შინაარსზე გადასვლა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (მთავარი ფასადი)
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ეპარქიალური ცენტრი : ქალაქი ზუგდიდი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
მმართ. ეპისკოპოსი : გერასიმე (შარაშენიძე)

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მდებარეობს სამეგრელოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში. ეპარქიის კათედრალური ტაძრებია ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია და ცაიშის ღვთისმშობლის ეკლესია.

ეპარქიის საზღვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საზღვრებში შედის ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. ეპარქიის სამხრეთ დასავლეთის საზღვარი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება, ხოლო აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და სენაკის ეპარიქიები.

ძველი საქართველოს საეპისკოპოსოე­ბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, უძველესი ცაიშის საეპისკოპოსო, რომელიც დღეს წალენჯიხის საეპისკო­პოსოსთან ერთად ქმნის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას. ცაიშის საეპისკოპოსო, რომელიც 1823 წელს გაუქმდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის საეკლესიო კრების 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სახელით აღდგა.

ცაიშის საეპისკოპოსო ერთ–ერთი უძველესი საეპისკოპოსოა საქართველოში, რომელიც დაახლოებით VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან არსებობდა. უძველესი ცნობები ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ დაცულია გიორგი კვიპროსელის მიერ 602–610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში და IX საუკუნის დამდეგს ბასილი სოფენელის მიერ შედგენილ იგივე სახის თხზულებაში, ორივეგან მოიხსენიება ლაზიკის სამიტროპოლიტო ეპარქიაში შემავალი საისის ეპისკოპოსი. აქ მოხსენიებული საისი უეჭველად ცაიშია, რადგან ბერძნები მათი ენისათვის უცხო და ბგერებს ჩვეულებრივ "ს" გრაფებით (სიგმათი) გადმოსცემდნენ.

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია და დადიანების სასახლე

ქართულ წყაროებში ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ ცნობა პირველად X-XI საუკუნეთა მიჯნიდან ჩნდება. ცაიშის დიდი საწინამძღვრო ჯვრის წარწერაში "ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის" გვერდით მოხსენიებულია ეფრემ ცაიშელი, რომელიც ცხადია ცაიშის [1] ეპისკოპოსია, რადგან ცაიშელი სწორედ ცაიშის ეპისკოპოსს ნიშნავს.

1805 წელს ცაიშის ეპარქიაში შედის სამურზაყანო – ტერიტორია მდ. ენგუ­რიდან ღალიძგამდე. 1823 წ. 15 ნოემბერს გარდაიცვალა ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლი. გრიგოლ ცაიშელის გარდაცვალების შემდეგ გაუქმდა ცაიშის საეპისკოპო­სო კათედრა. ის იყო როგორც საოლქო ეკლესია. 1829 წ. გააერთიანეს ჭყონ­დიდის, ცაგერისა და ცაიშის ეპარქიები ერთ, სამეგრელოს ეპარქიად (საეპისკოპოსო კათედრა მარტვილში).

1874 წელს სამეგრელოს ეპარქია შეუერთეს იმერეთის ეპარქიას და გაუქმდა მარტვილის საეპისკოპოსო კათედრა. 1895 წლის 12 ივნისიდან გურიისა და სა­მეგრელოს ეპარქიების შეერთებით შეიქმნა გურია-სამეგრელოს ეპარქია. 1930 წლისათვის ტაძარში მღვდელმსახურება შეწყდა, რომელიც განახ­ლდა მხოლოდ 1989 წელს ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსის, ყოვლადუსამ­ღვდელოესი გიორგის (შალამბერიძე) მღვდელმთავრობის პერიოდში. 1989 წ. 14 სექტემბერს ტაძარი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და ტაძრის წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ამირან შენგელია.

1995 წლის 5 აპრილს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებით ჩამოყალიბდა 27 ეპარქია, მათ შორის ზუგდიდისა და ცაი­შის ეპარქია. ახალშექმნილი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავრად დროებით (შეთავსებით) დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი დანიელი (და­თუაშვილი).

