შინაარსზე გადასვლა

მონღოლთა ბატონობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონღოლთა იმპერიის გაფართოება

მონღოლთა ბატონობა საქართველოშიXIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, გულისხმობს მმართველობის ორგანიზაციას, სამხედრო ბეგარას, საგადასახადო სისტემას, ხარკს და დამპყრობთა სახელით ფულის მოჭრას.

მონღოლების პირველი ლაშქრობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, შემდეგ კი, 1243 წელს მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში (1245-1247 წწ.), მონღოლებმა საქართველო შვიდ ან რვა დუმნად დაყვეს.[1] დუნისთავებად მონღოლებმა ქართველი ერისთავები დააყენეს. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში.

დუმნებისა და დუმნისთავების სია მ. ბახტაძის თანახმად[1]:

  1. ჰერეთი, კახეთი და კამბეჩოვანიეგარსლან ბაკურციხელი
  2. სომხითიშანშე მხარგრძელი
  3. ქვემო ქართლივარამ გაგელი
  4. ქართლიგრიგოლ სურამელი
  5. მესხეთიგამრეკელი თორელი
  6. დასავლეთ საქართველოს ნაწილი — ცოტნე დადიანი
  7. დასავლეთ საქართველოს ნაწილი — ერისთავი კახაბერისძე

არკის სიმძიმითა და მონღოლთა ლაშქრობებით გაბეზრებულმა ქართველ მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვიტეს და კოხტასთავს შეიკრიბნენ სათათბიროდ, მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების ამბავი და დააპატიმრეს შეთქმულნი. აჯანყება ჩაიშალა.

მონღოლური აღწერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1247 წელს გუიუქ-ყაენმა 2 მეფე დაამტკიცა საქართველოს ტახტზე - დავით ულუ, ლაშას ძე და დავით ნარინი, რუსუდანის ძე. 1248 და 1249 წლისათვის ისინი მონღოლეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ქვეყნის მართვას. 1254-1258 წლებში ხარკის ოდენობისა და გამოსაყვან მეომართა რიცხვის დასადგენად არღუნ-ნოინმა აღწერა ჩაატარა საქართველოში. ამის შედეგად ქვეყანას დააკისრეს 90 ათასი მეომრის გამოყვანა და მთელი რიგი ახალი გადასახადები (თამღა, თაღარი, მალი, საიამე, ულუფა, ყალანი, ყაფჩერი...), რაც ძველ გადასახადებთან ერთად მძიმე ტვირთად აწვებოდა მწარმოებელ მოსახლეობას და საბოლოოდ აჩანაგებდა მას. გადასახადების აკრეფა ხშირად იჯარით გაიცემოდა. ეს კიდევ უფრო აუარესებდა გადამხდელთა მდგომარეობას, ასეთი მეიჯარე უნდა ყოფილიყო მუსლიმანი ვაჭარი ხოჯა აზიზი, რომელიც არღუნმა დატოვა საქართველოში გადასახადების ასაკრეფად.

აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1256 წლამდე მონღოლთა ხელისუფლება საქართველოში დიდი ყაენის მოხელეთა მეშვეობით ხორციელდებოდა. 1256 წელს ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ ირანში საფუძველი ჩაუყარა ილხანთა ანუ ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველო ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ქვეყანაში იგზავნებოდა დამპყრობელთა ჯარი და მაღალი რანგის სამხედრო მოხელე, რომელიც თვალყურს ადევნებდა მეფეთა მოქმედებას. რამდენადაც ირანი და ამიერკავკასია პირვანდელი განაწილების თანახმად ჯუჩის შთამომავლებს უნდა რგებოდათ, XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ხანგრძლივი ბრძოლა წარმოებდა ოქროს ურდოს მბრძანებლებსა და ილხანებს შორის. ამ ბრძოლის ასპარეზი საქართველო იყო, რაც დიდ ზარალს აყენებდა ისედაც გაპარტახებულ ქვეყანას. გახშირდა აჯანყებები დამპყრობელთა წინააღმდეგ. 1259 წელს იფეთქა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დავით VI ნარინი. საგანგებოდ გამოგზავნილმა მონღოლთა ლაშქარმა ვერ შეძლო აჯანყების ჩაქრობა. დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1260 წელს დავით VII ულუც აჯანყდა და უარი განაცხადა მონღოლებთან ერთად ეგვიპტეში ლაშქრობაზე. აჯანყება უშედეგოდ დამთავრდა. 1264 წელს დავით ულუ იძულებული გახდა შეთანხმებოდა მონღოლებს. სამეფო ორად გაყოფილი აღმოჩნდა. ამიერიდან დასავლეთ საქართველო აღარ ემორჩილებოდა მონღოლებს. იმისათვის, რომ მორჩილებაში ჰყოლოდათ ქვეყანა, დამპყრობლები ცდილობდნენ გადაებირებინათ ადგილობრივი ფეოდალები და სამღვდელოება, ხელოვნურად შეექმნათ ფეოდალური დაქსაქსულობა, მხარს უჭერდნენ ცალკეულ მთავართა სეპარატულ მისწრაფებებს. მონღოლთა ხანი ზოგჯერ თავის საკუთრებად აცხადებდა ამა თუ იმ მსხვილი ფეოდალის სამფლობელოს და საგადასახადო შეუვალობას ანიჭებდა მას (ხასინჯუდ აქცევდა). საქართველოს ფეოდალები ცდილობდნენ ხასობის მოპოვებას, რადგან ეს დიდად სარგებელი იყო მათთვის. განსაკუთრებით საზიანო იყო საქართველოს ერთიანი სამეფოსთვის 1266 წელს სარგის ჯაყელის სამფლობელოს გამოცხადება ხასინჯუდ. ამით საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად დაყოფილი აღმოჩნდა.

1273 წელს მონღოლებმა კიდევ ერთხელ აღწერეს საქართველო. გამოირკვა, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი აოხრებული იყო, განსაკუთრებით კახეთი და ჰერეთი. საქართველოს შინაგანი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. მეფის უფლებები შეზღუდული იყო. ილხანის ნებართვის გარეშე მას ერისთავების შეცვლაც კი არ შეეძლო. გარდა ამისა, მეფე იძულებული იყო ანგარიში გაეწია მონღოლთა სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლებისათვისაც. ასეთი ბრძოლა საბედისწერო აღმოჩნდა დემეტრე II-სთვის, რომელსაც არღუნ-ხანის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობა დაბრალდა და 1289 წელს ურდოში სიკვდილით დასაჯეს.

მონღოლთა უღლისაგან გათავისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1297 წელს აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ იფეთქა მძლავრმა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ დავით დემეტრეს ძის მეთაურობით. აჯანყება უზარმაზარ ტერიტორიას მოედო და დიდხანს გაგრძელდა. მონღოლებმა არაერთხელ გამოგზავნეს მის ჩასახშობად ლაშქარი, რომლის თარეშმაც ძლიერ დააზიანა ქვეყანა. XIV საუკუნის მეორე ათეულში, როცა ილხანთა ტახტზე მცირეწლოვანი აბუ საიდი იჯდა, გიორგი V-მ ენერგიული მოქმედებით თანდათან დაიმორჩილა მთავრები და ერისთავები, 1328 წელს მან ისარგებლა ილხანთა კარზე ამტყდარი არეულობით, მონღოლთა ლაშქარი საქართველოდან განდევნა და ხარკის მიცემა შეუწყვიტა, რომლის რაოდენობა ყაზან-ყაენის დროიდან 120 თუმანსა და 2 ათას დინარს შეადგენდა. ამიერიდან ქვეყანა ფაქტობრივად გათავისუფლდა მონღოლთა ბატონობისაგან, თუმცა ფორმალურად ის კვლავ ილხანთა ვასალად ითვლებოდა.

მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოში მეურნეობა მოიშალა, ქალაქები და სოფლები დაიცალა და გავერანდა, მოსახლეობა ბრძოლებში გაწყდა ან გაიქცა. ვაჭრობა, აღებ-მიცემა ჩაკვდა, სახელოსნო წარმოება დაეცა. ქვეყანა დაცემა-დაქვეითების გზას დაადგა.

  • კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 112-113.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965
  1. 1.0 1.1 ბახტაძე, მ. „დუმნებად დაყოფის შესახებ“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)