეთი გაბედული მხილების შემდეგ რეპრესიები უფრო გაძლიერდა. ოფიციალურ ბოლშევიკურ გაზეთებში - „კომუნისტი”, „კვაწარახი”, „მუშა”, „ტარტაროზი” - დაიწყეს ქართული ეკლესიის ღირსეული წარმომადგენლების მიმართ ცილისმწამებლური წერილების ბეჭდვა. ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მალე დაიწყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და სხვა სასულიერო პირების სასამართლო პროცესი. სასამართლომ უარი თქვა პავლე ინგოროყვასა და ივანე ჯავახიშვილის მოწმეებად გამოძახებაზე, სამაგიეროდ „სულგრძელად დაუთმო” სასამართლოს „ტრიბუნა” პროლეტარიატის წარომადგენლებს: ორზუმელოვს, ვარლამოვს, გუბლიევას, ოქიევს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სამღვდელოებას „მრავალსაუკუნოვან ბოროტებად” და „მშრომელი ხალხის” მტრად აცხადებდნენ და მოითხოვდნენ „ბნელეთის მოციქული” სასულიერო პირების სასტიკ დასჯას. სასამართლოს შენობის წინ იყვნენ მუშათა წარმომადგენლები ტრანსპარანტებით „ძირს ამბროსი”, „ძირს უწმინდესი კონტრრევოლუცია” და სხვ. სასამართლოზე კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვა სათაურით: „მე აღვასრულე ჩემი ვალი”, რომელშიც დაასაბუთა, თუ როგორი უკანონო გზით შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოში, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოსკოვის მარიონეტი, რომ მისთვის ყველანაირი სასჯელი, სამოციქულო ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისათვის მიღებული, იქნება

ვიკიციტატა
„ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში. იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული.“

საბჭოთა სასამართლომ პატრიარქს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის მეტეხის ციხეში ჩასვეს. საპატრიარქო საბჭოს სხვა წევრები კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯნენ.

1924 წელს საქართველოში აჯანყება მოხდა. მისი ჩახშობის შემდეგ რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა. იმ დროს, როცა მასობრივად ხურავდნენ ეკლესია-მონასტრებს, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის, დეკანოზ იეროთეოზ ნიკოლაძის, მღვდელ სიმონ მჭედლიძისა და დიაკვან ბესარიონ კუხიანიძის მონაწილეობით აკურთხა სვირის ეკლესია, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. 1924 წლის 2 აგვისტოს სამივე სასულიერო პირი დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. 28 აგვისტოს საგანგებო სამეულის განაჩენით სამივე მათგანი სიკვდილით დასაჯეს ქუთაისის მახლობლად, საფიჩხიას ტყეში (1994 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ მოახდინა ნაზარისა და მასთან ერთად მოკლულ სასულიერო პირთა კანონიზირება). ქართული ეკლესიის მიმართ რეპრესიები გრძელდებოდა. „საზეიმო ვითარებაში”, ხალხის თანდასწრებით ხდებოდა სასულიერო პირთათვის ტანსაცმლის შემოხევა, წვერის გაკრეჭა. მრავალი ეკლესია დაანგრიეს და მათ ადგილას პარტიული და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები ააშენეს. მაგალითად, ქუთაისის მერია იმ ეკლესიის ქვებითაა აშენებული, რომელშიც გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წირვას ატარებდა ხოლმე. ასეთი მაგალითი საქართველოს მრავალ ქალაქსა თუ სოფელშია.

1924 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ხალხს ეკლესია-მონასტრების გახსნის უფლებას მხოლოდ მაშინ მისცემდა, თუ სოფლებსა და ქალაქებში დაარსდებოდა „რელიგიური საზოგადოებები”, რომლის დამფუძნებელ წევრთა რიცხვი შვიდზე ნაკლები არ იქნებოდა. ამასთანავე, მორწმუნენი ტაძრებს, სამლოცველო სახლებსა და სხვა ქონებას უსასყიდლოდ მიიღებდნენ, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდებოდა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტსა და მორწმუნეთა შორის. ასეთი დადგენილების მიუხედავად ღვთისმსახურთა შევიწროება, ეკლესია-მონასტრების დახურვა და ნგრევა კვლავ გრძელდებოდა. თბილისში საქართველოს საპატრიარქოს ჩამოართვეს სამხედრო ტაძარი, დახურეს ანჩისხატი, გელათი, ალავერდი. საქართველოს საპატრიარქო რეზიდენცია მიითვისეს, საპატრიარქო ქონების ნაწილი დაიტაცეს, ნაწილი გადაყარეს.