1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინო­დის გადაწყვეტილებით ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსად გამორჩეულ იქნა იღუმენი გერასიმე (შარაშენიძე), რომლის ეპისკოპოსად ხელდასხმა მოხდა ამავე წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

2006 წლის 11 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე წმ. სამების ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსი გერასიმე მთავარეპისკო­პოსის ხარისხში აიყვანა. ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიანიჭა მიტროპოლი­ტობა.

ცაიშის საეპისკოპოსოს ყმა-მოლაშქრეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაიშის საეპისკოპოსოს სამწყსოსა და ყმა-მოლაშქრეების შესახებ დაცული ისტორიული დოკუმენტები არც ისე უხვია, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც შეიძლება აღვადგინოთ ამ საეპისკოპოსოს ისტორიულ-სოციალური სურათი.

ძირითადი დოკუმენტები, რომელთაც აღნიშნული საკითხის კვლევა-ძიებისას ვეყრდნობით, არის "საცაიშლოს გამოსავლის დავთარი" და კათალიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხა (1611-1621). საცაიშლო დავთარი დაცულია აფხაზეთის საკათალიკოსო მამულების დიდ დავთარში. ერთ-ერთი მინაწერიდან ჩანს, რომ იგი დაუწერიათ აფხაზეთის კათალიკოსის ცაიშელ-ხონელ-ჯუმათელ მალაქიას ბრძანებით, შედგენილი უნდა იყოს 1610-1621 წლებში. საცაიშლო გამოსაღების გუჯარი, როგორც მთლიანად საკათალიკოსო მამულების დავთარი, დაწერილია ნუსხა-ხუცურით, მაგრამ საფიქრებელია, რომ ჩვენი გუჯარი დედანი კი არ უნდა იყოს, არამედ მისი პირი.

XVII საუკუნეში ცაიშის ეპარქია ოდიშის სამთავროს ცენტრში მდებარეობდა და მის მფლობელობაში ვრცელი ტერიტორიები შედიოდა. ამიტომაც, ცხადია, რომ კათედრას სამწყსო და შემოსავალი უხვად გააჩნდა.

საცაიშლო გამოსავლის დავთრის შედგენით კათედრის უმაღლესმა იერარქმა მალაქია გურიელმა სისტემაში მოიყვანა ეპარქიის სოციალური ცხოვრება. ამ დოკუმენტში მოხსენიებულია 365 პირი. მათგან ყოველწლიურად საშუალო შემოსავალი შემდეგნაირად განისაზღვრა: 300-ზე მეტი საკლავი, ქათამი, პური, გოჭკომური, 1400-ზე მეტი ღოჯი და ფოხალი ღომი, ღვინო, გარდა ამისა თევზი, ყველი, კვერცხი, მარილი.

ტაძრის სამრეკლო

თუ გავითვალისწინებთ XVII საუკუნეში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ-სოციალურ სურათს, ცხადი გახდება, რომ ცაიში საკმაოდ ძლიერი და მდიდარი ეპარქია ყოფილა. საეპისკოპოსო კათედრებს საკუთარი შეიარაღებული მსახურებიც ჰყავდათ. ეპისკოპოსები `მთავრის მოთხოვნისთანავე ... კარგ საომარ ცხენებზე ამხედრებულნი მიდიან ომში, რადგან ითვლებიან წინამძღოლებად და სარდლებად თავიანთი ქვეშევრდომებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან იარაღასხმულნი იყვნენ. ისინი თავს ესხმიან და ებრძვიან მტერს ...~.

კათალიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხიდან, რომელიც შედგენილია 1616-1623 წლებში, ვგებულობთ, რომ კათალიკოსს დაახლოებით 500-ზე მეტი მოლაშქრე ჰყოლია. ისინი ეპარქიის შემდეგ დასახლებულ პუნქტებში იყვნენ: ხიბულა (აზნაურისშვილი და 30 მსახური), წყარიგზა და სენაკი (4 მსახური), ჯგალი (აზნაურისშვილი და 38 მსახური), დარჩელი (აზნაურისშვილი და 85 მსახური), ჭიალა (2 მსახური), ჩოხათი (5 მსახური), მუხური (აზნაურისშვილი და 3 მსახური), ხეთა (3 მსახური) და თავად ცაიში (აზნაურისშვილები და 63 მსახური).

