ტფილისის ბრძოლა
| ტფილისის ბრძოლა | |||
|---|---|---|---|
| რუსეთ-საქართველოს ომის ნაწილი | |||
|
საბრძოლო მოქმედებების გეგმა | |||
| თარიღი | 18-24 თებერვალი, 1921 | ||
| მდებარეობა |
ტფილისი, | ||
| შედეგი | რუსეთის გამარჯვება, ტფილისის აღება | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
ტფილისის ბრძოლა, ბრძოლა თბილისისთვის, თბილისის დაცვა, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლა — ბრძოლა 1921 წლის 18-24 თებერვალს საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. თბილისის ბრძოლა იყო ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლა. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ის ცნობილია, როგორც ტფილისის ოპერაცია (რუს. Тифлисская операция).
ანატოლი გეკერის საერთო სარდლობით მოქმედი XI წითელი არმია 18 თებერვლის საღამოს გამოჩნდა სოღანლუღთან მაგრამ ქართველებმა ის წარმატებით მოიგერიეს და 1600 წითელარმიელი დაატყვევეს. 19 თებერვალს რუსებმა ახალი შეტევა წამოიწყეს, ამჯერად ტაბახმელას მიმართულებით, მაგრამ კვლავ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და უკან დაიხიეს. 19-20 თებერვლის განმავლობაში საარტილერიო დუელი და უმნიშვნელო შეტაკებები მიმდინარეობდა ორხევის სექტორზე. 20-21 თებერვალს რუსებმა გადაჯგუფება განახორციელეს. 20 თებერვალს, მათმა კავალერიამ ფრონტს მარჯვნიდან მოუარა და დაიკავა მანგლისი, ხოლო 21 თებერვალს სცადა მარცხენა ფლანგისთვის შემოვლა. ლილოსა და ორხევთან კონტრშეტევის შედეგად ქართველებმა 10 კილომეტრით წინ წაიწიეს, მაგრამ 23 თებერვალს იძულებული გახდნენ საწყის პოზიციებს დაბრუნებოდნენ მოწინააღმდეგის ცხენოსანი დივიზიის გამოჩენის გამო.
24 თებერვალს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. რუსეთის არმიამ ფოილოს ხიდის საშუალებით მიიღო ახალი შევსება მძიმე ტექნიკის სახით. ძლიერი საარტილერიო მომზადების შემდეგ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს თბილისსზე გადამწყვეტი შეტევა. კოჯორთან ქართველმა იუნკრებმა ხელჩართულ ბრძოლაში უკუაგდეს ბაქოდან ჩამოსული სამხედრო კურსანტების ბრიგადა, მაგრამ რუსებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტანკებისა და ჯავშნოსნების დახმარებით მოახერხეს მანევრის განხორციელება. საქართველოს სარდლობამ ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვი ჩართო და გააფთრებული ბრძოლების შემდეგ პოზიციები დაიბრუნა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ერთი კვირის განმავლობაში ახერხებდნენ თბილისის დაცვას, ძალების უკმარისობის გამო ფრონტი გაშიშვლდა; შეიქმნა ალყის საფრთხე მტრის რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ლილოს სექტორზე. ამ ვითარებაში მთავარსადრალმა კვინიტაძემ მიიღო თბილისის დატოვებისა და მცხეთისკენ უკანდახევის გადაწყვეტილება.
ქართული შეიარაღებული ძალების ქალაქიდან გასვლის შემდეგ ტფილისში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა, ხოლო ომი დასრულდა მარტის მიწურულს რუსეთის გამარჯვებით, საქართველოს მთავრობის ემიგრაციით და საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციით.
ომის მიმდინარეობა ბრძოლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომი დაიწყო 11 თებერვალს. 16 თებერვალს წითელმა არმიამ მძიმედ დაამარცხა საქართველოს შეიარაღებული ძალები მდინარე ხრამზე წითელ ხიდთან და გზა გაიხსნა თბილისისკენ. საქართველოს სახალხო გვარდიის სასაზღვრო ნაწილებმა გენერალ სტეფანე ახმეტელი მეთაურობით დიდი დანაკარგებით თბილისისკენ უკნ დაიხიეს. ხრამზე კატასტროფული მარცხის შემდეგ მხოლოდ 700-მდე კაცმა მიაღწია თბილისამდე.
.
