ისაია (ჭანტურია)
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
განათლება: | შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი | ||
დაბადების სახელი: | ზურაბ ჭანტურია | ||
დაბადება: | 4 დეკემბერი, 1961 წალენჯიხა | ||
ბერად აღკვეცა: | 1994 წლის 2 აპრილი | ||
დიაკვნად კურთხევა: | 1994 წლის 28 აპრილი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1994 წლის 11 დეკემბერი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 1995 წლის 9 აპრილი | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 2000 წლის 28 ნოემბერი | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 2006 წლის 30 აპრილი |
მიტროპოლიტი ისაია (ერისკაცობაში — ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია; დ. 12 აპრილი, 1961, წალენჯიხა) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე – 9 (22) მაისი, ესაია წინასწარმეტყველის ხსენება; კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში, ცხინვალში, ჯავასა და ახალგორში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიტროპოლიტი ისაია, ერისკაცობაში ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია, დაიბადა 1961 წლის 12 აპრილს ქალაქ წალენჯიხაში. დედა სკოლა-ინტერნატის დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. მე-4 კლასამდე სწავლობდა წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში, მე-5 კლასიდან – წალენჯიხის პირველ საშუალო სკოლაში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ ზურაბ ჭანტურიამ სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ ტექნიკუმში. 1986 წელს ჩაირიცხა თეატრალურ ინსტიტუტში და გახდა კინოფაკულტეტის სტუდენტი.
1993 წელს ზურაბ ჭანტურია შეიმოსა მორჩილის კაბით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის დანიელის ლოცვა-კურთხევით, მაგრამ სულ მალე იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის სამღვდელოებასთან, დევნილ მოსახლეობასთან ერთად გადალახა საკენი-ჭუბერის უღელტეხილი, 15 სექტემბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოებასთან ერთად დაემკვიდრა მარტყოფის მონასტერში. 1994 წლის 11 აპრილს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა მორჩილი ზურაბი-ილია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღკვეცა ბერად და სახელად ისაია უწოდა. იმავე წლის 24 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ისაია აკურთხა ბერ-დიაკვნად, მალევე ბერ-დიაკონი ისაია მცხეთის წმიდა ოლღას დედათა მონასტერში ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1994-1995 წლებში მღვდელმონაზონი ისაია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ასრულებდა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას. 1995 წლის თებერვალში მღვდელ-მონაზონ ისაიას ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიენიჭა იღუმენის წოდება. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – აღსდგა უძველესი ეპარქია ნიქოზისა და ცხინვალისა, რომელიც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. წმიდა სინოდმა იღუმენი ისაია გამოარჩია ახლადაღდგენილი ეპარქიის საჭეთმპყრობლად. 1995 წლის 9 აპრილს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების თანახმად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების თანამსახურებით აღასრულა იღუმენ ისაიას ეპისკოპოსად კურთხევის წესი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა ახალ ეპისკოპოსს მღვდელმთავრის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებები თავის საქმიანობაში. ეპარქია, რომელიც მეუფე ისაიამ ჩაიბარა ერთ-ერთი ურთულესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცხინვალის რეგიონში გარე ძალების წაქეზებით მოხდა დაპირისპირება ოსებსა და ქართველებს შორის. მეუფე ისაიას ძალისხმევით ეპარქიაში ამოქმედდა ნიქოზის ამაღლების, ავნევის ღვთისმშობლის შობის, ქურთის ყოვლადწმიდა სამების, ლარგვისის თეოდორე ტირონის, იკორთას ალექსი ბერის სახელობის დედათა მონასტერი, ავლევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. 2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ეპისკოპოს ისაიას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყეს ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა, განსაკუთრებით სასტიკად დაიბომბა ცხინვალის ქართული სოფლები: თამარშენი, კეხვი, აჩაბეთი, ქემერტი, ქურთა, გორის სოფლები: ტყვიავი, ნიქოზი… მეუფე ისაიას ეპარქია არ მიუტოვებია. როგორც იგი იხსენებდა: „აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა. სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა, სრულიად განადგურდა ბიბლიოთეკა და არქივი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|