შინაარსზე გადასვლა

მალაქია II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მალაქია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მალაქია.
მალაქია II, კრისტოფორო დე კასტელის ნახატი, შესრულებული 1634-1639 წლებში

მალაქია II (გვარად გურიელი; დ. 1577 — გ. 1639) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1616-1639 წლებში, გურიის მთავრის გიორგი II გურიელის ძე. 1625-1639 წლებში იყო აგრეთვე გურიის მთავარი.

XVII საუკუნის დასაწყისში იყო ჯუმათის ეპისკოპოსი. 1612 წელს მიიღო ცაიშის ეპისკოპოსობა. ცაიშელ-ჯუმათელი მალაქია გახდა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მალაქიას კათალიკოსად აღსაყრდების თარიღის შესახებ ლიტერატურაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული: 1605, 1616 და 1619 წელი. ვახუშტი ბატონიშვილისა და ბერი ეგნატაშვილის ცნობით მალაქია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი იყო კახეთში შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობის დროს (1613-14). 1619-22 წლებში მალაქიმა ხონის ეპისკოპოსობა მიიღო. 1625 წელს გურიის მთავრის ტახტზე დასვა ლევან II დადიანმა, რომელმაც დაამარცხა მამის მკვლელი სიმონ II გურიელი. 1639 წელს მანვე ჩამოაგდო გურიელის ტახტიდან და მთავრად დასვა ვახტანგ II გურიელი. 1658 წელს მალაქია რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე დაჯდა.

მალაქიამ სახელი გაითქვა როგორც უნარიანმა სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწემ: მოაწესრიგა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საქმეები, ააგო და შეამკო მრავალი ეკლესია-მონასტერი, მან მოახატინა ცაიშის ტაძარი, ააშენა ჯეგეთას ეკლესია. მისი ინიციატივით შედგა აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი. მოაწესრიგა საკათალიკოსოს სამეურნეო საქმე, გაზარდა სასახლეების, ყმებისა და მამულების რიცხვი. არქანჯელო ლამბერტის ცნობით სიმდიდრითა და გავლენით აღემატებოდა მთავრებს. ეხმარებოდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლისა და კახეთის მეფეებს, აგრეთვე გიორგი სააკაძეს.

ურთიერთობა კათოლიკეებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაქია მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებსა და ქართველ კულტურის მოღვაწეებს. 1626 წელს მიიღო წერილი პაპ ურბან VIII-საგან. როცა გაიგო თეატინელ მისიონერთა აღმოსავლეთ საქართველოში ჩასვლის შესახებ, მიიწვია ისინი გურიაში. მალაქიამ მისიონერები დროებით საკუთარ სასახლეში მოათავსა, შემდეგ კი მისცა სახლი და ყველაფერი, რაც კი სჭირდებოდათ. მისიონერები თავიანთ წერილებში ხოტბას ასხამენ კათალიკოსს და თავიანთ მფარველს უწოდებენ.