გენერალმა წულუკიძემ შეძლო წინასწარ დანაღმული ფოილოს ხიდის აფეთქება და ამით მოწინააღმდეგის ჯავშან-ტექნიკის შეკავება, თუმცა რუსმა ქვეითებმა მოახერხეს მდინარის მეორე ნაპირზე გამაგრება, მოიგერიეს ქართული ნაწილების კონტრშეტევა და პლაცდარმი შეინარჩუნეს. ამან საშუალება მისცა წითელი არმიის სარდლობას ხიდის გამალებული სარემონტო სამუშაოები დაეწყო. 16-17 თებერვალს რუსებმა სოფლები: შულავერი, ეკატერინფელდი, მარნეული, ქეშალო, კოდი, ელიზაბეტალი, სადგურები: სალოღლი და ბეიუქ-ქიასიკი დაიკავეს და ტფილისს 40 კმ-ზე მიუახლოვდნენ.
პოზიციები ბრძოლის წინ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად ამისა, კვინიტაძემ სწრაფი და ენერგიული მოქმედებით შეძლო თბილისის დაცვის ორგანიზება. 18 თებერვალს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შემდეგი თავდაცვითი პოზიციები ეკავათ:
- მარჯვენა ფლანგი - კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას ციხემდე მე-4 ათასეული იდგა. ტაბახმელას მონაკვეთი თბილისის სამხედრო სკოლას ეკავა (160 იუნკერი და 350 კადეტი, 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფქვრევი პოლკოვნიკ ალესანდრე ჩხეიძის მეთაურობით). ამ ფრთას გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა.
- ცენტრი — მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა, სოღანლუღის სიმაღლეები სადარაჯო ათასეულსა და მეტყვიამფრქვევეთა ბატალიონს. მათგან მარჯვნივ, რკინიგზის ხაზთან, სანაპირო ათასეულის ერთი რაზმი იყო განლაგებული ორი ზარბაზნით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე კი რკინიგზის ხაზამდე სახალხო გვარდიის ქართლის 2 ბატალიონი. ცენტრს მეთაურობდა გამოცდილი გენერალი გიორგი მაზნიაშვილის, სულ მის განკარგულებაში იყო 2500 ხიშტი, 5 საარტილერიო ბატარეა, 1 ჯავშნოსანი მატარებელი და 2 ჯავშანტრანსპორტიორი იყო.
- მარცხენა ფლანგი — მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ორხევის მიდამოებში იდგა სახალხო გვარდიის იმერეთის მე-2, ზუგდიდისა და დუშეთის ბატალიონები და თითო-თითო საველე და სამთო საარტილერიო ბატარეები. ამ ფრთას მეთაურობდა გენერალი არტემ ჯიჯიხია.
XI წითელი არმიის ძალები თბილისს სამი მიმართულებით უტევდნენ:
- მარცხენა დაჯგუფება: მე-20 და 32-ე მსროლელი დივიზიები, სომხური წითელი კავალერიის ბრიგადა
- ცენტრალური დაჯგუფება: მე-18 და მე-20 მსროლელი დივიზიები, მე-12 ცხენოსანი დივიზია, 55-ე ჯავშნოსანი რაზმი
- მარჯვენა დაჯგუფება: მე-9 მსროლელი დივიზია, ჯავშნოსანი მატარებლები და მე-2 სატანკო რაზმი
ბრძოლა თბილისისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]18-20 თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]18 თებერვალს, 20-21 საათზე ქართველმა სადაზვერვო რაზმებმა მოწინააღმდეგის მოძრაობა დააფიქსირეს. 22 საათისათვის მოწინააღმდეგემ იაღლუჯას ქედს მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან შემოუარა და გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებისაკენ დაიძრა. არსებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ გენერალმა მაზნიაშვილმა დაასკვნა, რომ მტერი ძირითად იერიშს მხოლოდ ერთი მიმართულებით, მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე არსებულ მონაკვეთზე მოიტანდა. მაზნიაშვილი გვარდიის გორის ბატალიონის მიერ დაკავებულ პოზიციებზე მივიდა, რადგან შეტევა სწორედ აქ იყო მოსალოდნელი. ომის წინა დღეების წარმატებით გათამამებულმა XI არმიის სარდლობამ შეცდომა დაუშვა: ღამით მოუმზადებლად შეუტიეს დაუზვერავ პოზიციებს.
