ანჩის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანჩის მონასტერი. 1903 ნიკოლოზ მარი

ანჩის საეპისკოპოსოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო ისტორიულ კლარჯეთში. სავარაუდოდ, დაარსდა VI-VII საუკუნეებში.

საეპისკოპოსოს საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანჩის ეპარქია დაარსებული უნდა იყოს VI-VII საუკუნეებში. გრიგოლ ხანძთელის ეპოქის მთელ კლარჯეთ-შავშეთში ეს ერთი ეპარქია არსებობდა. მოგვიანებით, X საუკუნის დასაწყისში დაარსდა ტბეთის საეპისკოპოსო და ბუნებრივია, საზღვრებიც დაკანონდა. „ათორმეტ სავანეთა“ მხარე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა მტბევარის სამწყოს, ანჩის ეპარქიაში შედიოდა. ეს ნათლად ჩანს მერჩულეს თხზულებიდან, როცა იგი ანჩის ეპარქიის სასულიერო იერარქიის ზოგიერთ საკითხს ეხება და აღნიშნავს, რომ კლარჯეთის უდაბნოთა მღვდლები და დიაკვნები „ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან“. მეორე მხრივ, ეპისკოპოსად კურთხევისთვის მონასტერთა თანხმობა აუცილებელი იყო: „უკუეთუ სწორედ ყოველთა მათ უდაბნოთა წამებაჲ არა აქუნ დაწიგნი ყოველთაჲ ჭეშმარიტი საწამებელი, კათალიკოზმან საეპისკოპოსოისა მის ხელთა დასხმაჲ ეპისკოპოსად არა ინებოს, არცა სათნო არნ სამართლითა საბჭოითა“.

ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ გრიგოლის სიკვდილის შემდეგ ზემოხსენებულ სავანეთა არქიმანდრიტობა სწორედ ანჩელ ეპისკოპოსზე გადავიდა. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს მთელი კლარჯეთი „ათორმეტ უდაბნოთა“ მხარის ჩათვლით და, მასთან ერთად, მთელი შავშეთი, ანჩის ეპარქიას შეადგენდა. ბერების ღვაწლი თანაბრად სწვდებოდა კლარჯეთსაც და შავშეთსაც. ყოველ შემთხვევაში უდაბნოთა მომიჯნავე რეგიონს.

X საუკუნის დამდეგს, აშოტ კუხის დროს ანჩის საეპისკოპოსოს გამოეყო ცალკე ეპარქია, რომელზეც ტბეთის საეპისკოპოსო დაარსდა. მათ შორის გამყოფი საზღვარი ისევე როგორც კლარჯეთსა და შავშეთს შორის იყო მდ. სამწყარისწყალი. მის ჩრდილოეთ ანუ მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფ. ნორგიალი, რომელიც შავშეთად იყო ცნობილი; აი რას ამბობს გიორგი მერჩულე: «იყო ნეტარი მიქელ ქუეყანისა შავშეთისაჲ სოფლისა ნორგიალისაჲ»-ო[1]. შესაბამისად გომოდის რომ ანჩის საეპიკოპოსო მოიცავდა კლარჯეთის ტერიტორიას, ხოლო შავშეთის საეპიკოპოსო ცენტრი ტბეთი იყო, შესაბამისად მათ შორის საზღვარი უკიდურეს დასავლეთში მდინარე სამწყალზე გადიოდა. თავად სოფელი ანჩა (თურქ. İncilli) სადაც საკათედრო ტაძარი მდებარეობდა მდებარეობს აღნიშნული მდინარის მარცხენა ნაპირას.

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[2], ცნობით, ანჩელის სამწყსო წარმოადგენდა სამწყალს (სამწყარო, დღევანდელი თურქ. Aşağıırmaklar Bucağı) ქვემოთა ტერიტორიას, ხანცთას და ოპიზას შუა. ამის გარდა ნიგალის ხევი გონიოს საზღვრამდე. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში ანჩელი მეოთხე ადგილზეა დასახელებული.

ვიკიციტატა
„Ⴃ. ანჩელის სამწყსო სამწყალს აქეთი, ხანცხას (ხანძთა?) და ოპიზას შუა — დახატულა, ამის ქვემოთი ნიგალის-ჴევი დაღმა და გამოღმართი გონიის სამძღურამდინ.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IX-X საუკუნეებიდან ანჩის საეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა: არტანუჯის მხარეს, კლარჯეთის უდაბნოებს (მონასტრებს), ლიგანის ხევის გაღმა-გამოღმა ტერიტორიას გინიომდე, მდ. ფორჩხისხევს. ანჩის საეპისკოპოსოში შემავალ კლარჯეთის მონასტრებს საუკუნეების მანძილზე უშუალოდ ცალკე არქიმანდრიტი განაგებდა, გვიანი პერიოდიდან კი არქიმანდრიტობას ანჩელი ითავსებს. იგი იწოდება "ანჩელ მთავარეპისკოპოსად და ათორმეტთა უდაბნოთა არქიმანდრიტად". ანჩის ეპისკოპოსნი ყოველთვის მცხეთის კათალიკოზის ხელ-ქვეითნი იყვნენ. ანჩელნი დიდად პატივცემულნი იყვნენ ყოველთვის, მეფეთა და კათლიკოზთა კურთხევის დროს მეთერთმეტე ადგილი ეჭირათ იშხნელსა და მტბევარს შორის.