თბილისის სიონი

საქართველოს ეკლესიაში უმძიმესი ვითარება შეიქმნა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ. საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა საეკლესიო კანონმდებლობის უხეში დარღვევით კათოლიკოს-პატრიარქად მისთვის სასურველი პიროვნება დაემტკიცებინა, მაგრამ მრევლმა და სამღვდელოებამ ცრუ პატრიარქს სიონის ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა. 1924 წლის აჯანყების ჩახშობისა და მასობრივი რეპრესიების შემდეგ ბოლშევიკებმა გამოსცეს ამნისტია, რომლის საფუძველზეც საპატიმროდან გაათავისუფლეს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, რომლის ჯანმრთელობა ძალიან იყო შერყეული. პატრიარქმა მაინც მოინდომა სიონში წირვის ჩატარება, თუმცა როცა ამბიონზე ჯვარ-სანთლებით გავიდა და ერი დალოცა გონება დაკარგა და ჩაიკეცა. ამის შემდეგ მას დიდხანს აღარ უცოცხლია. პატრიარქი 1927 წლის 27 მარტს გარდაიცვალა. დიდი რეპრესიების მიუხედავად კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. საქართველოსა და ქართველი ერისათვის თავდადებული მწყემსმთავარი გულმხურვალედ დაიტირეს ქართულ ემიგრაციაშიც.

კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი)

კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით 1925 წლიდან თანამოსაყდრედ დანიშნული იყო ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე, მაგრამ გარკვეული ძალების ზეწოლის გამო იგი იძულებული გახდა ოფიციალური განცხადებით უარი ეთქვა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე-ობაზე.

მეოთხე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1927 წელს 21-27 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე III (ციცქიშვილი).

საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ. ამის დასტური იყო ისიც, რომ 1929 წელს შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის სრულიად საქართველოს ცენტრალური საბჭო”. მანამდე კი საქართველოს ყველა მაზრაში შეიქმნა „უღმერთოთა უჯრედები”. უღმერთოთა კავშირი სამაზრო უჯრედებს სთხოვდა ყოველთვიურად წარმოედგინათ ინფორმაცია, თუ რამდენი ეკლესია დახურეს თავიანთ მაზრებში.

საქართველოს ეკლესია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. თუ ეკლესია კვლავ განაგრძობდა საბჭოთა ხელისუფლების არცნობის პოლიტიკას, მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდებოდა. კათოლიკოს პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ შემრიგებლური ნაბიჯი გადადგა. მან ხელისუფლებისადმი ლოიალობის კურსი გამოაცხადა. ასეთმა პოლიტიკამ, მართალია ქართული ეკლესია ფიზიკურად გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ როგორც საქართველოში, ისე ქართულ ემიგრაციაში ასეთმა გადაწყვეტილებამ დიდი გულისტკივილი და იმედგაცრუება გამოიწვია.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ 1927 წელს საკათოლიკოსო საბჭოზე დააყენა საკითხი ახალ სტილზე გადასვლის შესახებ. საქართველოს ეკლესია 1927 წლიდან გადავიდოდა ახალ სტილზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ დიდი არევ-დარევა გამოიწვია ეკლესიაში. 1928 წელს მიიღეს გადაწყვეტილება კვლავ ძველი სტილის აღდგენის შესახებ. მიუხედავად კომუნისტური ხელისუფლების რეპრესიული ღონისძიებებისა, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქრისტეფორე III-ის დროს შეინარჩუნა რვა მოქმედი ეპარქია: ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის, ქუთაის-გელათის, ცხუმ-აფხაზეთის, წილკნის, ჭყონდიდისა და მცხეთა-თბილისის.

მეხუთე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1929 წელს 8 ივლისს. განიხილეს სამღვდელოების იურიდიული ყოფის საკითხები.

კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III 1932 წელს გარდაიცვალა.