დაახლოებით 1:30 საათზე დაიწყო შეტევა. რუსეთის იერიშის დაწყებდან მალევე ქართველების ჯავშანმატარებელი სოღანლუღის ხიდთან მივიდა და ბრძოლაში ჩაება. XI არმიის ნაწილებმა შეტევის ფრონტი გაშალეს და ბრძოლაში უკვე საყარაულო რაზმი და სადარაჯო ათასეულიც ჩაერთო. სადარაჯო ათასეული მტკიცედ იცავდა თავის პოზიციებს, მაგრამ სასტიკ ხელჩართულ ბრძოლაში ჩართულმა სანაპირო ათასეულის რაზმმა, რომელსაც არტილერისტებიც ეხმარებოდნენ, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ორი ზარბაზანი და ძალიან მიუახლოვდა სოღანლუღის სადგურს. ქართულმა ჯავშანმატარებლის ცეცხლმა მოწინააღმდეგეს სადგურის დაკავების საშუალება არ მისცა.
19 თებერვლის 2-დან 3 საათამდე პერიოდში რუსებმა სადარაჯო ათასეულის მიმართულებით შეტევა შეწყვიტეს, სამაგიეროდ, მთელი ძალებით გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტიეს. სადარაჯო ათასეული სანგრებიდან სროლით ცდილობდა გორის ბატალიონის დახმარებას. გვარდიელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისათვის ბრძოლაში, კვინიტაძის ბრძანებით, გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო ვალიკო ჯუღელის მიერ მოყვანილი ჯავშანმანქანების მხარდაჭერით. მათ სუღანლუღის სადგურიდან უკუაგდეს მტერი. მთელი ამ ხნის განმავლობაში შედარებით მცირე მასშტაბის შეტევა ხორციელდებოდა მე-9 ათასეულის პოზიციებზე. დაახლოებით 3:00-3:30 საათის პერიოდში გენერალი მაზნიაშვილი სადარაჯო ათასეულის განლაგებაში გადავიდა და იქიდან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა. მოწინააღმდეგე ჯიუტად ცდილობდა გორის გვარდიელების პოზიციების გარღვევას.
ქართული ნაწილები მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ მტერს, გამთენიისას კი კონტრშეტევაზე გადავიდნენ. სადარაჯო ათასეული და გორის ბატალიონი სანგრებიდან ამოვიდნენ და მოწინააღმდეგეს შეუტიეს, მათ მხარი სარეზერვო ბატალიონმაც დაუჭირა. ბრძოლაში მონაწილეობდა ორი ქართული თვითმფრინავიც. მტერმა უკან დაიხია იაღლუჯას მიმართულებით. ტყვედ ჩავარდა 1600 წითელარმიელი.
XI არმიის სარდლობას გადაწყვეტილი ჰქონდა, 19 თებერვალს თბილისი აეღო. ცენტრში დამარცხების შემდეგ მათ შეტევის მიმართულება შეცვალეს და ქართული ჯარების მარჯვენა ფრთას შეუტიეს. დილის 8 საათზე წითელი არმია სოფლების ვაშლოვანისა და კუმისის წინ გამოჩნდა და ტაბახმელას მიმართულებით დაიძრა. ტაბახმელაში მყოფმა სამხედრო სკოლამ და მე-10 ათასეულმა უკან არ დაიხია, მაგრამ რუსებმა დაიკავეს დაუცველი კოჯორი და წავკისის მიმართულებით დაიძრნენ. შეიქმნა საშიშროება, რომ ტაბახმელაში მყოფი ქართული შენაერთები ალყაში მოექცეოდნენ. გენერალი ანდრონიკაშვილი აპირებდა უკან დახევას, მაგრამ ტაბახმელის მიმართულების ხელმძღვანელ, პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის ინიციატივით იუნიკერებმა ძალები გადააჯგუფეს და კონტრიერიში განახორციელეს. მაიორ ბახუტაშვილის ბატარეამ პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნა რუსებს. იუნიკერების 23-კაციანმა გუნდმა კაპიტან თოიძის მეთაურობით შეაჩერა მოწინააღმდეგე (დაიღუპა კაპიტანი თოიძე, დაიღუპა და დაიჭრა 8 იუნკერი).
კოჯრის დაბრუნებისთვის პირდაპირი იერიში დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. ამიტომ გადაწყდა, იერიში მოწინააღმდეგის ფლანგებზე განეხორციელებინათ. კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე გადასროლილ იქნა ყველა რეზერვი. 19 თებერვლის საღამო და ღამე შენაერთების საწყის პოზიციებზე განლაგებამ დაიკავა.
