გრიგოლი (ცერცვაძე)
გრიგოლი (ცერცვაძე) (დ. 18 მაისი, 1910, სოფ. ვაზისუბანი, თელავის მაზრა (ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — გ. 1 თებერვალი, 1991, თელავი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა 1910 წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზისუბანში. 1948 წლის 18 თებერვალს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს მღვდლად. 1971 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.
1976 წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს სიონის ტაძარის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად.
ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. 1977 წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი. 1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა უბოძა.
მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა 1991 წლის თებერვალში. დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძარში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", გვ. 229-230, თბ., 2010
- მარგველაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 157.