საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი საეკლესიო კრება 1917 წელი
თარიღი ძვ. სტილით 8 სექტემბერი17 სექტემბერი, 1917
შემდეგი კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება
ესწრებოდა 448 პირი
საკითხები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება — შედგა თბილისში, 1917 წლის ძვ. სტ. 8-17 სექტემბერს. დაადგინეს მართვა გამგეობის დებულებანი და 1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. კრებას თავმჯდომარეობდნენ გიორგი ჟურული, ტრიფონ ჯაფარიძე, სპირიდონ კედია. კრებამ განიხილა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიების, საკათალიკოზო საბჭოს შექმნის საკითხები.

11-16 სექტემბერს საკლესიო კრებაზე იხილებოდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის პროექტი. მიიღეს გადაწყ­ვეტილება 13 ეპარქიის გახსნის შესახებ. დებულების თანახმად საქართველოს ეკლესია იყოფოდა ეპარქიებად. ეპარქიის უმაღლესი მმართველობითი ორგანო იყო საეპარქიო კრება.

საეკლესიო კრებაზე აირჩიეს ქუთათელ მიტროპოლიტად ანტონ გიორგაძე, ჭყონდიდელად ამბროსი ხელაია, ურბნელ ეპისკოპოსად დავითი (კაჭახიძე), ალავერდელ ეპისკოპოსად პიროსი (ოქროპირიძე). კრებამ უცვლელად დატოვა ეკლესიის დროებითი მმართველობის გადაწყვეტილება იმერეთის ეპისკოპოს გიორგი ალადაშვილის შესახებ. თბილელ მიტროპოლი­ტად დარჩა ლეონიდი.

17 სექტემბერს კრებამ თავისი მუშაობა დააგვირგვინა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის არჩევნებით. შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის თავმჯდომარეობით. დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. თავდაპირველად კენჭს იყრიდა სამი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი კირიონი და არქიმანდრიტი ამბროსი (უკანასკნელმა მალევე მოხსნა თავისი კანდიდატურა). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები სიონის ტაძარში ჩატარდა.[1]

არჩევნებში მონაწილეობა 448 ადამიანმა მიიღო. სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქად 12 ხმის უპირატესობით კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი) კირიონ II-ის სახელწოდებით. როგორც დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იუწყება, 12 მანდატი მის მიერ იყო გაუქმებული.

ვიკიციტატა
„... 12 ხმით ნაკლები მიიღო კირიონზე! ეგ 12 ხმა მე დავუკარგე ლეონიდს, როგორც სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ! გავაბათილე მცხეთისა და საგურამოს ოლქების დელეგატთა მანდატები, როგორც არაკანონიერად ამორჩეულებისა — სწორეთ 12 დელეგატისა! ეს, რასაკვირველია, მოხვდა, შემთხვევით და კანონიერად! არავითარი თაღლითობა მე არ გამიწევია, არც აგიტაციაში მიმიღია მონაწილეობა.“

განსაკუთრებული ზეიმით მოხდა კირიონ II-ის აღსაყდრება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.[2][3]

ამონარიდი დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის დღიურიდან:

8 სეკტემბერი — პარასკევი. 1917 წელი

გაიხსნა პირველი საეკლესიო კრება სიონის ტაძარში, დიდის ზეიმით. წაკითხულ იქნა გალობით „მრწამსი“, შემდეგ „ძეგლის წერა“ და ფიცი ერისა და ფიცი სამღვდელოებისა ურთიერთადმი. ძველებურად...

9 სეკტემბერი — შაბათი

კრება გრძელდება...

სამწუხაროდ, 17 ენკენისთვემდე „კალენდარის ფურცლებზე არა აღმინიშნავს რა! ალბათ არ მქონდა მაგის თავი, დრო და მოცალეობა. გართული ვიყავი კრებაზე საქმიანობით.

17 სეკტემბერი — კვირა

1917 წ. 17 ენკენისთვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები მოხდა სიონის ტაძარში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 448 პირმა. არჩევნები დაიწყო დღის პირველ საათზე და დასრულდა სამზედ.

კირიონს ამოუვიდა თეთრი — 242 კენჭი, შავი — 206.

ლეონიდს — თეთრი — 230, შავი — 218.

გავიდა კირიონი 12 ხმის უმეტესობით!

...

არჩევნების დროს კირიონიცა და ლეონიდეც სიონის ეზოში იყვნენ, ცალ-ცალკე ოთახში. რო გამოირკვა კენჭის ყრა, შემოიყვანეს ჯერ ლეონიდი, რომელიც უნდა მიჰგებებოდა კარი-ბჭეში კირიონს! სულ მთელი ტანით ცახ-ცახებდა ლეონიდი! ხელებიც უკანკალებდა. შეიმოსა და მიეგება კირიონს, რომელიც შემოიყვანა ტაძარში არქიმანდრიტებმა. ლეონიდმა მოკლე სიტყვით მიმართა კირიონს, არწმუნებდა თავის ერთგულებას მისადმი და ჰპირდებოდა გულწრფელ თანამშრომლობას! კირიონმა დინჯად, აუღელვებლად დაიჭირა ამბიონი და იქიდან კრებას მიმართა სიტყვით, მოკლედ, გარკვევით თავისი ღირსების დაცვით და აღთქმით თავ-დადებულ სამსახურისათვის. მადლობა შესწირა კრებას და ორივე ხელით ჯვარი გადასახა. იგვირგვინა კრებამ „აქსიოს“! აქიოს“! „აქსიოს“! შემდეგ ვიგალობეთ „დღეს სამღვთომან მადლმან“... სიონიდან კათალიკოსი ამ გალობით და ლიტანიით, მთელმა კრებამ და ქუჩაში შემოერთებულმა ზღვა ხალხმა, ლეონიდესთან ერთად, წავიყვანეთ და დავაბინავეთ „საკათალიკოსო სასახლეში“ (ექსარხოსის ყოფილ სასახლეში).[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, თბ., 1976, გვ. 110-111

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზ. «სვეტიცხოველი», 1917, №3
  2. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე, 2003, გვ. 244
  3. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 4, XVII-XX საუკუნეები, 2012, გვ. 207
  4. დეკანოზი ნიკიტა მალაქიას-ძე თალაქვაძე, „მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან“, (გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი), თბ., 2013