20 თებერვალს დილით ადრე კოჯრის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ქართველთა შეტევის შეჩერების მიზნით, მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებს შეუტია, თუმცა უშდეგოდ. 14 საათისთვის კოჯორი დაბრუნებული, ხოლო ფრონტის ხაზის მთლიანობა აღდგენილი იყო. 20 თებერვალს მთელი ღამე მოწინააღმდეგე კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე უშედეგო შეტევას განაგრძობდა და 21 თებერვალს დილით დაიწყო უკან დახევა. რუსებმა დაკარგეს 4 ქვემეხი 15-მდე ტყვიამფქვრევი, ჯავშანმობილი და ასამდე ტყვე.
21-23 თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადგან თბილისის პირდაპირი იერიშით აღება ვერ მოხერხდა, XI არმიის სარდლობამ ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლა განიზრახა და ძალების გადაჯგუფება დაიწყო. შეიქმნა ორი დაჯგუფება. ერთს მიხაილ ველიკანოვი მეთაურობდა, მეორეს კი - ნიკოლაი კუიბიშევი, რომელმაც დედოფლისწყაროსთან ბრძოლის დროს მოკლული კურიშკო შეცვალა. კუიბიშევის დაჯგუფება მე-9 ქვეითი და მე-12 საკავალერიო დივიზიებით გაძლიერდა. მას თბილისზე აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეტევა დაევალა. ველიკანოვს დასავლეთიდან უნდა განეხორციელებინა იერიში. 22 თებერვალს მოწინააღმდეგის ცხენოსანმა რაზმმა მანგლისი დაიკავა და მანგლისი-კოჯრის გზატკეცილით იერიში წამოიწყო, თუმცა მარცხი იწვნია. ქართველები იძულებულნი გახდნენ წყნეთამდე გაეგრძელებინათ ფრონტის ხაზი.
19-20 თებერვლის განმავლობაში თბილისის დაცვის მარცხენა ფლანგზე საარტილერიო დუელი და უმნიშვნელო შეტაკებები მიმდინარეობდა. 21 თებერვალს წითელმა არმიამ ამ ფლანგის შემოვლა განიზრახა, მაგრამ გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ჯიჯიხიას დაქვემდებარებული ძალები კვინიტაძემ დამატებით გვარდიის 5 ბატალიონით და კავალერიით გააძლიერა. სოფელ ლილოდან ხუთმა ბატალიონმა, კავალერისტთა მხარდაჭერით, და ასევე ორხევში მდგომმა ორმა გვარდიულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგეზე ძლიერი იერიში მიიტანა. XI არმიის ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს. მათი დევნა დაღამებამდე გაგრძელდა. ქართულმა შენაერთებმა მტერს 10 კილომეტრზე მეტით დაახევინეს უკან. 23 თებერვალს წითელმა არმიამ თავისი მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაიწყო. ამ მიმართულებით კოჯორიდან გადაისროლეს მე-12 ცხენოსანი დივიზია, რომელიც გააძლიერეს ზაქათალიდან მოსული მე-18 ცხენოსანი დივიზიით, რითაც შეიქმნა დამრტყმელი კავალერიული შენაერთი. ამ შენაერთმა ძლიერი იერიში მიიტანა ქართულ ნაწილებზე, რის გამოც გენერალ ჯიჯიხიას დაქვემდებარებაში მყოფმა ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და თავისი ძველი, 21 თებერვლამდელი, პოზიციები დაიკავა.
გენერალმა კვინიტაძემ კონტრშეტევის განხორციელება მარცხენა ფლანგიდან გადაწყვიტა. წარმატების მიღწევის შემთხვევაში, შენაერთების დიდი ნაწილი სასწრაფოდ მარჯვენა ფლანგზე იქნებოდა გადასროლილი და შემდეგ იქ განხორციელდებოდა შეტევა. კონტრშეტევის მიმართულებაზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების მიზნით, გენერალ ჯიჯიხიასთან დამატებითი ძალების კონცენტრაცია დაიწყო. 23 თებერვალს, 14 საათზე, მოწინააღმდეგემ ქართველების მიერ უკან დახევის დროს აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდი აღადგინა. ამან მას დამატებითი ძალების, მათ შორის ტანკების სწრაფი გადაადგილებისა და, რაც ყველაზე მთავარია, ჯავშანმატარებლების გამოყენების საშუალება მისცა. იმავე საღამოს ამ ჯავშანმატარებლებმა ქართულ პოზოციებთან მოახლოება სცადეს, მაგრამ ქართველ არტილერისტთა ზუსტი ცეცხლის გამო იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. საღამოს მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებზე მიიტანა იერიში, რომელიც რამდენჯერმე იქნა მოგერიებული.
