დავით V (დევდარიანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით V
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
პროვინცია საქართველოს სსრ
ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 2 ივლისი, 1972
თანამდებობიდან წასვლა 9 ნოემბერი, 1977
წინამორბედი ეფრემ II
მემკვიდრე ილია II
პირადი მონაცემები
საერო სახელი ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1903
დაბადების ადგილი მირონწმინდა
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1977
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავების ადგილი სიონის ტაძარი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი თბილისი
ალმა-მატერი სარგვეშის არასრული სასწავლებელი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავით V[კ 1] (ერისკაცობაში — ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი; დ. 6 აპრილი [ძვ. სტ. 24 მარტი], 1903, სოფ. მირონწმინდა — გ. 9 ნოემბერი, 1977, თბილისი) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972–1977 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ მირონწმინდაში. 1917 წელს დაამთავრა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმეს მონასტერში. 1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) დაადგინა მირონწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. 1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ საქართველოსმართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ; აგრესიული ათეიზმი ცნობილი იყო ეკლესია მონასტრების დაწიოკებითა და ნგრევით. ასეთ ვითარებაში მედავითნე დავითი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მიუხედავად ყველაფრისა მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ გამხდარიყო სასულიერო პირი და თხოვნით მიმართა მარგველ ეპისკოპოს ვარლაამს (მახარაძე), ეკურთხებინა დიაკვნად და განეწესებინა ნებისმიერ ეკლესიაში. 1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელნი და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1928 წელს მამა ხარიტონი, როგორც გამორჩეული სასულიერო პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს ლოცვაკურთხევით დაინიშნა ხარაგაულის ოლქის მთავარუხუცესად. ერთი წლის შემდეგ 1929 წლის 4 მარტს იგი გადაყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ჯერ სიონის, ხოლო 1932 წლიდან ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მსახურად. 1945–1947 წლებში იგი კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის მღვდელმსახურია. 1947 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მოადგილედ, 1949 წლის 6 მაისიდან კი წინამძღვრად. 1955 წლის 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III-ის ბრძანებით აღდგომის დრესასწაულზე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს კი ეპისკოპოსად აკურთხეს (განაგებდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). ამ დროს 1957 წლის 26 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ურბნისის ეპარქიის ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემელის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელმონაზონი გაბრიელ ურგებაძე. 1959–1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1959 წლის 24 ივლისს უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ბრძანებით მარგველი ეპისკოპოსი დავითი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1960 წლის 11 იანვარს უწმიდესი მელქისედეკ III-ის გარდაცვალების მეორე დღეს შეკრებილი სინოდის სხდომაზე ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა სპეციალური წერილობითი განცხადებით უარი თქვა მოსაყდრეობაზე მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ. 1962 წლის 18 თებერვალს უწმიდეს და უნეტარეს ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში. 1962–1965 წლებში მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოვდა წმ. ნინოს და წმ. გიორგის ორდენებით, 1970 წელს მეორე პანაღიის ტარების უფლებით.

პატრიარქობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეხვედრა სომხეთის პატრიარქთან ერევანში. 1972 წლის ოქტომბერი.

1972 წლის 7 აპრილს, დილის 6 საათზე და 30 წუთზე გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. იმავე დღის 13 საათსა და 45 წუთზე საპატრიარქოში შეიკრიბნენ მიტროპოლიტი დავითი, ეპისკოპოსები: ზინობი, გაიოზი, დეკანოზები: პ. ობოლაძე, გ. ჩაჩუა, პ. კოსაჩი, საერო პირნი: ი. ჭეიშვილი, ლ. საღლიანი, ი. სამჭკუაშვილი. გახსნეს პატრიარქის სეიფი, სადაც ინახებოდა 1972 წლის 17 მარტს შედგენილი წერილობითი ანდერძი კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ II-ის ხელმოწერით, რომელშიც ეწერა: „ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს მოსაყდრედ დატოვებული მყავს 1 წლის ვადით ურბნელი მიტროპოლიტი დავითი“. 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს XI საეკლესიო კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში. ინტრონიზაციას ესწრებოდნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი, ეპისკოპოსი გაიოზი, მოსკოვისა და კრასნოდარის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში რუსეთის პატრიარქი), ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოზი ვაზგენ I.