პატრიარქი კალისტრატე

მეექვსე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1932 წელს 21-22 ივნისს. აირჩიეს კათალიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე). იგი იყო განათლებული მღვდელმთავარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის თავდადებული მებრძოლი და 1905 წლის თბილისის ქართველი სამღვდელოების შეკრების მონაწილე.

მეშვიდე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1934 წელს 31 მაისს. საკათალიკოსო საბჭოს ნაცვლად შეიქმნა საქართველოს წმინდა სინოდი, რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ.

მერვე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1937 წელს. მოახდინეს სინოდის რეორგანიზაცია; შემოღებულ იქმნა კათალიკოს-პატრიარქის სახით ერთპიროვნული მართვა-გამგეობა. სინოდს ეწოდა კათალიკოსის თანასინოდი. უწმინდესისა და უნეტარესის ასეთი გადაწყვეტილებები გამოწვეული იყო საქართველოს ეკლესიაში შექმნილი რთული ვითარებითა და იმ უთანხმოებებით, რომლებიც არსებობდა ზოგიერთ მღვდელმთავარსა და კათოლიკოსს შორის.

კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ თავისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით შეინარჩუნა საქართველოს ეკლესია. ხელისუფლება ხელს უშლიდა პატრიარქის მრავალი ჩანაფიქრის განხორციელებას. ვერ მოხერხდა ალავერდის, ბათუმ-შემოქმედის, ბოდბისა და ჭყონდიდის ეპარქიებში მღვდელმთავრების შეკრება, რაც მეტად დამაფიქრებელი ფაქტი იყო. სამაგიეროდ პატრიარქ კალისტრატეს დიდი მცდელობის შედეგად, მოწამეთას ეკლესიიდან გადასვენებული წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ნეშტები ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან კვლავ მოწამეთაში დააბრუნეს. კათოლიკოსმა გელათის მონასტრის ამოქმედებაც სცადა თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში ხელისუფლებამ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით შექმნა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიების საქმეთა კომიტეტი, რომელსაც თავისი რწმუნებულები ჰყავდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. რწმუნებულის აპარატი იქცა საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მეთვალყურედ. მისი ნებართვის გარეშე საქართველოს ვერცერთ ეპარქიაში მღვდელმთავარი ვერ დაინიშნებოდა.

კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სურვილითა და მცდელობით 1943 წლის 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის პატრიარქ სერგის მიერ ოფიციალურად წარმოგზავნილი სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი ანტონი. მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ თავისი ისტორიის მანძილზე ოფიციალურად და ფორმალურ-კანონიკურად პირველად ცნო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობა და ამის შესახებ აცნობა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ მწყემსმთავრებს, რითაც ქართულ ეკლესიას გზა გაეხსნა მსოფლიოს სხვა საპატრიარქოებთან ურთიერთობისთვისაც.

კათოლიკოსმა კალისტრატემ ქადაგებებითა თუ საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებული მატერიალური შესაძლებლობებით გარკვეული წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

მცდელობების მიუხედავად პატრიარქმა კალისტრატემ ვერ შეძლო საქართველოს საპატრიარქოს ბეჭდვითი ორგანოს დაარსება და სასულიერო სასწავლებლის გახსნა.

1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად პატრიარქის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო.

სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე)

მეცხრე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1952 წელს, 5 აპრილს. აირჩიეს კათალიკოს-პატრიარქად ურბნელი მიტროპოოლიტი მელქისედეკ III (ფხალაძე). კათოლიკოს მელქისედეკის დროს, განსაკუთრებით სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როცა პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი ლიბერალიზაცია დაიწყო, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი გაუქმებული ეკლესიის აღდგენა. მოქმედი გახდა მოწამეთა, ბოდბე, ფოთის ეკლესია. ახალი ეკლესია აიგო ხაშურში. მელქისედეკ III ზრუნავდა ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებაზე. კათოლიკოს მელქისედეკის დროს საქართველოს ეკლესიის სინოდში ხუთი მღვდელმთავარი იყო. ღვთისმსახურთა ასაკობრივი მაჩვენებელი ეკლესიისათვის საგანგაშო იყო - მღვდელმთავართა და მღვდლების უმეტესობის ასაკი 60 წელს აღემატებოდა. ეკლესიებში თითქმის აღარ იყო მრევლი. დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიებში ძირითადად ხანდაზმულები მიდიოდნენ. 1962 წლისათვის საქართველოში მოქმედი იყო მხოლოდ 45 ეკლესია, რომელსაც 100-მდე ღვთისმსახური ჰყავდა (1917 წელთან შედარებით დაახ. 25-ჯერ ნაკლები).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისის ფონზე საქართველოში გააქტიურდნენ სხვადასხვა სექტები (მაგ. იეღოვას მოწმეები) და სხვა რელიგიური ჯგუფები, მათ შორის სომხურ-მონოფიზიტური ეკლესია.