24 თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]24 თებერვალს ქართულმა შენაერთებმა მარცხენა ფლანგზე გადაჯგუფება ვერ მოასწრეს და კონტრშეტევის დაწყება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ძლიერი საარტილერიო მომზადების შემდეგ, წითელი არმია ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა.
მარჯვენა ფლანგზე რუსებმა დილიდანვე დაუშინეს ქართულ პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ. ბაქოდან გადმოსროლილი წითელი კურსანტების აღმოსავლეთ ბრიგადა უკვე შეთხელებულ სამხედრო სკოლას დაუპირისპირდა. იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაციღა იყო დარჩენილი. დიდი იყო დანაკლისი კადეტთა შორისაც.
მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, რამაც შედეგი გამოიღო და ნაშუადღევს მტერმა №4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ ლეიტენანტ გიორგი ალექსი-მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წავიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილი თავისთან მყოფ იუნკრებთან ერთად ხმლით ჩაერთო ხელჩართულ ბრძლაში. ოფიცრების შავდიას, ხოშტარიასა და ჩოჩუას წინამძღოლობით მათ მტერს უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგე მარჯვნივ და მარცხნივ გაიფანტა და ამით უკან მყოფ თავის მეტყვიამფრქვევეებს 100-120 ნაბიჯის მანძილიდან იუნკრებისათვის ცეცხლი გახსნის საშუალება მისცა. იუნკრების ნაწილმა კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით მეტყვიამფრქვევეებს შეუტია. მტრის ტყვიამფრქვევის ხელში ჩაგდებისას გმირულად დაეცა იუნკერი შალვა ერისთავი. ასევე დაიღუპნენ იუნკრები ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი, 15-მდე კი დაიჭრა. დაიჭრნენ კაპიტნები ჩოჩუა, შავდია და ხოშტარია. იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკბმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე მათ იერიშები შეწყვიტეს და უკან დაიხიეს. კოჯორ-ტაბახმელას სექტორში სამხედრო სკოლამ 2 ოფიცერი და 10 იუნკერი დაკარგა. დაჭრილი აღმოჩნდა 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. კატედებს შორის დაჭრილ-დახოცილთა რაოდენობამ დაახლოებით 40%-ს მიაღწია.

მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა ცენტრშიც. ამ სექტორში წითელმა არმიამ მთავარი დარტყმა გზატკეცილისა და რკინიგზის ხაზის გასწვრივ განავითარა. ამ მიმართულებით მტრის მოგერიება მოხერხდა, მაგრამ კრიტიკული ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსები თელეთიდან გადმოვიდნენ შეტევაზე, ფრონტი გაარღვიეს და 18 საათისათვის სოღანლუღის ქედზე მდებარე ტრიგონომეტრიული სიმაღლე 3150 დაიკავეს.
უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობდა მარცხენა ფრთაზე. დილის 7 საათზე მოწინააღმდეგის ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ. ქართული პოზიციებისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის ოთხი ჯავშანმატარებელიც. როდესაც რუსეთის ჯარი ყარაჯალარის გადასარბენს მიუახლოვდა, ქართველმა არტილერისტებმა ჯავშანმატარებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამავე დროს, მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარი ტყვიამფრქვევების ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა, იძულებული გახდა, შეტევა შეეჩერებინა და დაწოლილიყო. მოწინააღმდეგემ ყარაჯალარის გადასარბენის გავლა სცადა, მაგრამ ოთხი ქართული ბატარეის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოქცეული, იძულებული გახდა, უკან დაეხია. ჯავშანმატარებლების შეტევა სამჯერ განმეორდა. 11 საათისათვის, მიუხედავად ძლიერი საარტილერიო ცეცხლისა, მოწინააღმდეგემ ყარაჯალარის გადასარბენი გაიარა, თუმცა მისი ჯავშანმატარებლები სერიოზულად დაზიანდა. 14 საათზე ქართული პოზიციებიდან კვლავ განახლდა საარტილერიო და ტყვიამფრქვევების ცეცხლი. 16 საათისათვის დაიწყო თოვა, ჩამოწვა ბურუსი, ძალიან აცივდა. სწორედ ამ დროს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა იერიში მიიტანა მტრის ჯავშანმატარებლებზე და ოცდაათამდე ბომბი ჩამოყარა. ბრძოლაში ქართული ჯავშანმატარებელიც ჩაერთო, მაგრამ მოწინააღმდეგის ძალიან დიდი უპირატესობის გამო, ნავთლუღის მიმართულებით დაიხია. ნავთლუღის მიდამოები კი მოწინააღმდეგის ავიაციამ დაბომბა. ორხევის სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის არაერთი იერიში მოიგერიეს, მაგრამ როდესაც დაახლოებით 17 საათისათვის სანგრებთან მტრის სამი ტანკი გამოჩნდა, იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. რუსების ერთი ტანკი ხევში გადავარდა და მწყობრიდან გამოვიდა. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერეთის მე-2 ბატალიონს კონტრშეტევის განხორციელება დაავალა. კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდა და დაახლოებით 19:30 საათისთვის ქართულმა მხარემ პოზიციები დაიბრუნა.