ამდენად, აფხაზეთის კათალიკოსს ცაიშის ეპარქიაში დაახლოებით 300-მდე მოლაშქრე კაცი ჰყოლია, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მეტყველებს აღნიშნული საეპისკოპოსოს იმდროინდელ ძლიერებაზე.

ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები ზედაპირულად მოხაზული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს (1916–1770): „ხოფს ზეით არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპიზი მწყემსი ამ წყლის სამხრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა ზღუდმდე“[2]

ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში, როგორც წყაროებიდან ჩანს, შედიოდა ზემო სვანეთიც. მესტიის ოთხთავზე XIV საუკუნეში გაკეთებულ ერთ მინაწერში ნათქვამია: "თუ ქუემო ხეუს გამოჩნდეს ცაიშელმან დაიურვოს რჯული, ზემომან ცაგარელმან — ზემოთ დაიჭიროს."[3] ამ ცნობის სისწორეს ამტკიცებს ერთი უთარიღო დოკუმენტი, რომელიც, როგორც 1442–1446 წლებს შორისაა შედგენილი. ამ დოკუმენტში ცაიშელ მთავარეპისკოპოსი დანიელი გვაუწყებს, რომ "ლაბსყედსა მივედი... ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსყენდაშისაო"[4] რადგან ცაიშელი ეპისკოპოსი ზემო სვანეთში, კერძოდ ლაბსყელდაშში ეკლესიას აკურთხებს, ცხადია ეს კუთხეც მისი სამწყსოს ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ზემო სვანეთი ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში შედიოდა XVII საუკუნეშიც. პატრიარქი მაკარიოსი (1648–1672), რომელიც 1664 წელს ბრძანდებოდა საქართველოში, წერს რომ "სვანებს ჰყავდათ ორი ეპისკოპოსი – ცაგარელი და ცაიშელი, რომლებიც მხოლოდღა ფორმალურად ითვლებიან მათ მწყემსებად"[5]

იმ დროს, როდესაც ვახუშტი ბაგრატიონი წერდა თავის უზარმაზარ ნაშრომს „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ეს წიგნი მან 1742–1745 წლებში დაწერა). ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში შედიოდა ხობის გაუქმებული საეპისკოპოსო.

XVII საუკუნის დამდეგიდან, ანუ იმ დროიდან, როცა სამთავრო სახლმა სამარხ ეკლესიად წალენჯიხა გაიხადა, ეს უკანასკნელი ცალკე საეპისკოპოსოდ იქცა და ცაიშის ეპარქიას მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშორდა, მაგრამ XVIII საუკუნის დამდეგიდან, როცა როგორც ჩანს წალენჯიხის ეპარქია გაუქმდა, ეს სამწყსო, რომელიც ვახუშტის ცნობით მოიცავდა „ჭანის მდინარისა და დადის მდინარის შორის ადგილთა კავკასიიდამ ზღვამდე“ კვლავ ცაიშის სამწყსოში შევიდა.

XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრების შესახებ საყურადღებო ცნობაა დაცული 1823 წელს შედგენილ ანდერძში ცაიშელ მიტროპოლიტ გრიგოლ ჩიქოვანისა. ეს უკანასკნელი წერს, რომ სამეგრელოს მთავარმა „მე დამადგინაო ეკლესიისა და მოხარისხედ... ვითარცა იყო უწინარესვე სამურზაყანო აფხაზეთსაც ვმწყსიდი და ვიღვწვოდი რათა სარწმუნოება განმრავლებით ერთა შორის გებულ იყო“.[6]

ამრიგად, ირკვევა რომ მას შემდეგ რაც გააფსარებულ წარმართობაზე მიმძლავრებულ აფხაზთა მიზეზით დრანდის, მოქვისა და ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშელის სამწყსოდ ქცეულა.

