მოქცევაჲ ქართლისაჲ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოქცევაჲ ქართლისაჲ — ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი ქართული ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული ხასიათის თხზულება. ცნობილია შატბერდული,[1] ჭელიშური[2] და სინური (N/Sin48 და N/Sin50) რედაქციები.[3][4][5]

ხელნაწერთა გაერთიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შატბერდის კრებული, რომელიც აღმოჩნდა (1888) და გამოაქვეყნა (1890) ექვთიმე თაყაიშვილმა, გადაწერილია X საუკუნის 70-იან წლებში შატბერდის მონასტერში იოანე ბერას ხელმძღვანელობით. ჭელიშის კრებული (მიაკვლიეს 1903 წელს ჭელიშის მონასტერში) შედგება 2 ნაწილისაგან. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოთავსებულია კრებულის იმ ნაწილში, რომელიც XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს გადაწერილი. ენობრივი თვალსაზრისით ეს რედაქცია დაახლოებით შატბერდულის ხანისაა, თუმცა ძეგლის ორთოგრაფია და ფონეტიკა გადამწერის მიერ ძლიერ არის დამახინჯებული. ორივე რედაქცია ნაკლულია. ჭელიშურს დასაწყისში აკლია ფურცლები, შატბერდულს შიგნით. ჭელიშური რედაქცია უფრო ვრცელი და მრავალსიტყვიანია, თუმცა შატბერდული ბევრად უფრო უხვია ცნობებით. სავარაუდოა, რომ ეს ცნობები შემატებულია. ამას მოწმობს მის გავრცობილ ნაწილში ქ. ბაღდადის დასახელება, რაც IX საუკუნის შემდეგდროინდელ გლოსაზე უნდა მიგვითითებდეს.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული 2 თხზულებისაგან შედგება. I ნაწილში, რომელსაც „ქრონიკას“ უწოდებენ, მოკლედ არის გადმოცემული ქართლის ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან IX საუკუნემდე; II ნაწილი, რომლის სახელი "ნინოს ცხოვრებაა“, მხოლოდ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას გადმოგვცემს.

სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, არის თუ არა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერთი მთლიანი თხზულება, თუ შედგება სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი 2 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაწარმოებისაგან. უფრო საფუძვლი ჩანს ვარაუდი, რომ „ქრონიკა“ და „ნინოს ცხოვრება“ სხვადასხვა ავტორს ეკუთვნის და გვიან არის გაერთიანებული რედაქტორის მიერ. მათი გაერთიანება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე შატბერდის კრებული შედგებოდა: ლეონტი მროველი „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ უკვე ერთიანი სახით იცნობს და ამასთანავე იგი სარგებლობს ისეთი პროტორედაქციით, რომლისგანაც უნდა მომდინარეობდეს როგორც შატბერდული, ისე ჭელიშური რედაქცია.

„ქრონიკაში“ შედარებით ვრცლად არის მოთხრობილი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა ქართლში და არიან- ქართლის მეფის ძია აზოს გამეფება, შემდეგ მოცემულია ქართლის წარმართ მეფეთა სია და ლაკონიურად აღის აღნუსხული მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები; ეს სია უკანასკნელი წარმართი მეფით მირიანით მთავრდება. შემდეგ მოთხრობილია პირველი ქრისტიანი მეფის, იმავე მირიანის, შესახებ. ამ ნაწილში „ქრონიკის“ საერთო მასშტაბებთან შედარებით დიდი ადგილი უკავია ქართლის გაქრისტიანების ისტორიას, რომელიც მთავრდება წმინდა ნინოსა და მირიან მეფის გარდაცვალებით. ამას მისდევს მეფე-ერისთავთა და კათოლიკოს-ეპისკოპოსთა სია ბაკურ მეფის დროიდან სტეფანოს II ერისმთავრამდე. ზოგჯერ აღნიშნულია მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები. შედარებით ვრცელი ადგილი უკავია ვახტანგ გორგასლის მეფოსბას და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობას ქართლში; მოცემულია ქართლის ერისთავთა და კათოლიკოსთა სია გუარამ ერისთავამდე.

