ნიკორწმინდის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკორწმინდის ეპარქიის რუკა

ნიკორწმინდის ეპარქია - საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ კუთხეს - რაჭას. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათისა და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიები, ჩრდილოეთი მიჯნა კავკასიონის ცენტრალურ ქედს მიჰყვება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული კუთხე - რაჭა და ნიკორწმინდის ეპარქია ერთსა და იმავე გეორგაფიულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაა.

ნიკორწმინდის ეპარქია იმერეთის რეფორმატორი მეფის ბაგრატ III (1510-1565) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბაგრატი სამეფოს გაერთიანებისათვის თავგასულ მთავრებთან ბრძოლაში მოკავშირედ ეკლესიას მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებას ცდილობდა. მან საკუთრივ იმერეთის ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისათვის მეფემ ძველი ქუთაისის საეპისკოპოსო რამდენიმე სამწყსოდ დაჰყო და მის ბაზაზე დააარსა გელათის და შემდეგ ნიკორწმინდის საეპისკოპოსოები. ბაგრატს მანამდე არსებული, უკვე დაკნინებული, ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია და პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია.

ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დას. საქართველოში 1821 წლამდე) არსებობდა. 1810 წელს კი იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი 1819-1821 წლების ცნობილი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა - ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის - აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ 1821 წელს რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით იმერეთი ერთ ეპარქიად გაერთიანდა. იმერეთში არსებული ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, კათედრის ცენტრით ქუთაისში. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, სოფრომს (წულუკიძეს), მანამდე ნიკორწმინდის ეპისკოპოსს მიანდვეს. სოფრომს რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს აღდგა ნიკორწმინდის ეპარქიაც. გასაგები მიზეზების გამო XX ს. 20-70 წწ. ეპარქია ფაქტობრივად მღვდელმთავრის გარეშე იყო, კათედრა შეთავსებული ჰქონდა ხან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხან მეზობელ ეპარქიათა მღვდელმთავრებს.

2002-2015 წლებში ეპარქიას მეთაურობდა მიტროპოლიტი ელისე. 2015 წლის 25 მაისიდან სამღვდელმთავროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი არქიმანდრიტი ვახტანგი მწყემსმთავრობს[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]