უწმიდესსა და უნეტარესს დავით V-ს ურთულეს პირობებში მოუხდა მოღვაწეობა. 1972-1973 წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედი იყო 50-მდე ეკლესია-მონასტერი და სამლოცველო სახლი, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 60-მდე სასულიერო პირი, მათ შორის: 4 მღვდელთმთავარი, 50 არქიმანდრიტი, დეკანოზი, მღვდელი, 5 დიაკონი. პატრიარქ დავით V-ის ლოცვაკურთხევით მღვდელთმთავრებად იკურთხნენ: დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ღონღაძე 1974 წლის 13 იანვარს და ეწოდა მანგლელი; 1976 წლის 22 მაისს თელავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ცერცვაძე, რომელსაც ეწოდა სახელად გრიგოლი და ჩაბარდა ალავერდი ეპარქია; წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი ავთანდილ სამხარაძე დაინიშნა ბოდბელად 1975 წლის 24 მაისს, რომელსაც სახელად ილარიონი ეწოდა.

პატრიარქი დავით V 1976 წელს ოფიციალურად იმყოფებოდა მოსკოვში, ერევანში. 1976 წელს თბილისში ჩამობრძანდა ბულგარეთის პატრიარქი უწმიდესი მაქსიმე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, ცხუმ-აფახზეთის მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილი) ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ინდოეთში, შეხვდა ქვეყნის პრემიერ მინისტრს ინდირა განდის.

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). იმავე საღამოს 19 საათზე შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). სინოდმა განჩინა: 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი დავით V-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია; 2. უწმიდესი და უნეტარესი დავით V დაიკრძალოს სიონის საპატრიარქო ტაძარში 1977 წლის 15 ნოემბერს; 3. წმიდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებანი ოფიციალურად ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, საერო ხელისუფლებას.

უწმიდესი და უნეტარესი დავით v დაკრძალეს 1977 წლის 15 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში. განსვენებულ პატრიარქს წესი აუგო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ილიამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრების: მიტროპოლიტ ზინობის, ეპისკოპოს გიორგის, ეპისკოპოს გრიგოლის თანამწირველობით. აქვე იმყოფებოდნენ უცხოელი სტუმრებიც: სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი ალექსი, ეპისკოპოსი იობი, ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსი ვაზგენ I.

