თბილისის სასულიერო აკადემია
თბილისის სასულიერო აკადემია, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია — სასულიერო სასწავლებელი, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიასთან ერთად წარმოადგენს საქართველოს კანონით აღიარებულ ავტორიზებულ საგანმანთლებლო დაწესებულებას, ექვემდებარება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, კანონიკურად შედის საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში, თანამშრომლობს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან და ანგარიშვალდებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე. დაარსდა 1988 წლის 1 ოქტომბერს. ამზადებს სამეცნიერო-სასულიერო და პედაგოგიურ კადრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.
სწავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში იღებენ 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი საერო განათლება ან დამთავრებული აქვთ სასულიერო სემინარია. 2025 წლისთვის ფუნქციონირებს ხუთი ფაკულტეტი: თბილისის სასულიერო აკადემია; თბილისის სასულიერო სემინარია; ქრისტიანული ფსიქოლოგია; ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა; საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია. მოქმედებს სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა: I. ბაკალავრიატი (4 წელი); II. მაგისტრატურა (3 წელი) სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე; III. დოქტორანტურა. სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია დაარსდა 1988 წელს მცხეთის სემინარიის ბაზაზე. ეკლესია მას ძველი ქართული საღვთისმეტყველო სკოლათა ტრადიციების გამგრძელებლად და შუა საუკუნეების გელათის აკადემიის მემკვიდრედ მიიჩნევს. 1989 წლმდე აკადემიაში ფუნქციონირებდა მხოლოდ საღვთისმეტყველო ფაკულეტტი. 1990 წელს გაიხსნა ქრისტიანული ხელოვნების და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტები, რომელთა ბაზაზე 1994 წელს ჩამოყალიბდა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. 2005 წელს გაიხსნა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. 2013 წელს ამოქმედდა დოქტორანტურის პროგრამა. 2014 წლის 25 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მიენიჭა ავტორიზაცია, რითაც განისაზღვრა სასწავლებლის დღევანდელი სახე.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) ზოსიმე (შიოშვილი). 1989–1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი; შემდგომში მიტროპოლიტი იოანე), 1993–2003 წლებში — მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004–2005 წლებში — მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005–2009 წლებში — კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 2009 წლის 23 ოქტომბრიდან სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.