შინაარსზე გადასვლა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრესაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ან წმიდა სინოდის მიერ მღვდელმთავართაგან გამორჩეული პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობას.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. იმ შემთხვევაში, თუ კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეში არ არის გამორჩეული და ცნობილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოვებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმიდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 პატრიარქობის კანდიდატს. წმიდა სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, მათ შორის მოსაყდრესაც, წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.

ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც დადგენილია 2017 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ.[1].

სახელი სურათი მოსაყდრეობის პერიოდი წარმდგენი თანამდებობა
1 ლეონიდე (ოქროპირიძე) 12 მარტი, 1917 - 23 თებერვალი,1919 პირველი საეკლესიო კრება მოსაყდრე
2 ამბროსი (ხელაია) 17 ივლისი, 1921 - 5 სექტემბერი, 1921 საკათალიკოსო საბჭო მოსაყდრე
3 კალისტრატე (ცინცაძე) 30 ოქტომბერი, 1925 - 30 დეკემბერი, 1926 ამბროსი ხელაია მოსაყდრე
4 დავითი (კაჭახიძე) 21-27 ივნისი, 1927 - 12 თებერვალი, 1930 მეოთხე საეკლესიო კრება მოსაყდრე
5 კალისტრატე (ცინცაძე) 10 იანვარი, 1932 - 21 ივნისი, 1932 საკათალიკოსო სინოდი მოსაყდრე
6 მელქისედეკი (ფხალაძე) სექტემბერი, 1943 - 5 აპრილი, 1952 კალისტრატე ცინცაძე მოსაყდრე
7 დავითი (დევდარიანი) 24 ივლისი, 1959 - 10 იანვარი, 1960 მელქისედეკ III მოსაყდრე
8 ეფრემი (სიდამონიძე) 10 იანვარი, 1960 - 20 თებერვალი, 1960 წმინდა სინოდი მოსაყდრე
9 დავითი (დევდარიანი) 7 აპრილი, 1972 - 1 ივნისი, 1972 ეფრემ II მოსაყდრე
10 ილია (შიოლაშვილი) 9 ნოემბერი, 1977 - 25 დეკემბერი, 1977 წმინდა სინოდი მოსაყდრე
11 შიო (მუჯირი) 23 ნოემბერი, 2017 - დან ილია II მოსაყდრე
  • სერგო ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.). თბილისი, 2017.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.
  • ,,საქართველოს ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება", მცხეთა, სვეტიცხოველი, 1995.