სავარაუდოა, რომ თავდაპირველად დაიწერა ქართლის ისტორია მირიან მეფის გარდაცვალებამდე და მას ეწოდებოდა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მასში შედიოდა ქართლის სამეფოს შექმნის, მცხეთის შენების მშრალი ქრონიკა, წარმართ მეფეთა სია და ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების ვრცელი მოთხრობა. ასეთი სტრუქტურა ზუსტად ასახავს ტრადიციული საეკლესიო ისტორიებისა და ქრონიკების მოდელს. შემდეგში „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ , როგორც ჩანს, დაემატა სხვა ნაწილებიც, ხოლო სათაური ძველი შერჩა. სულ ბოლოს (IX საუკუნის 30-იანი წლები) მას უნდა დართვოდა ერისთავებისა და კათოლიკოსების სია. ამასთან ერთად უნდა შექმნილიყო ის პროტორედაქცია, რომლიდანაც მიმდინარეობს შატბერდული და ჭელიშური რედაქციები და რომელმაც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ სათაურით გააერთიანა „ქრონიკა“ და „ნინოს ცხოვრება“.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ წყაროებს მხოლოდ ჭელიშური რედაქცია ასახელებს. მაგ. ჯვრის აღმართვის ამბავთან დაკავშირებით მითითებულია გრიგოლ დიაკვნის „მოკლედ აღწერილი ქართლის მოქცევის წიგნი“, კავკასიაში სპარსელ-ხაზართა შეჯახების გამო ნათქვამია „ესე აღწერილი გამოკბილად არსო“. ამჟამად უცნობია როგორც გრიგოლ დიაკვნის თხზულება, ისე ის ნაწარმოებები, საიდანაც ჭელიშური რედაქციის ავტორს უნდა „გამოეკრიბა“ ცნობები. სპეციალისტები „ქრონიკის“ წყაროებად ასახელებნ აგრეთვე ფსევდოკალისთენეს აპოკრიფულ რომანს ალექსანდრე მაკედონელზე, ალექსანდრე კვიპრელი მონაზვნის „ქრონიკას“ და შეაძლოა, რაღაც ადგილობრივ „საამშენებლო ქრონიკას“. თავის მხრივ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ უფრო გვიანდელი თხზულების წყაროც გახდა. მართალია, ლეონტი მროველი (XI ს.) და არსენი მეტაფრასტი (XII ს.) მას იმოწმებენ მხოლოდ „ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებით“, მაგრამ მათ მხედველობაში აქვთ მთლიანად ძეგლი („ნინოს ცხოვრება“ „ქრონიკიანად“), როგორი სახითაც მან მოაღწია ჩვენამდე.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ აღმოჩენას თავის დროზე დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. იგი სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც „ქართლის ცხოვრების“ ცნობებს ზოგი კავკასიოლოგი უსაფუძვლოდ XII საუკუნეში შეთხზულ ლეგენდად მიიჩნევდა.

ქართული ისტორიოგრაფიის დაწინაურებამ და ახალი მასალის გამოვლენამ ცხადი გახადა, რომ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ სარგებლობს უძველესი ადგილობრივი წყაროებით, რისი გაკონტროლებაც შესაძლებელია საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებით, აქვე აღმოჩენილი ბერძნულ-არამეული წარწერებით თუ ბერძნულ-რომაული და სომხური წყაროებით. თხზულებაში, ზოგჯერ აღწერილი ამბების თანამედროვის ხმაც ისმის (მთიელთა მოსაქცევად მახვილის გამოყენება, მიქაელ მთავარეპისკოპოსსა და ვახტანგ გორგასალს შორის კონფლიქტის დეტალები და სხვა).

ძირითადი გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაყაიშვილი ე., სამი ისტორიული ხრონიკა , ტფ., 1890;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963;
  • შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  • Такайшвили Е. С., Описание рукописей „Общества распространения грамотности среди грузинского населения“, т. 2, Тфл., 1906—1912;
  • მისივე, Источники грузинских рукописей — Три хроники: Сб. материалов для описания местностей и племён Каяказа, в. 28, Тфл., 1900

თარგმანები უცხო ენებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Обращение Грузии", перевод с древнегрузинского Е. С. Такаишвили. Редакционная обработка, исследование и коментарии М. И. Чхартишвили. Тбилиси - 1989
  • Nawrócenie Kartlii, Ze starogruzińskiego prełożył i przypisami opatrzył David Kolbaja. Wstęp Mariam Lordkipanidze. Warszawa, 1995 (ძველი ქართულიდან პოლონურად თარგმნა და კომენტარები დაურთო დავით ყოლბაიამ. შესავალი მარიამ ლორთქიფანიძის)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, თხზულებეთა კრებული, ტ. 4, თბ., 1978;
  • კაკაბაძე ს., საისტორიო ძიებანი, თბ., 1924;
  • კეკელიძე კ., „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ -ს შედგენილობა, წყაროები და ეროვნული ტენდენციები, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ლორთქიფანიძე მ., ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1966;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;
  • ალექსიძე ზ., ქსე, ტ. 7, გვ.149-150, თბ., 1984
  • „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ძველი ქართული ტექსტი ახ. ქართული პარალელური თარგმანით (ნ. ნიკოლოზიშვილის თარგმანი), ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები 3 ტომად (რედ. ლევან აბაშიძე ), ტ. 1. თბ., 2008
  • Меликишвили Г. А., К истории древнеч Грузии, Тб., 1959;
  • Rapp, S.H. JR - Crego, P.C., The Conversion of K‘art‘li: The Shatberdi Variant, Kek.Inst.S-1141, Le Muséon [Revue D’études Orientales], Louvain-La-Neuve, CXIX/1-2 (2006)
  • Lerner, C.B., On the Origin of the «Chelishi» Manuscript of the Conversion of Kartli, Le Muséon [Revue D’études Orientales], Louvain-La-Neuve, CXVII/1-4 (2004)
  • Walbiner, C.M. et Nanobashvili, M., Nicon's treatise on the conversion of the Georgians in Christian Arabic literature and its possible Georgian source, Le Muséon [Revue D’études Orientales], Louvain-La-Neuve, CXXII/3-4 (2008)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963;
  3. ალექსიძე, ზაზა, "მოქცევაი ქართლისაის" "მატიანის" ახალი რედაქცია, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, 2004, №3 გვ. 3-16;
  4. ალექსიძე, ზაზა. სინას მთის წმიდა ეკატერინეს მონასტრის ხელნაწერთა ახალი ქართული კოლექციის Sin-50-ის ანდერძ-მინაწერები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 2005, №359, გვ. 122-131;
  5. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007.