ქრისტეფორე (წამალაიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტეფორე (წამალაიძე) (დ. 17 აგვისტო, 1943, ყაზბეგის რაიონი, სიონი) — საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი 1979 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 17 სექტემბრამდე. მას წმიდა სინოდის განჩინებით შეწყვეტილი აქვს მღვდელმოქმედება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერისკაცობაში ომარ იასონის ძე წამალაიძე დაბადა 1943 წლის 17 აგვისტოს ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონში. 1958 წელს დაამთავრა სოფელ სიონის საშუალო სკოლა, 1962 წელს კი თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი. 1966-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე.

1978 წლის დეკემბერში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 1979 წლის იანვარში - მღვდლად, ხოლო 1979 წლის აგვისტოში ბერად აღიკვეცა და სახელად ქრისტეფორე ეწოდა. იგი 1979 წლის აგვისტოში ეპისკოპოსად აკურთხეს. ეპისკოპოსი ქრისტეფორე იყო უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქორეპისკოპოსი. 1980 წლიდან განაგებდა ნიკორწმინდის ეპარქიას, 1981 წლიდან 1992 წლამდე - მარგვეთის ეპარქიას, ამავე დროს მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1992-1995 წლებში განაგებდა აგარაკ-წალკის ეპარქიას, 1995 წლის 5 აპრილიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიას, საიდანაც მრევლის საჩივრის გათვალისწინებით გადაიყვანეს ბოლნისისა და დმანისის ეპარქიაში.

1995 წლის 17 სექტემბერს წმიდა სინოდის განჩინებით გამოიყვანეს წმიდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქია და აეკრძალა მღვდელმოქმედება. საკითხი კვლავ იქნა გადასინჯული 2000 წლის 14 დეკემბერს და მას ამჯერადაც აეკრძალა მღვდელმოქმედება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), გამომცემლობა „ნათლისმცემელი“, თბ., 2010, გვ. 272-274.