სანამ ორხევის მიმართულებაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, რუსეთის კავალერიამ ქართული ჯარების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა და სოფელ ლილოსთან გამოჩნდა. კვინიტაძე იძულებული გახდა, ამ მიმართულებით დაცვის კიდევ ერთი სექტორი გაეხსნა და მის უფროსად გენერალური შტაბის ოპერატიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი დანიშნა. წითელმა კავალერიამ დიდ ლილოს შემოუარა და ავჭალის მიმართულებით დაიძრა. სოფელ ნორიოსთან გვარდიის კავალერიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ცაგურიამ ორი ესკადრონით მოწინააღმდეგეს შეუტია და მისი შეჩერება სცადა. ეს იერიში გარკვეულწილად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოწინააღმდეგის წინსვლა შეფერხდა, მაგრამ წითლებმა მაინც დაიკავეს სოფლები მამკოდა, გლდანი და ბოლოს რამდენიმე რაზმმა ავჭალადე მისვლა მაინც შეძლო. ქართველებმა ავჭალის სადგური დაიბრუნეს ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის დახმარებით.
24 თებერვალს მოწინააღმდეგემ რეალურად ვერაფერს მიაღწია. ფრონტი ვერსად გაარღვია. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ყველა პოზიცია შეინარჩუნეს.
თბილისის დატოვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიუხედავად ამისა, რომ ქართული შენაერთები ინარჩუნებდნენ პოზიციებს, მდგომარეობა მაინც კრიტიკული იყო. მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ ჩათვალა, რომ თბილისის დაცვის გაგრძელება შეუძლებელი იყო. არსებობდა ფლანგებიდან შემოვლის საფრთხე, რაც თბილისის ალყაში მოქცევას ნიშნავდა. XI არმია რამდენჯერმე აღემატებოდა ქალაქის დამცველთა რიგებს. ამას ემატებოდა რეზერვის არარსებობა. საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე, კვინიტაძემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბრძოლის გასაგრძელებლად და ჯარის გადასარჩენად თბილისიდან უკან დახევის შესახებ. 24 საათზე ქართულმა შენაერთებმა მიღებული ბრძანების თანახმად, პოზიციების დატოვება დაიწყეს. ქალაქის დაცვის ერთკვირიანი ბრძოლა დასრულდა.
25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი რუსეთის არმიამ დაიკავა. ქალაქში მარადიორობა, ძარცვა და რეპრესიები დაიწყო. მოგვიანებით ქალაქში საქართველოს რევკომი შევიდა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.
9 მარტს მიხეილის საავადმყოფოდან კოჯორში გმირულად დაღუპული 33 იუნკერის ნეშტი გადაასვენეს ტფილისის სამხედრო ტაძრის ეზოში. ცერემონიალში მონაწილეობდა მთელი ქალაქი[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 181-183.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 505-506, ISBN 99928-20-32-2.
- ბახტაძე მ., 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან, თბ., 2013;
- ზაქარიაძე ა., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. IV, თბ., 2003;
- თოიძე ლ., ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრიივ ანექსიაც, თბ., 1991.
- კვიტაიშვილი ა, რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წელს, საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ, ჟურ. „განთიადი“ 1990, №2;
- ჩხეიძე ა., სამხედრო სკოლა, ჟურ. მხედარი, 1991, №1-4;
- კვინიტაძე გ., მოგონებები, ტ. I-II თბ,. 2014;
- მაზნიაშვილი გ., მოგონებები, ბათ., 1990;
- Кадишев А., Интервенция и гражданская война в закавкaзии, М., 1960; (რუსული)
- Траскунов М., Героический боевой путь 11-ой армии на фронтах Гражданской войны. Тб., 1958; (რუსული)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თედო ღლონტი, „ცრემლები“, გაზეთი „სოციალ.-ფედერალისტი“, 11 მარტი 1921