ნაუმი (შავიანიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიტროპოლიტი ნაუმი (ერისკაცობაში — ნაომ გრიგოლის ძე შავიანიძე; დ. 1889, სოფელი ოხომირა, ქუთაისის მაზრა — გ. 3 მარტი, 1969, ქუთაისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მამა — გაბრიელ შავიანიძე იყო დეკანოზი. 1904 წელს ნაუმ შავიანიძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მისი გიმნაზიელი მეგობარი იყო შემდგომში ცნობილი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე, რომელთანაც კონტაქტი არასდროს არ გაუწყვეტია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა სოფელ ცუცხვათის ეკლესიის მედავითნედ. 1905 წელს სოფელ ოხომირაში დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხის შვილებს. 1916 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ხელი დაასხა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვნად. 1918 წლის დასაწყისში ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესებულ იქნა ოხამირას მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში. 1921 წელს მამა ნაუმი შეთავსებით ქუთაისის სამრეკლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში და მხარს უჭერდა მიტროპოლიტ ნაზარის კანდიდატურას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. 1924-1929 წლებში ჭოგნარის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარია.

1929 წელს მამა ნაუმი დაინიშნა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის წინამძღვრად. ამ ეკლესიაში მსახურობდა იგი 1941 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებამ 1941 წელს ადმინისტრაციული წესით არ დაკეტა იგი. მამა ნაუმს 1942 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს, დააპატიმრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის წევრები, რომელთა მიზანი იყო ბრძოლა საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან განთავისუფლებისათვის. ამ ჯგუფის აქტიური წევრები; კოტე ჯოგლიძე, კოტე ხიმშიაშვილი და შალვა შავიანიძე (მამა ნაუმის შვილი) დახვრიტეს. დიდი მწუხარების მიუხედავად, მამა ნაუმი სულიერად არ გატეხილა, 1943 წელს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ თბილისის სიონის ტაძრის მოძღვრად გადაიყვანა, იმავდროულად იგი ასრულებდა სინოდის მდივნის მოვალეობას.

მამა ნაუმი მონაწილეობდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის მოლაპარაკებაში, რომელიც 1943 წელს გაიმართა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალია. მამა ნაუმის თბილისში გადასვლა გააპროტესტეს მორწმუნეებმა და უწმიდეს კალისტრატეს სთხოვეს მისი ქუთაისში დაბრუნება.

1945 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი I-ის აღსაყდრებაზე მას თან ახლდა სიონის ტაძრის დეკანოზი ნაუმი. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ყოფილა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში. 1955 წელს ეჩმიაწინში მამა ნაუმი ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის ვაზგენ I-ის აღსაყდრებას.

1947 წელს დეკანოზი ნაუმი დაჯილდოვდა მიტრით და დაუბრუნდა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიას. 1956 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი. უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ს ბრძანებით დეკანოზი ნაუმი დაინიშნა ეპარქიის მთავარხუცესად. 1957 წლის 7 იანვარს იგი აკურთხეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად.

1958 წელს მეუფე ნაუმი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული მეუფე ნაუმის მიმართ, 1964 წელს ეპისკოპოსი ნაუმი წმიდა ნინოს ორდენით დაჯილდოვდა, 1967 წელს მას მიტროპოლიტობა ებოძა.

1969 წლის 3 მარტს მიტროპოლიტი ნაუმი გარდაიცვალა ქუთაისში. მიტროპოლიტი ნაუმი დაიკრძალა ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013, გვ. 205-208
წინამორბედი:
-
ქუთაის-გაენათის საეპისკოპოსო
7 იანვარი, 19573 მარტი, 1969
შემდეგი:
-