მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოშიმართლმადიდებლური დაჯგუფება საქართველოში, რომელიც სქიზმაში იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ცნობილია ასევე „ბოსტონის დაჯგუფების“ სახელით. არსებობს 1997 წლიდან. გამოირჩევა ანტისერგიანული და ანტიეკუმენისტური პოზიციებით. მიმდევართა რაოდენობა 1000 ადამიანს აღწევს.

ეკლესია უპირისპირდება სერგიანელობას, ანუ სასულიერო იერარქების ისტორიულ ლოიალურ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის მიმართ, რისი დეკლარირებაც მოახდინა მოსკოვის პატრიარქმა სერგიმ 1927 წელს. „მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში“ 1927 წელს თვლის საქართველოს საპატრიარქოში სერგიანული ერესის დამკვიდრების თარიღად და მიიჩნევს, რომ ამავე წელს საბჭოთა ხელისუფლებამისადი ლოიალურად განწყობილმა ქრისტეფორე III-მ პატრიარქის ტახტი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ ბრძოლის საფასურად მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოსგან გამიჯვნის მეორე, მაგრამ უმთავრესი მიზეზი არის ამ უკანასკნელის მონაწილეობა ეკუმენისტურ ორგანიზაციებში. 1962 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრი. ანტიეკუმენისტ სასულიერო და საერო პირთა ნაწილმა 1996-97 წლებში მოითხოვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისაგან ეკუმენური ორგანიზაციებიდან გამოსვლა და ეკუმენიზმის დაგმობა მოსთხოვა. საპატრიარქომ ეს მოთხოვნა 1997 წლის 20 მაისს დააკმაყოფილა. თუმცა ანტიეკუმენისტების ჯგუფმა წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომ საქართველოს ეკლესიას გაეწყვიტა კავშირი იმ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რომლებიც ჩაბმული არიან ეკუმენურ მოძრაობაში. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავდა ყველა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტას და საპატრიარქომ ის არ დააკმაყოფილა.

შედეგად მათ 1997 წელს ჩამოაყალიბეს „მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში“ დაუკავშირდნენ ჩრდილოეთ ამერიკის წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიას, რომლისგანაც, ადგილობრივი ეპისკოპოსის არყოლის გამო, მიიღეს სამღვდელო ხელდასხმა. ამ ეკლესიის მთავარი რელიგიური ცენტრი აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მდებარეობს, ხოლო სამრევლოები არსებობს კანადაში, მექსიკაში, გვატემალასა და კოლუმბიაში. ჩრდილოეთ ამერიკის წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი მოქალაქეებიც მოღვაწეობენ, მათ შორის მიტროპოლიტი გრიგოლ ბაბუნაშვილი, მღვდელი ანდრია ბოროდა, დიაკვანი ოთარ დეისაძე.

მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში ოთხი სამრევლოსგან შედგება: თბილისის სამრევლო, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრით, რომელსაც მღვდლები გელასი და ზურაბ აროშვილები ემსახურებიან; კახეთის სამრევლო; ქუთაისის სამრევლო, რომელსაც აქვს წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (ემსახურება მღვდელი დავით გიორგაძე); და სოფელ შემოქმედის სამრევლო, სადაც 2001 წელს, ეკლესიის წევრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ დაუნგრია მშენებარე წმინდა გიორგის ტაძარი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]