1960 წელს გარდაიცვალა მელქისედეკ III. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ქუთათელ მიტროპოლიტ ნაუმ შავიანიძეს სთხოვა მისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ადგილი დაეკავებინა. მიტროპოლიტმა დაუფარავად მოახსენა, რომ ეს ადგილი მიტროპოლიტ ეფრემს ეკუთვნოდა. მართალია პატრიარქმა მელქისედეკმა ნაუმის უარის შემდეგ მოსაყდრედ დავით დევდარიანი დატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმაც მოსაყდრეობაზე უარი განაცხადა მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე)

მეათე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1960 წლის 20 თებერვალს. კრების საგანი იყო ახალი კათალიკოს-პატრიარქის არჩევა და განკვეთილ სამღვდელო პირთა საკითხის გადასინჯვა. კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ჭყონდიდელ-ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემ II (სიდამონიძე). უწმინდეს ეფრემ II-ს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. გავლილი ჰქონდა საინტერესო ცხოვრებისეული გზა. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსმოსმენილი. მღვდელმთავრობის დროს საბჭოური რეპრესიები მასაც შეეხო - 1937-1944 წლებში იმყოფებოდა გადასახლებაში.

კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ 1963 წლის 26 აგვისტოს ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილ-ღუდუშაური) ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში განაწესა. პატრიარქის დიდი მცდელობის შედეგად 1963 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში გაიხსნა ორწლიანი სამოძღვრო კურსები, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის სახელს ატარებდა. სამოძღვრო კურსების პირველ რექტორად დაინიშნა ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი. სასულიერო სასწავლებლის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. რექტორის მოწადინებით სასწავლებელში მიიწვიეს საუკეთესო სპეციალისტები. სასწავლებელი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ ორწლიანი სამოძღვრო კურსები გადაკეთდა სამწლიან სასულიერო სემინარიად, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელს ატარებდა. სემინარიას, გარდა პრაქტიკული მოღვაწეობისათვის საჭირო ცოდნისა, მომავალი სასულიერო პირებისათვის უნდა მიეცა გარკვეული განათლება ღვთისმეტყველებაში. მცხეთის სასულიერო სემინარიამ ეს მისია კარგად შეასრულა. უწმინდესი ეფრემ II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით 1963 წელს საქართველოს საპატრიარქომ გამოსცა „ახალი აღთქმა”, პერიოდულად იბეჭდებოდა საეკლესიო კალენდარიც. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საბჭოური სისტემის პირობებში, როცა ეკლესიას ყოველმხრივ ავიწროებდნენ, მაქსიმუმის გაკეთება შეძლო. იგი 1972 წელს გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V დევდარიანი

მეთერთმეტე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1972 წლის 2 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი. კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი დავით V დევდარიანი. საქართველოს ეკლესიაში წლების განმავლობაში გროვდებოდა მრავალი პრობლემა. ამ პრობლემების გადაჭრა საბჭოური მმართველობის პირობებში თითქმის შეუძლებელი იყო. მძიმე ვითარება შეიქმნა არა მხოლოდ დედაქალაქში, სადაც მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში ახალგაზრდული თეატრი იყო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ფოლკლორული საღამოები იმართებოდა, ანჩისხატი კი მოქანდაკის სახელოსნოდ იყო გადაქცეული, არამედ ეპარქიებშიც. ფორმალურად მოქმედი 15 ეპარქიიდან პრაქტიკულად მოქმედი იყო 4, რომელსაც თავისი მღვდელმთავრები ჰყავდა. ბოდბელი ეპისკოპოსი წინამძღვრად იყო თბილისის სამების ეკლესიაში, მანგლელი - დიდუბის ეკლესიაში, თეთრიწყაროელი - თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მღვდელმთავართა უმრავლესობა ხანდაზმული იყო.