ცაიშის საეპისკოპოსოს გაუქმება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაიშელმა მიტროპოლიტმა გრიგოლ ჩიქოვანმა დატოვა ანდერძი, რომელშიც თავის მემკვიდრედ ცაიშის საეპისკოპოსო ტახტზე გამოაცხადა არქიმანდრიტი იოანე ჩიქოვანი.[7] მაგრამ 1818 წელს საქართველოს საეგზარქოსომ გააუქმა ცაიშის ეპარქია და მისი ტერიტორია გააერთიანა სამეგრელოს ეპარქიაში. მიუხედავად ამისა, ერთი ხანი იოანე ჩიქოვანი მაინც ეპარქიის მმართველად იწოდებოდა. 1824 წლის 4 ოქტომბერს პეპუ ჩიჩუას მიერ ხობის ტაძრისათვის მიცემული შეწირულობის წიგნში მოწმედ დასახელებულთა შორისაა იოანე ცაიშელ ჩიქოვანი.[8]

საეპისკოპოსო კათედრის გაუქმების შემდეგ, ცაიშის ტაძარი მონასტრად იქცა. ფრანგი მკვლევარი ჟიულ მურიე, რიმელმაც XIX საუკუნის 80–იანი წლების დამდეგს სოფელ–სოფელ აღწერა მთელი სამეგრელო, გვაუწყებს, რომ 1821 წლიდან 1879 წლამდე ცაიშის ეკლესია მონასტერს წარმოადგენდა, ახლა (ანუ 1883 წელს) ის ტაძარიაო, რომლის დეკანოზი ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესიას განაგებსო.

მიტროპოლიტი გერასიმე

ცაიში, როგორც საეპისკოპოსო მოიხსენიება VI-VIII საუკუნეებიდან, მაგრამ X საუკუნემდე ცაიშელ ეპისკოპოსთა შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცაიშელი რომელიც ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული, არის ეფრემი, რომლის სახელი დატანებულია ცაიშის დიდ საწინამძღვრო ჯვარზე. ხოლო შემდეგ ცაიშელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური სია[9] ასეთი სახისაა:

  1. ეფრემი – XI საუკუნე.
  2. იოანე I ფელაგისძე – XI ან XII საუკუნე.
  3. ბასილიXIV საუკუნის დამდეგი.
  4. დანიელიXV საუკუნის 40–იანი წლები.
  5. იოაკიმე – XV საუკუნის 70–იანი წლები.
  6. ეპისკოპოსი, რომელსაც უნდა რქმეოდა ან (ნიკოლო)ზ, (ევდემო)ზ ან (მაკარო)ზ – XV საუკუნის 80–იანი წლები.
  7. ეფთვიმე – XV საუკუნის 80–იანი წლები.
  8. ბართლომე – XV-XVI საუკუნეთა მიჯნა.
  9. კირილე, ჟუანიძე (ჟვანია) – ...[[1549–1572]]...
  10. მაქსიმე I – XVI საუკუნის ბოლო მეოთხედი.
  11. დავით I – XVI საუკუნის მიწურული.
  12. მალაქია გურიელი – ...1611/1612–1639
  13. ანდრია – 1639–1640...
  14. დავით ჯოლია – ...1652..
  15. მაქსიმე II აგიაშვილი – ..1696–1701
  16. სვიმონ ღოღობერიძე – 1701–1709
  17. მაქსიმე II აგიაშვილი – 1709–1710..(მეორედ)
  18. სვიმონ ღოღობერიძე – 1710–1759...(მეორედ)
  19. სოფრომ ღოღობერიძე – ...1766–1777
  20. გრიგოლ ჩიქოვანი – 1777 – 15 ნოემბერი, 1823
  21. დანიელ დათუაშვილი-1995-1998
  22. გერასიმე შარაშენიძე 1998-დან