იყო სსრკ და საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტების წევრი. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით V (კ/პ) - არა ცილ-სწამო! [ზვიად გამსახურდიას შეუფერებელი საქციელის და ქართული ეკლესიის დადანაშაულების საპირისპიროდ]. // ლიტერატურული საქართველო. – 1977. – 1 აპრილი. - გვ.4.
  • დავით V (კ/პ) - გილოცავთ გულწრფელი სიყვარულითა, ქრისტეს შობასა და ახალსა წელსა! // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1974. - თბ.,1974. - გვ.3-4.
  • დავით V (კ/პ) - ეპისტოლე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლადსამღვდელო მწყემსმთავართა, პატიოსანთა მღვდელთა, ღირსთა მღვდელ-მონაზონთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და კეთილმორწმუნე საეროთა მიმართ. (საშობაო ეპისტოლე: თბილისი, 1 იანვარი, 1975 წ.). // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის * კალენდარი 1975. - თბ.,1975. - გვ.3-4.
  • დავით V (კ/პ) - საახალწლო მილოცვა: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა, პატიოსანთა მღვდელთა, ღირსთა მღვდელ-მონაზონთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და კეთილმორწმუნე საეროთა მიმართ. (თბილისი 1 იანვარი, 1976 წ.). // ასავალ-დასავალი. – 2009-2010. – N1(797)~ - გვ.4.
  • დავით V (კ/პ) - საახალწლო მილოცვა: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა, პატიოსანთა მღვდელთა, ღირსთა მღვდელ-მონაზონთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და კეთილმორწმუნე საეროთა მიმართ. (თბილისი, 1 იანვარი, 1976 წ.). // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976. - თბ.,1976. - გვ.3-4.
  • დავით V (კ/პ) - საახალწლო მილოცვა: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა, პატიოსანთა მღვდელთა, ღირსთა მღვდელ-მონაზონთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და კეთილმორწმუნე საეროთა მიმართ. (თბილისი, 1 იანვარი, 1977 წ.). // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1977. - თბ.,1977. - გვ.3-4.
  • დავით V (კ/პ) - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძენო და ასულნო, ქრისტეს მიერ ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო! შობა-ახალ წელიწადს გილოცავთ! // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1973. - თბ.,1973. - გვ.6.
  • Давид V (К/П) – Речь. (10 мая 1976 года). // Журнал Москов. Патриарх. – 1976. - №8. – с.43.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31;
  • მისივე, XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 340.
  • მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, ტ. I, თბ., 2013
  • დავით V (1903-1977) [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (1972-1977 წწ) მოკლე ბიოგრაფიული ცნობა]. // სახალხო გაზეთი. – 1996. – N31. – 23 მარტი. - გვ.3-9.
  • დავით VI (ასეა მოხსენიებული) [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1972-1977 წწ); მოკლე ბიოგრაფიული ცნობა]. // წგ-ში: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. - თბ., 2000. - გვ.210-212.
  • ეფემია (ხინიკაძე) მონაზონი - მოგონებები კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ზე. // საქართველოს მოამბე. – 2008. – N3(11)~ - გვ.50-51.
  • ვეფხვაძე, ი. - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (1972-1977) დავით V (დევდარიანი). // წგ-ში: ხარაგაული. /ი. ვეფხვაძე. - ქთ.,2002. - გვ.362-363.
  • კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). // წგ-ში: XX საუკუნის მოღვაწეები: მათ არ უღალატეს ქრისტეს. - თბ.,2005. - გვ.30-31.
  • კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი) 1972-1977. // წგ-ში: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2009. - თბ.,2009. - გვ.256-263.
  • კოშკაძე, ლ. - მართლა მოწამლეს დავით მეხუთე? [კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის სიკვდილთან დაკავშირებული ხდომილებები და მოსაზრებები]. // ასავალ-დასავალი. – 1996. – N18. - გვ.6.
  • მართლა მოწამლეს დავით მეხუთე? // ივერია [ქართველ ემიგრანტთა გაზეთი; აშშ] – N023. - გვ.10-11.
  • მოღვაწებაი შენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან: უწმიდესი და უნეტარესი დავით V. // საქართველოს მოამბე. – 2008. – N3(11)~ - გვ.45-49.
  • ნასყიდაშვილი, ე. - საქართველოს პატრიარქი დავით V დევდარიანი. // ისტორიული მემკვიდრეობა: სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. – 2013. – N11(40)~ - ნოემბერი. - გვ.24-27.
  • ჟვანია, ზ. - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი დავით V. [ცხოვრება და მოღვაწეობა]. // წგ-ში: ჟვანია, ზ. - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან. - ქთ.,1994. - გვ.39-41.
  • ჩიხრაძე, მ. - ბაბუა თოვლსა და ყივნაში მცხეთაში ფეხშიშველა წასულა სალოცავად. [მოგონებები კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთეზე]. // საქართველოს მოამბე. – 2008. – N3(11)~ - გვ.51-52.
  • ცქიფურიშვილი, გ. – „პატრიარქის [დავითV-ის] გარდაცვალება პიმენმა მამცნო.“ /ინტერვიუ გიორგი ცქიფურიშვილთან, ესაუბრა მანუჩარ კაჭახიძე. // ივერია [ქართველ ემიგრანტთა გაზეთი; აშშ] – N023. - გვ.11.
  • Давида V (Девдариани) 1972-1977 гг. // В-кн: Вси человецы Божии. – б.м., б.г. – с.3-50.
  • Святейший и Блаженейший Католикос-Патриарх всея Грузии Давид V. // Журнал Московской Патриархии. – 1972. — № 8. – С. 48-53.
  • Николай Епископ Владимирский – На торжествах Грузинской Православной Церкви: Интронизация Святейшего Католикоса-Патриарха Давида V. // Журнал Московской Патриархии. — 1972. — № 9. – С. 47-50.
  • Святейший Давид V, Католикос-Патриарх всей Грузии (некролог) // Журнал Московской Патриархии — 1978. — № 1. — С. 59-60.

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა სიაში ცნობილია ორი დავით V. პირველი მოღვაწეობდა XV საუკუნეში, მეორე კი XX საუკუნეში. მართალია ეს უკანასკნელი რიგით მეექვსეა, მაგრამ რადგან იგი ხელს აწერდა დავით V-ის სახელით და დაუმკვიდრდა ეს სახელი, მისი რიგითობა უცვლელი დარჩა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ეფრემ II
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1972-1977
შემდეგი:
ილია II