მეთორთმეტე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1977 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც 47 დელეგატი ესწრებოდა. კრებას ასევე ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან — არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან — არქიმანდრიტი გრიგორიოსი.[5] კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) ილია II-ის სახელით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა ახლადარჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება. უწმინდესმა და უნეტარესმა სვეტიცხოველში წარმოთქმულ სიტყვაში განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის მომავალი, სამოქმედო გეგმა და დასძინა:

ვიკიციტატა
„მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.[5][6]
ვიკიციტატა
„ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანულ სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი.[6]

საქართველოს ეკლესიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მეთაურობით ზუსტად განსაზღვრა თავისი ისტორიული როლი და მისია ქართველი ერის ცხოვრებაში. პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკლესიებში წირვა-ლოცვის სრულყოფილად ჩატარების პრობლემებს, მაგლობელთა გუნდები შეივსო პერსპექტიული ახალგაზრდებით, წირვა-ლოცვების დროს დიდი ყურადღება დაეთმო საეკლესიო ქადაგებებს, რომელთა თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ქართველი ერის ცხოვრების ყველა სფეროს. გააქტიურდა ურთიერთობა საზღვარგარეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან.[5]

საქართველოს ეკლესიის პირველმა თამამმა ნაბიჯებმა საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა. მკვეთრად გაიზარდა მრევლის რაოდენობა, რამაც კომუნისტური ხელისუფლების უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია.[7]

1977-1994 წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით გაიზარდა მღვდელმთავართა რიცხვი. თუ საქართველოს ეკლესიის 15 ეპარქიიდან, წინათ, პრაქტიკულად, 4 ეპარქიას ჰყავდა თავისი მღვდელმთავარი, 1992 წლიდან ყველა ეპარქიას ჰყავდა მმართველი მმართველი ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი. პატრიარქმა თბილისის ეკლესიებში მყოფი მღვდელმთავრები თავიანთ ეპარქიებში განაწესა. თბილისის სიონსა და მცხეთის სვეტიცხოველში დიდი ზეიმით ხდებოდა ახალი მღვდელმთავრის კურთხევა. ასობით უმოქმედო ეკლესია გაიხსნა, აშენდა და შენდება ახალი ტაძრები. ერთი საუკუნის მანძილზე თითქმის უპატრონოდ მიტოვებული მონასტრები კვლავ ბერ-მონაზვნებით შეივსო.[7]

საქართველოს ეპარქიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საეკლესიო კალენდრებზე დაყრდნობით, 1917 წლიდან მოყოლებული, შემდეგი ეპარქიები შედიოდა საქართველოს მართლმამდიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში:

1927-1977 წლებში 15 ეპარქია იყო:

  1. მცხეთა-თბილისის ეპარქია
  2. წილკნის ეპარქია:
  3. მანგლისის ეპარქია
  4. ალავერდის ეპარქია
  5. ბოდბის ეპარქია
  6. ურბნისის ეპარქია
  7. აწყურის ეპარქია
  8. აგარაკ-წალკის ეპარქია
  9. მარგვეთის ეპარქია
  10. ქუთაის-გაენათის ეპარქია
  11. ცაგერის ეპარქია
  12. ნიკორწმინდის ეპარქია
  13. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია
  14. ჭყონდიდის ეპარქია
  15. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია

1978-1995 წლებში 15 ეპარქია იყო:

