იეროთეოზი (აივაზაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპისკოპოსი იეროთეოზი (ერისკაცობაში — იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი; დ. 6 ნოემბერი, 1864, სოფ. ყვარელი, თელავის მაზრა — გ. 28 ოქტომბერი, 1942, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მედავითნის ოჯახში. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა. იმავე წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში, 1889 წლის 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და გამწესდა თელავის მაზრის სოფელ შილდაში. 1889–1890 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1901 წლის 19 მარტიდან გამწესებულ იქნა თბილისის ჯამბაკურ-ორბელიანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1903 წლის 3 მარტს გადაყვანილ იქნა წმიდა ეკატერინეს ეკლესიაში, 1907 წლის 20 სექტემბერს გადაყვანილ იქნა ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1916 წლის 8 დეკემბრიდან თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარია. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 1897 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1902 წელს სკუფიით, 1913 წელს კამილავკით, 1918 წელს ოქროს ჯვრით, 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1920 წელს ენქერით. 1928 წლის 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 16 დეკემბერს სვეტიცხოველში შესრულდა მისი კურთხევა და იგი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1929 წლიდან დროებით განაგებდა ბოდბის ეპარქიასაც. ეპისკოპოსი იეროთეოზი იყო მოკრძალებული კაცი, თითქმის შეუმჩნეველი. უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მას მღვდელმთავრობა. ბოლშევიკური ხელისუფლება სასტიკად სდევნიდა სასულიერო პირებს, უწესებდა აუტანელ გადასახადებს და გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით ხურავდა ეკლესიებს. ასე დაიხურა მრავალი ეკლესია-მონასტერი ნინოწმინდის ეპარქიაშიც. 1941 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეროთეოზმა ჯანმრთელობის მიზეზით განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს კალისტრატეს სამსახურიდან განთავისუფლების შესხებ. 1942 წლის 28 ოქტომბერს ეპისკოპოსი იეროთეოზი გარდაიცვალა თბილისში. იგი დაიკრძალა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, გვ. 187-188, თბ., 2013
წინამორბედი:
-
ნინოწმინდის ეპარქია
16 თებერვალი, 19281942
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
ბოდბის ეპარქია
19291942
შემდეგი:
-