ამასიის ზავის (1555) მიხედვით, ეს მხარე საბოლოოდ თურქების ხელში გადავიდა. ოსმალთა ბატონობის დროს საეპისკოპოსო გაუქმდა. 1664 წლისთვის ანჩის საეპისკოპოსო უკვე დაცარიელებული იყო. იმავე წელს თბილისში ჩამოიტანეს ანჩის საეპისკოპოსოს კათედრალური ტაძრის მთავარი სალოცავი, მაცხოვრის ხატი, რომელიც კათოლიკოსმა დომენტიმ თბილისის საკათალიკოსო ეკლესიაში დაასვენა. აქედან წარმოდგა ამ ეკლესიის ახალი სახელწოდება „ანჩისხატი“.

ანჩის საეპისკოპოსოს მაცხოვრის ტაძარი მთლიანი სახით დაცული იყო XIX საუკუნამდე. 1879, როდესაც ახლად გათავისუფლებულ კლარჯეთის ტერიტორიაზე ისტორიკოსმა დ. ბაქრაძემ იმოგზაურა, ტაძარი უკვე დანგრეული იყო. 1904 წელს ეკლესიის შემორჩენილი ნაწილი მოინახულა და აღწერა ნ. მარმა. დღეს ტაძრის ადგილას ნანგრევებიღაა დარჩენილი. მისი ცალკეული ფრაგმენტები (ორნამენტიანი ქვები) ჩაშენებულია სოფლის მეჩეთისა და საცხოვრებელი სახლის კედლებში.

ანჩის საეპისკოპოსო და ანჩელები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ქვეყნის შინაფეოდალურ-პოლიტიკურ ბრძოლებში. ამ მხრივ აღსანიშნავია IX საუკუნეში ცქირი ანჩელი, რომელსაც ანჩის საეპისკოპოსოს კათედრა თბილისის არაბი ამირა დახმარებით დაუკავებია და, როგორც მისი პოლიტიკის გამტარებელს, მრევლის უკმაყოფილება დაუმსახურებია.

XI საუკუნეში ეზრა ანჩელი ბაგრატ IV-ის პოლიტიკის მიმდევარი იყო. XV საუკუნის II ნახევრიდან, როდესაც სამცხის მთავრებმა ცენტრალური ხელისუფლებისაგან საეკლესიო ჩამოშორებისათვის ბრძოლა გააძლიერეს, ანჩის საეპისკოპოსო ათაბაგთა მოკავშირედ ჩანდა, მაგრამ ათაბაგების საეკლესიო პოლიტიკის მარცხთან ერთად, ანჩის საეპისკოპოსო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქის მხარეზე გადავიდა.

ანჩელი მღვდელთმთავრების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანჩის საეპისკოპოსოს ცნობილი მოღვაწეები იყვნენ:

  • ზაქარია ანჩელი - ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ნახსენები
  • ცქირი ანჩელი - ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ნახსენები
  • მაკარი ანჩელი - 910-975 წ., რომლისა დროსაც აღიწერა ცხოვრება წმინდა გრიგოლ ხანცთელისა, წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიცვალების ჟამს, 861 წელს ეპყრა ანჩის კათედრა.
  • ეზრა ანჩელი - 1015-1058 წ. მომხრე მეფე ბაგრატ IV ბერძნების წინააღმდეგ, X საუკუნეში, ექვთიმე პალესტინელის სადიდებელი საგალობლის ავტორი
  • თევდორე I ანჩელი - 1060-1094 წ.
  • იოანე I ანჩელი, რკნაელი/იოანე ანჩელი 1179-1205 წ. რომელმაც წმ. თამარ დედოფლის ბრძანებჲთ შეამკო პირი ღვთის ხატი
  • თევდორე II ანჩელი 1205-1248 წ. რომელმაც შეიძინა ტყავზედ ნაწერი ანჩის ოთხთავი მწერალ მწიგნობრის სოფრონისაგან. წყაროსთავში სოფრონმა ძვირფასად შეამკობინა სახარება ზარქარს ბეგას, პირი ღვთის ოსტატს 1194 წ.
  • იოანე II ანჩელი - 1271-1319 წ.
  • თეოფანე ანჩელი - 1320-1369 წ.
  • ქერობინ ანჩელი - 1451-1492 - აბელის ძე, რომელიც ანჩისხატის თავდებობით ერთგულების პირობის წერილს აძლევს კათალიკოზ დავითს

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 503, თბ., 1975 წელი.
  • მალხაზ ჩოხარაძე, ,,დახატულა” და რამდენიმე კითხვა ანჩისა და ტბეთის ეპარქიათა საზღვრებისა გამო - ,,ჩვენი სულიერების ბალავარი”, ბსუ-ს ქრისტიანული კვლევის ცენტრის სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ტ.VI, 2014 წ., ბათუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანჩა (თურქეთი). საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება, ლჱ
  2. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53