  1. მცხეთა-თბილისის ეპარქია
  2. აგარაკ-წალკის ეპარქია
  3. ალავერდის ეპარქია
  4. მარგვეთის ეპარქია
  5. ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქია
  6. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია
  7. ბოდბის ეპარქია
  8. მანგლისის ეპარქია
  9. ნიკორწმინდის ეპარქია
  10. ურბნისის ეპარქია
  11. ქუთაის-გაენათის ეპარქია
  12. ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია
  13. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
  14. წილკნის ეპარქია
  15. ჭყონდიდის ეპარქია
# დასახელება კათედრა დაარსების დრო მმართველი:
1 მცხეთა-თბილისის ეპარქია მცხეთა და თბილისი 20 ივლისი 1920წ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II (ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი)
2 ალავერდის ეპარქია ალავერდი 1923 წ. მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე)
3 ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია ახალციხე და საფარა 5 აპრილი 1995წ. მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე)
4 ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია ახალქალაქი და კუმურდო 5 აპრილი 1995წ. მიტროპოლიტი ნიკოლოზი (პაატა ფაჩუაშვილი)
5 ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ბათუმი 5 აპრილი 1995წ. მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით, ნოდარ შიოლაშვილი)
6 ბოდბის ეპარქია ბოდბე მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარიძე)
7 ბოლნისის ეპარქია ბოლნისი და დმანისი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)
8 ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია ბორჯომი მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (თამაზ ჯოჯუა)
9 გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია გურჯაანი ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)
10 დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია დმანისი ეპისკოპოსი ზენონი (იმედა იარაჯული)
11 ვანისა და ბაღდათის ეპარქია ბაღდათი მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია)
12 ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ზუგდიდი და ცაიში მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე)
13 თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია თიანეთი მთავარეპისკოპოსი თადეოზი (მირიან იორამაშვილი)
14 მანგლისისა და წალკის ეპარქია მანგლისი და წალკა მიტროპოლიტი ანანია (თენგიზ ჯაფარიძე)
15 მარგვეთისა და უბისის ეპარქია ზესტაფონი მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ბადრი ახვლედიანი)
16 მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია მესტია ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი)
17 ნეკრესის ეპარქია ნეკრესი, ყვარელი და ლაგოდეხი მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი)
18 ნიკორწმინდის ეპარქია ნიკორწმინდა მთავარეპისკოპოსი ელისე (ელდარ ჯოხაძე)
19 საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია ნინოწმინდა და საგარეჯო ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე)
20 ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ნიქოზი და ცხინვალი მიტროპოლიტი ისაია (ზურაბ ჭანტურია)
21 რუსთავისა და მარნეულის ეპარქია რუსთავი ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი)
22 სამთავისისა და კასპის ეპარქია სამთავისი და კასპი ეპისკოპოსი დამიანე (დამიანე ხუფენია)
23 სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია სენაკი და ჩხოროწყუ ეპისკოპოსი შიო (ელიზბარ მუჯირი)
24 სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია სტეფანწმინდა ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე)
25 სხალთის ეპარქია სხალთა ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)
26 თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია ტყიბული მიტროპილიტი გიორგი (გური შალამბერიძე)
27 ურბნისისა და რუისის ეპარქია ურბნისი, რუისი და ხაშური მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)
28 ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთი მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი)
29 ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისი და გელათი მიტროპოლიტი კალისტრატე (შოთა მარგალიტაშვილი)
30 შემოქმედის ეპარქია შემოქმედი და ოზურგეთი მიტროპოლიტი იოსები (გივი, გიორგი კიკვაძე)
31 ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია ცაგერი ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
32 ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია სოხუმი და ახალი ათონი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II (ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი)
33 წილკნისა და დუშეთის ეპარქია წილკანი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შოთა შიოშვილი)
34 ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ჭიათურა მიტროპოლიტი დანიელი (დავით დათუაშვილი)
34 ჭყონდიდის ეპარქია მარტვილი მთავარეპისკოპოსი პეტრე (პაატა ცაავა)
35 ხონისა და სამტრედიის ეპარქია ხონი მთავარეპისკოპოსი საბა (ზაზა გიგიბერია)
36 დასავლეთ ევროპის ეპარქია მიტროპოლიტი აბრაამი (ამირან გარმელია)
37 ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
38 სურამისა და ხაშურის ეპარქია ხაშური 11 ოქტომბერი 2013წ. ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)
39 გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია დიუსელდორფი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი)
40 ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია ბრიუსელი ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (2012). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 1
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (2012). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 2
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (2012). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 3
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (2012). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 4, XVII-XX საუკუნეები. თბილისი: გუმბათი. ISBN 978-9941-0-5004-6. 
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2003). საქართველოს ისტორია, XX საუკუნე. თბილისი: არტანუჯი. ISBN 99928-991-9-0. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]