შინაარსზე გადასვლა

დავითი (ჭკადუა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი
დავითი
დროშა
დროშა
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
დაბადების სახელი: გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა
დაბადება: 22 მარტი, 1926
თბილისი
გარდაცვალება: 10 ივლისი, 1992 (66 წლის)

მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა; დ. 22 მარტი, 1926 — გ. 7 ოქტომბერი, 1992) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი.

დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქალაქ თბილისში, სასულიერო პირის ოჯახში. 1942 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1955 წელს დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956–1978 წლებში მუშაობდა სტომატოლოგიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.

1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად.

1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამ თანამდებობაზე იყო 1984 წლამდე. 1981წლის 8 სექტემბერს გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.

1983 წელს მიტროპოლიტი დავითი კანადაში, ქ. ვანკუვერში VI მსოფლიო საეკლესიო ანსამბლეაზე აირჩიეს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ცენტრალური კომიტეტის და სამედიცინო კომისიის წევრად, ამავე კომიტეტისა და კომისიის წევრად 7 წლის ვადით ხელმეორედ აირჩიეს 1990 წელს ავსტრალიის ქ. კანბერანში.

1984 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელია. 1983 წლის 26 ივნისიდან მიტროპოლიტია. იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთის საპატრიარქოს ორდენებით.

1991 წლის 29 სექტემბერს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატად.

1991 წლის დეკემბერში იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც შეხვედრები გამართა რომის პაპთან. 6 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა კათოლიკური ეკლესიის სინოდის სხდომაზე[1].

მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

  • ვარდოსანიძე ს. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 249-251.
  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №152, 21 სექტემბერი, 1991 წელი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „აფხაზეთის ხმა“, №9 (13588), 15 იანვარი, 1992