ეპარქიაში მოქმედი ეკლესია–მონასტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძნების სახელობის ტაძარი
  1. ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825–1830 წწ.)
  2. ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII - XIV სს. მიჯნა)
  3. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (XIII ს.)
  4. კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (XVII ს.)
  5. ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს)
  6. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)
  7. წალენჯიხის რაიონის სოფ. ჩქვალერის (ლეშამუგეს) მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი (XIX – XX სს.)
  8. წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი
  9. წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიის (კუთხე მახარია) წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX – XX სს.)
  10. ზუგდიდის რაიონი, სოფელ ტყაიას წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX-XXსს.)
  11. ზუგდიდის რაიონი. სოფელ კოკის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XV ს)
  12. ზუგდიდის ხარების სახელობის ტაძარი (ჭითაწყარი)
  13. ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (1999 - 2004 წწ.)
  14. წალენჯიხის რაიონის სოფელი მუჟავას წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
  15. ზუგდიდის რაიონი, სოფელ კახათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (2002 - 2004 წწ)
  16. სოფ. ჯგალის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XXI ს.)
  17. ზუგდიდის რაიონი, სოფელ ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XVII ს)
  18. ზუგდიდის რაიონი, სოფელ ჭკადუაშის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი (XXI ს.)
  19. ზუგდიდის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (2008 წ.)
  20. სოფ. ანაკლიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (XXI ს.)
  21. სოფ. ჯიხაშკარის ხარების სახელობის ტაძარი (XXI ს.)
  1. კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. წინამძღვარი - მონაზონი დინარა ქვარაია
  2. ჩხორიის თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი
  3. დიდნეძის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი
  4. სქურის ფერიცვალების სახელობის მამათა მონასტერი
  5. ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი

ეპარქიის სიწმინდეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელი
წმინდა მარინეს მკლავი
წმინდა მარინეს მკლავი
წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი
წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი
წმინდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი
წმინდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი

ცნობილია, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ოდითგანვე თაყ­ვანს სცემდა და სათუთად ეპყრობოდა მონასტრებში დაცულ სიწმინდე­ებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, გარეშე მტრების შემოსევებისა და შინა­განი შუღლის გამო ეკლესიის საგანძურთან ერთად სიწმინდეების უმეტე­სობა განადგურებულია, ნაწილი კი მუზეუმებსა და სხვა ადგილებში დამ­კვიდრებულა.

ამას ადასტურებს ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული სიწმინ­დეები, რომლებიც ხობის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან 1923-1936 წლებში შემოსულა და მუზეუმის საგანძურთა შორის დიდ იშვი­ათობას წარმოადგენს. ეს არის სახელგანთქმული კვართი ღმრთისმშობე­ლისა, რომელიც თავის დროზე დეკორით ყოფილა შემკობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში საღებავი გადასულა. ამჟამად იგი ტილოს წააგავს (ზომა 180 X 150 სმ.). აქვეა დაცული წმინდა მარინეს მკლავი უსამკაულოდ (აკლია დიდი თითი და საჩვენებელი თითის სახსარი), წმინდა კვირიკეს ხე­ლი (აკლია ორი თითი — პატარა და უსახელო), წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლების ნაწილები.

წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის კუბოში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი გაკეთებულია ლევან II და­დიანის (1611-1657 წწ) დაკვეთით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ წმინდა ნაწილების საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი–ერთი ვარაუდით, ეს სიწმინდეები მე-15 საუკუნის და­საწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.

პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდეებად ითვლებოდა.ყოვლად­წმინდა დედის სარტყლის ერთი ნაწილი ათონის მთაზე, ვათოპედის მო­ნასტერშია დაცული, მეორე ტრირში, მესამე კი საქართველოში, ზუგდიდ­ში ინახებოდა.

  • ცაიშის საეპისკოპოსო, აბესალომ ტუღუში, გამომც. "ორნატი", ზუგდიდი, 2001 წელი.
  • ოდიშის საეპისკოპოები, გიორგი კალანდია, გამომც. არტანუჯი, თბილისი, 2004 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ე. თაყაიშვილი, არქროლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ, 1919, გვ. 178
  2. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ, 1973, გვ. 773
  3. პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვ. II, ტექსტები. თბ. 1941, გვ 7, სვანეთის წერილობითი ძეგლები, I. ისტორიულიო საბუთები და სულთა მატიანეები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო–საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგვამ, თბ. 1986, გვ. 111
  4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, ტ. III, თბ. 1973, გვ. 173
  5. Грузия в 17 столетии по изображению патриарха Макария. Казань, 1905, стр 42
  6. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ, 1973, გვ. 778
  7. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია) , ტ.VI, თბ. 1953, გვ. 353.
  8. დ. გოგოლაძე, საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში, თბ. 1971, გვ. 14.
  9. ცაიშის საეპისკოპოსო, აბესალომ ტუღუში, გამომცემლობა "ორნატი", ზუგდიდი, 2001 წელი, გვ. 36.